საერთაშორისო

13:17 | 2.07.2016 | ნანახია 2965 - ჯერ

ჯონსი იაპონელებს პროფესიონალიზმს უწუნებს

იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი და ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში იაპონიაში რაგბი სამოყვარულო დონეზეა.

მისი აზრით, თუ აზიელებს სურთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე მასპინძლობის გარდა სპორტული შედეგიც ჰქონდეთ, საქმისადმი უფრო პროფესიონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ.

2015 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიის ნაკრების წარმატებული თამაში სწორედ ჯონსს უკავშირდება, რომელიც გუნდს ბოლო რამდენიმე წელიწადი ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ნახევრად ავსტრალიელი და ნახევრად იაპონელი სპეციალისტი, იაპონიის რაგბის კავშირს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარა, რამაც საბოლოოდ იაპონური „სანვულვზის“ სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩართვა გამოიწვია. მაგრამ „სანვულვზის“ გაწვრთნა ედის არ ანდეს და მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მან ინგლისის ნაკრების წინადადება მიიღო. შედეგად, გუნდს 9-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა და ინგლისი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა.

„იაპონური რაგბი ახლა იმ დონეზეა, რის შემდეგაც შესაძლოა სერიოზული პროგრესის დაწყება, ან პირიქით, სტაგნაცია და ვარდნა“ - განაცხადა ედიმ 1 ივლისს, როდესაც „მზის მგლების“ ვარჯიშს დაესწრო.

ავსტრალიელის აზრით საჭიროა, რომ იაპონური რაგბი სრულად გადაეწყოს პროფესიონალურ სტრუქტურაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ტოპ-ლიგა, სადაც სამხრეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავები დიდი ფულის გამო სათამაშოდ მასობრივად მიდიან, ჯერაც არაა სრულად პროფესიონალური და იქ მოყვარულებიც მრავლად თამაშობენ. გარდა ამისა, თავად იაპონიის რაგბის კავშირიც სამოყვარულო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში რაგბის განვითარებაა.

„თქვენ საქმიანი ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც ამ საკითხს ბიზნესის კუთხით მიუდგებიან და პროფესიონალები იქნებიან“ - აძლევს იაპონელებს რჩევას ჯონსი.

მან კონკრეტულ მაგალითად ინგლისის ეროვნული ნაკრების 21 წლის მოთამაშე მარო იტოჯე მოიყვანა და იაპონელებს ურჩია, ამ გზით მოახდინონ ახალგაზრდების ინტეგრირება პროფესიონალურ რაგბისა და ეროვნულ ნაკრებში:

„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა. ის უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ უკვე თამაშობს პროფესიონალურ რაგბის. ამასთან, იაპონელები უნდა იყვნენ უფრო აგრესიულები ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევისას და მათი პროფესიონალურ კლუბებში მოწყობისას“.

ჯონსმა გააკრიტიკა იაპონიის რაგბის კავშირი, რომელმაც მისი შემცვლელი ვერ იპოვა და აღნიშნა, რომ დროებითი თავკაცი მხოლოდ დროის კარგვაა და მეტი არაფერი:

„ვადები უმნიშვნელოვანესია, რადგან იაპონიის ნაკრებს განახლება ჭირდება. გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე მხოლოდ 25% თუ ითამაშებს. ჯეიმი ჯოზეფს უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, დრო კი, ძალიან ცოტა რჩება“.

ედის თქმით „სანვულვზის“ სუპერ რაგბიში მონაწილეობა მოთამაშეებს უზარმაზარ გამოცდილებას შესძენს, თუმცა, არის საშიშროება, მან უარყოფითად იმოქმედოს იაპონიის შიდა ჩემპიონატზე და ნაკრებზე, რადგან მსგავსი დატვირთვების შემდეგ მოთამაშეები სანაკრებო შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდებიან:

„იაპონელებმა საკუთარი სეზონისთვის შესაბამისი სტრუქტურა უნდა შეიმუშავონ. დაუშვებელია ისეთი მორაგბეების ყოლა, რომლებიც პარალელურ რეჟიმში ტოპ-ლიგასაც თამაშობენ და სუპერ რაგბისაც. ასე ვერასდროს დაადგენ არის თუ არა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში“ - ამბობს ჯონსი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:58 | 03.07.2016
Torres9 (48)

იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც მოვიწვიოთ ნაკრებში ჰა?!

23:16 | 03.07.2016
BEERTRANCE (1073)

ფული თქვი თორე

14:12 | 02.07.2016
ოვალური კორბენი (276)

ეს კაცი უმაღლეს ლიგაშია თავისი ინტელექტით дა პროფესიონალიზმით. ასეთები არც ისე ბევრია ამ სამყაროში

13:24 | 02.07.2016
federer (17) (469)

მართლა ძალიან ძიერი სპეციალისტიაა და რაზეც ისტორიული გამარჯვებაც მოწმობს სამხრეთ აფრიკასთან

0.075326