ოლიმპიადა

18:31 | 6.07.2016 | ნანახია 3010 - ჯერ

7-კაცას მიზანი ექსეტერში - მინიმუმ მეოთხედფინალი

უკვე ვწერდით, რომ შაბათ-კვირას საქართველოს 7-კაცა ნაკრებს ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე, ექსეტერში მოუწევს თამაში და იქ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად რუსეთის, ესპანეთის და ლიტვის ნაკრებები იქნებიან.

გუნდმა პირველი, მოსკოვის ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და პროგრამა მინიმუმი არა მხოლოდ ექსეტერში, არამედ სამეტაპიან გრან პრიზე ამავე პოზიციის შენარჩუნებაა. გრან პრიზე მოთამაშე 12 გუნდიდან ოთხი - საფრანგეთი, რუსეთი და ბრიტანეთის ორი წარმომადგენელი [ინგლისი და უელსი], მომავალ წელს მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეები იქნებიან და მათ გარდა ორი საუკეთესო, გაისად გაზაფხულზე ჰონკონგში გასამართი ტურნირის საგზურს მიიღებს.

სწორედ ამ ტურნირზე გათამაშდება მსოფლიო სერიის დამატებითი საგზურები და საქართველოს ნაკრების მიზანი ამ ეტაპზე ჯერ ჰონკონგში გამგზავრებაა. მოცემული მომენტისთვის, საქართველო ამ ბრძოლაში გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა. გრან პრის პირველ ეტაპზე და მეორეს პერსპექტივებზე გუნდის მწვრთნელი ზაზა ლეჟავა საუბრობს.

ზაზა ლეჟავა: პირველი, მოსკოვის ეტაპით კმაყოფილები დავრჩით. ჩვენი მიზანია გავასწროთ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპისთვის ჩვენი კუნკურენტები არიან. ეს მოვახერხეთ და პირველი ეტაპის შემდეგ, მხოლოდ გერმანიაა ჩვენზე წინ. გამოჩნდა, რომ ჰონკონგში მოხვედრის რეალური შანსი გვაქვს და ვეცდებით საწადელს მივაღწიოთ.

  • ექსეტერში პირველი თამაში უახლოეს მდევარ ესპანეთთან გვაქვს და მის გარდა ჯგუფში რუსეთი და ლიტვა გვყავს.
  • ესპანეთი უშუალო კონკურენტია ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში და მასთან პრინციპული თამაში გველის. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და უნდა დავამტკიცოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. ჩემი აზრით, ლიტვა შარშან უკეთესი გუნდი იყო. გასათვალისწინებელია, რომ ამ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, სამხრეთ აფრიკელი და შესაძლოა, ის თავის გეგმას ალაგებს. გარდა ამისა, მოსკოვში მათ ორი ბიჭი აკლდათ, რომლებიც ინგლისში თამაშობენ. სავარაუდოდ, ისინი ექსეტერში იქნებიან და დარწმუნებული ვარ, ლიტვა მეორე ეტაპზე უკეთესი გუნდი იქნება. ზოგადად, 7-კაცა ისეთი თამაშია, სადაც ყველა მოწინააღმდეგე უნდა დააფასო, თორემ აქ შეიძლება ყველას მოუგო და ასევე, ყველასთან წააგო.
  • რუსეთის ნაკრებზე რას გვეტყვით, რომელმაც მსოფლიოს სერიებში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.
  • რუსეთი ევროპაში საფრანგეთის და ბრიტანული გუნდების შემდეგ მე-4 გუნდია. სწორედ ამ სიძლიერის შედეგია მსოფლიო სერიაში რომ მონაწილეობს. რუსებმა მთელი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი 7-კაცასკენ მიმართეს და ეს შედეგზეც აისახა. თუმცა, ჩვენ რუსეთს შარშან მოსკოვში მოვუგეთ, ტრადიციულად, რუსებს ჩვენთან ძალიან უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გუნდით არ მივდივართ, გვაქვს ამბიცია, რომ პირველ დღეს ექსეტერში სამივე თამაში მოვიგოთ და პლეი ოფში უკეთესი განთესვით გავიდეთ. თუმცა პლეი ოფში გასვლა ერთი თამაშის მოგებითაც შეიძლება.

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:07 | 07.07.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.081547