57 წლის კოლინ კუპერი ორი წლით ახალი ზელანდიის მეორე გუნდის, „მაორი ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად რჩება. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2016 წლის ნოემბრის ტურნეზე და 2017 წლის ზაფხულში „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ წინააღმდეგ ითამაშებს.
კუპერი ზელანდიის შიდა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, ITM ქაფ-ის კლუბ „ტარანაკის“ მთავარი მწვრთნელია და პარალელურად, 2013 წლიდან „მაორებს“ ავარჯიშებს. სწორედ მის ხელში ამობრწყინდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ელიოტ დიქსონი, ლიამ სკვირი, ჩარლი ნათანი, დამიენ მაკკენზი, ბრედ უებერი და ჯო მუდი არიან.
იყო ვარიანტი, რომ „მაორები“ სტუმრდ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და 4 ნოემბერს კუპერის შეგირდები ჩიკაგოში აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ, რის შემდეგაც ევროპაში გადაინაცვლებენ და 11 ნოემბერს ირლანდიურ „მანსტერს“, ხოლო 18-ში ინგლისურ „ჰარლექუინსს“ შეხვდებიან. 2017 წლის 17 ივნისს „მაორები“ როტორუაში „ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს“ უმასპინძლებენ და როგორც 57 წლის სპეციალისტი ამბობს, სწორედ ეს გახდა პოსტზე დარჩენის მთავარი მოტივატორი.
„მოტივირებული ვარ და ვრჩები გუნდის ნაწილად. „მაორი ოლ ბლექსი“ უკვე არის მდიდარი ისტორიის მატარებელი და ის ახალი ზელანდიური რაგბის განუყეფელი ნაწილია“ - ამბობს კუპერი.
შეგახსენებთ, რომ „მაორებში“ მხოლოდ ის მოთამაშეები ხვდებია, რომლებიც ადგილობრივი ტომის შთამომავლები არიან და მათი წარმომავლობის გენეოლოგია მკაცრად კონტროლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია