არგენტინულმა „იაგუარესმა“ სუპერ რაგბიში მესამე გამარჯვება დღეს გამთენიისას ბუენოს აირესში იზეიმა. მე-15 რაუნდი სწორედ არგენტინელებისა და სამხრეთაფრიკული „ბულსის“ დაპირისპირებით დასრულდა, სადაც მასპინძლებმა აფრიკელებს 29:11 სძლიეს.
მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა და „ხოსე ამალფიტანი სტედიუმი“ მხოლოდ ნახევარამდე იყო სავსე. არგენტინელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა კაპიტანმა აგუსტინ კრევიმ - სამიდან ორი ლელო სწორედ კვაჭმა დადო.
ანგარიში „ბულსის“ მგეზავმა ფრანსუა ბრამერმა საჯარიმო დარტყმის შედეგად მე-8 წუთზე გახსნა, რასაც ნიკოლას სანჩესმა სამ წუთში ზუსტად შესრულებული ჯარიმითვე უპასუხა. მე-13 წუთზე „იაგუარესმა“ პირველი ლელო დადო - მარცხენა ფრთაზე მანუელ მონტეროს გარღვევის შემდეგ მასპინძლები ლელოსთან ახლოს იყვნენ, „ბულსი“ დაცვაში კარგად იდგა და ორი მიძალება მოიგერია, თუმცა ბურთი გათამაშდა, მესამეხაზელი პაბლო მანტერა სიტუაციაში გაერკვა და ძელებსშუა დაამიწა, სანჩესის გარდასახვა ზუსტია - 10:3. 21-ე წუთზე, აუტის შემდეგ, არგენტინელებმა ბრწყინვალე მოლი ააგორეს, რომელსაც ბოლოში აგუსტინ კრევი ჩაუდგა. მოლმა 20-22 მეტრი გაიარა და კრევიმაც ლელოში დაამიწა. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და პირველი ნახვერის ანგარიში - 15:6.
მეორე ტაიმის ანგარიში სანჩესმა ჯარიმით გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე კრევიმ თავისი მეორე ლელო მიითვალა - მან ამჯერადაც აუტის შემდეგ აგორებული მოლის წყალობით დაამიწა, თუმცა ამჯერად მოლს მხოლოდ ხუთი მეტრის გავლა დაჭირდა. ხუთ წუთში „ბულსმა“ თავისი პირველი და უკანასკნელი ლელო დადო ამ მატჩში, თავი შეცვლაზე შესულმა ჰავბეკმა პიტ ვან ზილმა გამოიჩინა, რომელმაც ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ბურთი ლელოში გადადო. მატჩის დასრულებამდე სანჩესმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:11.
ტურნირის დებიუტანტ „იაგუარებისთვის“ ეს მესამე გამარჯვება იყო, ისინი 18 ქულით მე-14 ადგილზე არიან. „ბულსს“ კი 32 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის იმედი გადაეწურა.
არგენტინულ მატჩამდე სამხრეთაფრიკულმა „კინგსმა“ შარშანდელ ჩემპიონ „ჰაილენდერსს“ უამსპინძლა და 18:48 წააგო. ახალზელანდიელებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაჩაგრეს მეტოქე, საბოლოო ჯამში მათ „კინგსის“ ორი ლელოს წილ, შვიდის დადება მაოხერხეს და შესაბამისად, ბონუს-ქულაც მიიღეს. სტუმართაგან გამორჩეული იყო ფულბეკი მეტ ფედესი, რომელმაც სამი ლელოს დადება მაოხერხა. „ჰაილენდერსი“ 43 ქულით საერთო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „კინგსი“ 9 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილს იკავებს.
სუპერ რაგბის შემდეგი, მე-16 რაუნდი 8 და 9 ივლისს გაიმართება.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია