სუპერ რაგბის მე-15 რაუნდის მატჩში ავსტრალიურმა „ვარატასმა“ სტუმრად იაპონური „სანვულვზი“ 57:12 გაანადგურა და საპლეიფო მე-7 ადგილამდე აღზევდა. ტოკიოში გამართულ შეხვედრაში სტუმარი გუნდი სრულად დომინირებდა. „ვარატასმა“ იაპონურ გუნდს 9(!) ლელო დაუდო, „სანვულვზმა“ კი მხოლოდ ჯარიმებით შეძლო ქულების დაგროვება.
ანგარიში „ვარატასმა“ მე-11 წუთზე გახსნა - შუამარბმა რობ ჰორნმა ცენტრში იაპონელთა დაცვის ხაზი კარგად გაჭრა და თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა, იგი შებოჭეს, მაგრამ ჰავბეკ მეტ ლუკასის ლელო მაინც ვიხილეთ, ბერნანდ ფოლიმ გარდასახვა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ „სანვულვზმა“ სამი ჯარიმა გაიტანა და წინ გავიდა, მაგრამ ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა. პირველი ტაიმის დასრლებამდე „ვარატასმა“ კიდევ სამი ლელო დადო, საიდანაც ფოლიმ ორი გარდასახა. იაპონელებმა კი მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანაღა მოახერხეს და პირველი ნახევრის ანგარიში - 12:26.
იაპონელები მეტოქეს წინააღმდეგობას პირველ ტაიმში ცოტათი მაინც თუ უწევდნენ, მეორე ნახევარში ისინი უშანსოდ იყვნენ და ქულაც კი არ მოუპოვებიათ. „ვარატასისგან“ განსაკუთრებით გამოსარჩევი გარემარბი რის რობინსონი იყო, რომელმაც 45-ე და 48-ე წუთებზე დაახლოებით ერთნაირ სტილში დადო ლელოები. რობინსონის მსგავსად დუბლი შეასრულა მეტ ლუკასმაც, მან 58-ე წუთზე თავისი გუნდის მე-7 ლელო დადო. მატჩის დასრულებამდე ლელოებით თავი გამოიჩინეს შეცვლაზე შესულმა მეტ კარარომ და ახალგაზრდა გარემარბმა ტაქელე ნაიარავორომ.
ამრიგად „ვარატასმა“ 57:12 იმარჯვა, რა თქმა უნდა, ბონუს-ქულაც მიითვალა და 39 ქულით ავსტრალიის კონეფრენციაში მე-2, ხოლო საერთო ცხრილში საპლეიოფო მე-7 ადგილზე აღზევდა. იაპონელებს კი ისევ 9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფებიან.
დღის მეორე მატჩი ველინგტონში შედგა, სადაც ადგილობრივი „ჰარიქეინსი“ „ბლუზს“ დაუხვდა და 37:27 დაამარცხა. მასპინძლები პირველ ტაიმის ბოლოს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, თუმცა შეძლეს შეხვედრის შემოტრიალება და მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს. პირველ ნახევარში „ბლუზიდან“ ლიდერი ჯერემი კაინო იყო გამოსარჩევი, მესამეხაზელმა ორი ლელოს დადება მოახერხა, მასპინძლებს კი ბოდენ ბარეტი ჩვეულად უძღვოდა წინ.
ამ გამარჯვების შემდეგ „ჰარიქეინსი“ საპლეიოფო ზონას დაუბრუნდა, იგი 44 ქულით მე-6 ადგილზეა. „ბლუზს“ 30 ქულა აქვს და საერთო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია