ევროპის სერია

16:53 | 7.07.2016 | ნანახია 3459 - ჯერ

კახა ალანია: „რუსეთის გასაღები ნაპოვნი გვაქვს“

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ალანია თვლის, რომ ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპზე, გადამწყვეტი პირველი თამაში იქნება, რომელსაც ბიჭები ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

უკენკურენტო საფრანგეთის, რუსეთის და ბრიტანეთის ორი ნაკრების შემდეგ, ესპანეთი გერმანიასთან და პორტუგალიასთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, სამი ეტაპის დასრულების შემდეგ, გერმანიას, საქართველოს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, ბელგიას, პოლონეთსა და ლიტვას შორის ორი უკეთესი, გაისად გაზაფხულზე ჰონკონგში გასამართ მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვებს, საიდანაც დიდ 7-კაცამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

ალანიამ ჩვენთან საუბარში განვლილი, მოსკოვის ეტაპი შეაფასა, მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა და შემადგენლობის შერჩევის პრინციპი გაგვაცნო. სანამ უშუალოდ მთავარ მწვრთნელს მოვუსმენთ, გაგაცნობთ იმ 12 მორაგბეს, რომლებიც საქართველოს სახელს ექსეტერში დაიცავენ:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

კახა ალანია: მოსკოვის ეტაპზე, სადაც სამჯერ ვეთამაშეთ ბრიტანელებს, დებიუტანტი მოთამაშეების სიმრავლის კვალობაზე კარგი რაგბი ვაჩვენეთ. რუსეთთან დასანანი მარცხი განვიცადეთ, ცოტა გამოცდილება რომ გვქონოდა, ორჯერ შეგვეძლო ბრიტანეთის დამარცხება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას გაგვიმართლა კიდეც და ჯამში მეექვსე ადგილზე გასვლის მიუხედავად, ჰონკონგის საგზურისთვის ჩვენი კონკურენტების უმრავლესობა უკან ჩამოვიტოვეთ. მხოლოდ გერმანია გვისწრებს და დარჩენილ ორ ეტაპზე ჩვენი მიზანია ეს ადგილი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ.

  • პირველი გრან პრის შემდეგ ერთთვიანი შესვენება იყო და რომის 7-კაცაზე ითამაშეთ. რა იყო იქ თქვენი მიზანი?
  • რამდენიმე ბიჭის საქმეში ნახვა გვსურდა და მიზანი სწორედ მოთამაშეების გამოცდა იყო. ირაკლი გეგენავა, რომელიც გამოცდილი მოშვიდკაცეა, ფორმიდან იყო ამოვარდნილი და გვსურდა საქმეში გვენახა. ასევე ბექა ურჯუკაშვილი, რომელსაც ორი წელიწადია ვაკვირდებით, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ერთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. რომში ის მორაგბეები წავიდნენ, რომლებიც მოსკოვში არ იყვნენ და საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს, შედეგიც ნორმალური იყო - გუნდი ოთხეულში მოხვდა. ზემოთნახსენები ორი მორაგბის გარდა, გვაინტერესებდა გიორგი შკინინის მდგომარეობა. მისი შესაძლებლობა ყველამ იცის, უბრალოდ ტრავმა ჰქონდა და კონდიციების გადამოწმება იყო საჭირო. სამივე მათგანმა ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენთან ერთად ექსეტერში მოდიან.
  • მეორე ეტაპს ექსეტერში ვთამაშობთ, სადაც მეტოქეები რუსეთი, ესპანეთი და ლიტვა არიან. მათ როგორ დაახასიათებთ?
  • ესპანეთი ძალიან კარგ ფორმაშია, ცოტა ხნის წინ მონაკოში ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი მოიგო და ბრაზილიაში მიდის. თუმცა, მოსკოვში ჩვენ მას უმნიშვნელოვანესი თამაში მოვუგეთ, რის ხარჯზეც გრან პრიზე ახლა მათზე წინ ვართ. მათთან პირველივე შეხვედრა გვიწევს და ფაქტობრივად, ეს იქნება ფინალის ტოლფასი თამაში. ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოვიგოთ, რათა მეოთხედფინალში შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდეს და მერე ოთხეულში შესვლის ძალიან კარგი შანსი გვექნება. ამიტომ, ესპანელებთან მატჩს დიდი დატვირთვა აქვს და ვნახოთ რა გამოვა.

რუსეთის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ და მათ ახალი გუნდით ვეთამაშებით თუ გამოცდილებით, მისი გასაღები ნაპოვნი გვაქვს. რუსეთს ბოლო სამ წელიწადში გადამწყვეტი თამაში ბევრჯერ მოვუგეთ. მოსკოვში რომ წავაგეთ, ეს იყო დასანანი შემთხვევითობა. პირველ თამაშში შერკინების ორი მორაგბე დაგვემტვრა და ბოლოს სწორედ ეს რესურსი არ გვეყო, ჩვენი 22-იდან ვერ გავედით. ლიტვას ფიზიკურად რამდენიმე ძლიერი ბიჭი ყავს და მთავარია მათი შეჩერება მოვახერხოთ, რის შემდეგაც თამაში აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

მოკლედ, ექსეტერში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხოთ ესპანეთი, ლიტვას დარწმუნებული ვარ მოვუგებთ და რა თქმა უნდა გვსურს, რომ რუსეთთანაც გამარჯვებულები დავრჩეთ. გვინდა მეოთხედფინალში კარგი რეიტინგით გავიდეთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ ორი თამაშის დაძაბულ ბრძოლაში წაგების შემთხვევაში, ლიტვის ძლევით მაინც შეგვეძლება მეოთხედფინალში გასვლა და შემდეგ ექვსეულისთვის ბრძოლა.

  • ექსეტერიდან ერთ კვირაში ევროპის გრან პრის დასკვნითი ეტაპი გვაქვს პოლონეთში, ქალაქ გდინიაში. თუ შევძელით და მოვიპოვეთ ჰონკონგის საგზური, იქ რისი იმედი უნდა გვქონდეს?
  • ჰონკონგში ტურნირი თებერვლის ბოლოს, მარტში გაიმართება და ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ შესარჩევი ეტაპით მსოფლიო სერიის საგზური მოვიპოვოთ. ეს თემა მილტონ ჰეიგთან გავლილი გვაქვს და თუ ჰონკონგში მოვხვდით, მთელს რესურს ამ მიმართულებით გადავისვრით. თუ შევძელით მსოფლიო სერიის მუდმივი საგზურის დაბევება, ჩამოვაყალიბებთ 15-18 კაციან ბირთვს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი დონის ტურნირებს ითამაშებს და მერე მათი მინიმუმ ნახევარი ეროვნულ ნაკრებს გამოადგება. თუმცა, ამის მიღწევა იოლი არ იქნება, საჭიროა, რომ მინიმუმ ჰონკონგში რეგულარულად ხვდებოდე.
  • ექსეტერში წამსვლელ მოთამაშეთა სიას თუ გადავხედავთ, მათი უმრავლესობა გამოცდილია, თუმცა არის ნაკლებად ცნობილი გვარებიც.
  • ერთ-ერთი ასეთი „ჯიქის“ ცენტრი რევაზ ჯინჯიხაძეა, რომელიც ამსტერდამის და საფრანგეთის ტუნირებზე ვნახეთ. ის გამორჩეულად კარგი დამცველია, ფაქტობრივად ყველა თამაშიდან, ყველაზე მეტი ბოჭვით გამოდის, რაც 7-კაცაში უმნიშვნელოვანესია. მეტი სამუშაო აქვს ბურთთან, პასის ტექნიკაზე, თუმცა თავისი შრომით და ბოჭვებით მოიპოვა გუნდში ადგილი. ნიკა გიგაური ახალგაზრდა, 21 წლის ბიჭია და თამაშობს როგორც მესამე ხაზს, ასევე ცენტრს. ის ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ჭკვიანი მოთამაშეა. ინფორმაციას სწრაფად ითვისებს და ყოველთვის ცდილობს დავალება 100%-ით შეასრულოს. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი აქვს. სოსო მათიაშვილს ჩვენთან ადრეც უთამაშია. ის ბოლო ორ წელიწადში ძალიან გაიზარდა და ტიპიური სპორტსმენია თავისი მიდგომით. მიშა გაჩეჩილაძე არის აგრესიული მოთამაშე და მისი მსგავსი გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს. გარდა ამისა, აქვს კარგი ოფლოუდი, ბოჭვებში მაგარია, მიწაზე თამაშისას კარგად მუშაობს.
  • იყო მოლოდინი, რომ მეორე და მესამე ეტაპისთვის 7-კაცა ნაკრებს მოთამაშეები ეროვნული ნაკრებიდანაც დაემატებოდნენ.
  • ეროვნულის ბიჭებმა კუნძულებზე ძალიან დიდი შედეგი დადეს და ამაში ყველაფერი ჩადეს. დაღლილები იყვნენ და ვარჩიეთ, რომ მათთვის დასვენების საშუალება მიგვეცა. გიორგი ფრუიძეს პოლონეთის ეტაპისთვის დავიმატებთ, მანამდე აუცილებელი იყო, ორი კვირა დაესვენა და შესაბამისად, მისი ექსეტერისთვის მომზადება ვერ ესწრებოდა. მას მგზავრობითაც არ გადავღლით და ორშაბათს პირდაპირ პოლონეთში ჩავა. გუნდიც ინგლისიდან პირდაპირ პოლონეთში მიემგზავრება და იქ გვექნება ხუთდღიანი შეკრება.

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:41 | 08.07.2016
dinamo222 (692)

ის ინგლისელი თუ შოტლანდიელი რა უყვეს ?

13:59 | 08.07.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

23:24 | 07.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

18:34 | 07.07.2016
iberiana (33)

გეწეოდეთ უფალი! ჰონკონგში!

0.086905