სუპერ რაგბის შემდგომი გაფართოების შემთხვევაში, არაა გამორიცხული ფრანშიზები წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში შეიქმნას, წერს ახალზელანდიური ავტორიტეტული გამოცემა.
SANZAAR-ი კუნძულებზე - ფიჯის, სამოასა და ტონგას ერთობლივი გუნდის შექმნაზე ადრეც მსჯელობდა, მაგრამ იდეა ვერ განხორციელდა, სავარაუდოდ, კომერციული მოსაზრებების გამო. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ენდი მარინოსი დაინიშნა, რომელმაც კუნძულებზე გუნდის შექმნის იდეა კვლავ წამოჭრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ გზით ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოთამაშეთა მასობრივი გადინება შეჩერდება.
„წყნარი ოკეანის კუნძულებზე ფრანშიზის შექმნის საკითხს დეტალურად განვიხილავთ. ჩვენ მათი იგნორირება უბრალოდ არ შეგვიძლია. როდესაც სუპერ რაგბის შემდგომ გაფართოებაზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, უწინარესად კუნძულელებს მოვიაზრებთ. ანალიზისთვის მათგან ინფრასტრუქტურაზე სრული ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა, ამ ეტაპზე მეტ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი“ - ამბობს მარინოსი.
შეგახსენებთ, 1 ივლისს, პირველად სუპერ რაგბის ისტორიაში ამ ტურნირის მატჩი ფიჯიზე, ქალაქ სუვაში გაიმართა, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა. ეს ერთგვარი დაზვერვა უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების წინ. ერთმანეთს ახალზელანდიური „ჩიფსი“ და „კრუსეიდერსი“ ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა კუნძულებზე წვიმების სეზონია და თამაშმაც თავსხმაში ჩაიარა, ტრიბუნები პირთამდე იყო შევსებული.
ეს უკვე კარგი წინაპირობაა და ამასთან, არაა გამორიცხული, კუნძულელთა ფრანშიზის შექმნის შემთხვევაში ეგრეთწოდებული ჰიბრიდული პრინციპი იქნას გამოყენებული. მსგავსი რამ იაპონური „სანვულვზის“ შემთხვევაში გამოიყენება და ის ტოკის გარდა საშინაო შეხვედრების ნაწილს სინგაპურში მართავს. ფიჯი და სამოა პირობას დებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტრიბუნებზე დასწრების სავალდებულო მაჩვენებელს უზრუნველყოფს, ხოლო საშინაო შეხვედრების ნაწილს ახალ ზელანდიაში, კერძოდ ოკლენდში გამართავს, სადაც კუნძულელთა დიდი დიასპორაა და ამით დამატებით შემოსავალი გაჩნდება.
„ნიუ ზელანდ გერალდის“ აზრით, კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის ფრანშიზიც მომავალში შესაძლოა სუპერ რაგბიში ჩაერთოს, ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩრდილოამერიკული ბაზარი დიდი ხანია იზიდავს საერთაშორისო რაგბის და გასულ სეზონში იქ ინგლისის პრემიერშიპის შეხვედრა გაიმართა, ხოლო ჩიკაგოში „ოლ ბლექსი“ ავსტრალიას უნდა ეთამაშოს. ამ ქვეყნის კომერციული წარმატებები დამატებით წარდგენას არ საჭიროებს და თუ ფრანშიზი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მაგალითად სან-ფრანცისკოში იქნება ბაზირებული, ახალ ზელანდიურ და ავსტრალიურ კლუბებს არც ისე შორს მოუწევთ გადაფრენა.
და ბოლს, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სუპერ რაგბიში ესპანური ფრანშიზის ჩართვის ვარიანტია. სუპერ რაგბიში ბარსელონას ფრანშიზის ჩართვის საკითხი აგუსტინ პიშოტმა ჯერ კიდევ მაშინ წამოჭრა, სანამ „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა. მის უპირატესობაზე საუბრისას არგუმენტად მდიდარი სატელევიზიო ბაზარი და სამხრეთ აფრიკასთან თანხვედრი სასაათე სარტყელი სახელდებოდა. ცოტა ხნის წინ „კამპ ნოუზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალი გაიმართა და მაყურებელთა დასწრების კუთხით რეკორდი დამყარდა - ტრიბუნებზე 99-ათასზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა, რაც ამ იდეის განხორციელებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ბოლო დროს ესპანური რაგბი პროგრესირებს, მაყურებელთა დასწრების კუთხით რეკორდი შიდა გათამაშებაშიც დამყარდა, ქვეყნის 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვეს და ეროვნული გუნდიც ნატურალიზირებული მოთამაშეების ხარჯზე გვარიანად მოძლიერდა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი ფული რას შვება მე მაგათი ................
რა ესპანეთი შიგნით ხო არ აქვთ
ეს კუანები თუ იქ მიიღეს აღარ ყოფილა ჩვენი საშველი
მაგენი სადაც უნდათ იქ მიიღონ, ოღონდ რადგან ჩვენზე დაბლა იქნებიან, უნდა მოგვეცეს ჩვენც უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალება.
რათქმაუნდა