საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გაისად ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წელს ითამაშეს და სადებიუტო შეხვედრის გარდა, სადაც ახალმა ზელანდიამ 55:0 იმარჯვა, ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლეს. ჯგუფურ ეტაპზე, მსაჯის „უყურადღებობას“ უელსთან 9:10 მარცხი და პირველი პრემიალური ქულის აღება მოყვა, ირლანდიასთან 72 წუთი კაცნაკლულად ბრძოლის შედეგი კი, 7:35-ია. მეტოქემ მხოლოდ გაწითლებულ დროზე შეძლო მეოთხე, პრემიალური ლელოს დადება.
ამას მოყვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება პლეი ოფის ნახევარფინალში იტალიასთან. საქართველოს ნაკრები სრულად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, მეტოქეს სამი ლელო დაუდო და თავად ბოლო წუთზე მეორე მიიღო, მაგრამ ეს აღარაფერს ცვლიდა - 18:17. IX ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა შედგა საფრანგეთთან. გუნდებმა სამ-სამი ლელო დადეს, თუმცა მეტოქემ ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა და 24:27. საფრანგეთი ერთ-ერთია, ვისთანაც გაისად ჯგუფურ ეტაპზე მოგვიწევს თამაში. მომავალმა მეტოქეებმა წელს ინგლისში ორჯერ ითამაშეს და არგენტინამ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკას 19:13 მოუგო, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში 49:19 დაამარცხა.
საქართველო C ჯგუფში ითამაშებს, ხოლო A ჯგუფში მოქმედი ჩემპიონის, ინგლისის მეტოქეები ავსტრალია და უელსი, ასევე 12-გუნდა ელიტაში წელს დაბრუნებული სამოა იქნებიან. B ჯგუფში ფინალისტი ირლანდია ახალ ზელანდიას, შოტლანდიას და იტალიას შეხვდება.
მატჩების განრიგი და თამაშების ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია. ტურნირი 2017 წლის ივნისში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება - დედაქალაქი ორს, ხოლო ქუთაისი ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ჯანდაბაა ეს ერთი თამაშის მოგებაზე ოცნება...
ჩვენს მშიშარა მწვრთნელებს რომ არ დაეგრუზათ ბიჩები მხოლოდ "მეოთხე" თამაშის შესაძლო მოგებაზე ეს ნაკრები ფურორს მოახდენდა ამ ჩემპიონატზე. დაიხვიეს ენაზე პირველად ვართ მსოფლიო თასზეო... ყოველ წელს ყველა გუნდი პირველად მიდის მსოფლიო თასზე იმიტომ რომ ესაა 20 წლამდე ჩემპიონატი და ასაკის ზრდასთან ერთად ემშვიდობებიან ნაკრებს. ერთადერთი ვინც პირველად იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატზე ესენი ჩვენი გამოუცდელი მწვრთნელები იყვნენ და ნეტავ რამდენი ჩემპიონატი დაჭირდებათ რომ ნაკრებისთვის საჭირო გამოცდილება შეიძინონ?
ამ მწვრთნელებს საერთოდ არ აქვთ სპორტული ჟინი და ისინი ვერასდროს შეძლებენ ერთზე მეტი თამაშის მოგებას. გუნდს არ ქონდა რწმენა რომ მოიგებდა თორემ ორ თამაშს წელსვე მოიგებდნენ.
კატეგორიულად მიუღებელია არგენტინასთან წაგება! იმიტომ რომ ჩვენს დიდ ლომებს რაღაცნაირი კომპლექსი გაუჩნდათ ამ წაგებების რომელიც ყველა სანაკრებო დონეზე მიდის. აუცილებლად უნდა დავამარცხოთ არგენტინა ეს არამარტო ამ ნაკრებისთვის იქნება სედეგის მომტანი არამედ დიდი ფსიქოლოგიური მუხტი იქნება უფროსებისთვისაც და მომავალი ნაკრებისთვისაც.
რა ჯანდაბას აკეთებს ფედერაცია მომავალი მსოფლიო თასისთვის? რატომ ამ ზაფხულშივე არ იკრიბება მომავალი ნაკრები? იმიტომ ხომ არა რომ მერე იძახონ ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლადო?! ნაკრებმა რომელმაც გაისად უნდა ითამაშოს მსოფლიო თასზე ევროპის ვიცე ჩემპიონია და ვერავინ ირყვის რომ გამოცდილება არ აქვთ. მინიმუმ სამი შეკრება უნდა გაკეთდეს წელს ზაფხულში ან სექტემბრის დასაწყისში, ზამთარში სადმე თბილ ქვეყნებში (თუნდაც ოკეანეთში) და რა თქმა უნდა ჩემპიონატის წინ.
მოიყვანეთ მაღალი კლასის მწვრთნელი, რომელიც მარტო ბიჭებს კი არ გაწვრთნის ჩვენს მწვრთნელებსაც ჩაუტარებს მასტერკლასს!
მელიტონა2 გვინდა ახალგაზრდულ ნაკრებში - მცოდნე, გამოცდილი, უშიშარი და დისციპლინის მოყვარული. მწვრთნელი რომელიც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს, და მწვრთნელი რომელსაც ხმა არ აუკანკალდება თქვას რომ ყველა თამაშს მოიგებს... თუნდაც სამხრეთ აფრიკას (იაპონიამ თუ შეცლო ჩვენ რით ვართ მათზე ნაკლები).
წარმატებები
მართლაც შესაძლებელია ჯგუფურ ეტაპზე 1 თამაშის მოგება და 10-ეზე უფრო მაღალი ადგილის დაკავება
ნორმალური ჯგუფია. და შეიძლება 1 მოგების დამიზნება ჯგუფურ ეტაპზე. წარმატებები.
ქომაგებმა სტადიონები უნდა გადავავსოთ.
სამივესთან შეიძლება ბრძოლა და წარმატებაზე ფიქრი.