ტოპ 14

11:07 | 5.07.2016 | ნანახია 1856 - ჯერ

ტომანე „მონპელიეს“ გააძლიერებს

ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და „ბრამბისის“ გარემარბი ჯო ტომანე მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილისა და კოტე მიქაუტაძის „მონპელიეს“ გააძლიერებს.

26 წლის მორაგბემ დაადასტურა, რომ საფრანგეთში სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მას ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება არ ექნება, რადგან დღემდე მის ანგარიშზე მხოლოდ 17 სანაკრებო კეპია, ხოლო იქ მოქმედი წესის თანახმად, „ვოლაბებში“ მხოლოდ იმ ლეგიონერებს ეძლევათ თამაშის უფლება, რომელთაც ეროვნული გუნდის კვართი მინიმუმ 60 თამაშში მოურგია.

„მონპელიეს“ თავკაც ჯეკ უაითთან ტომანეს ადრეც უმუშავია. გარდა ამისა, მას ფრანგულ კლუბში ორი ყოფილი თანაგუნდელიც დახვდება - ნიკ უაითი და ჯესი მოგი. ჯომ აღნიშნა, რომ მომავალში ავსტრალიაში აუცილებლად დაბრუნდება, რათა სანაკრებო კარიერა გააგრძელოს:

„მაქვს იმედი, რომ „ვოლაბებში“ აუცილებლად დავბრუნდები. მანამდე მაქსიმუმს გავიღებ „ბრამბისისთვის“.

ავსტრალიური კლუბის დროებითი გენერალური დირექტორი ფილ ტომსონი ამბობს, რომ ეს მათთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა იმდენად საინტერესო იყო წინადადება, ტომანეს და მის ახალგაზრდა ოჯახს ამ შანსზე უარს ვერ ეტყოდა:

„ჯო უნიჭიერესი მოთამაშეა და მან უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის ყველაზე პოპულარული მოთამაშეა გულშემატკივრებს შორის, რომელთაც მისი წასვლით გული დაწყდებათ. ვიმედოვნებ, მას ავსტრალიურ რაგბიში მომავალში კვლავ ვიხილავთ“.

„ჯოს ძალიან კარგი წელიწადი ჰქონდა, სანამ მუხლის ტრავმას მიიღებდა. რომ არა ტრავმა, ის აუცილებლად იქნებოდა „ვოლაბების“ შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ. ვიცი მას როგორ შესტკივა გული საკუთარი ქვეყნისთვის და როგორ განიცადა მარცხიანი სერია. ტომანეს წასვლით გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ჩვენ ბევრს ვერაფერს შევცვლით, თუკი მოთამაშით უცხოური კლუბები დაინტერესდებიან. რეალურად, მისი კარიერისთვის და ოჯახისთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იყო“ - დაამატა „ბრამბისის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ლეკჰემმა.

ტომანე მეხუთე სეზონია „ბრამბისში“ თამაშობს და ამ პერიოდში ჩატარებულ 68 მატჩში 25 ლელო გაიტანა. მიმდინარე სეზონში, სანამ მუხლს დაიზიანებდა, მან 8 თამაშში 6 ლელო დამიწა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08704