ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „სარასენსმა“, „ექსეტერმა“ და „უოსპსმა“ საჩემპიონო პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად დაიბევეს, „ლესტერი“, „ნორთჰემპტონი“ და „ჰარლექუინსი“ კი, მეოთხე საგზურისთვის იბრძვიან.
ტური შარშანდელი ფინალის განმეორებით დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა „სარასენსმა“ სტუმარ-მასპინძლობა არაფრად ჩააგდო და „ბათი“ მისივე 13 500 გულშემატკივრის თვალწინ 30:10 დაამარცხა. მასპინძლებმა ჩემპიონს ვერაფერი დაუპრისპირეს, ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში. შედეგად, სტუმრებმა ოთხი ლელოც გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. „სარასენსის“ შემადგენლობაში დაბრუნება კრის ეშტონმა დუბლით აღნიშნა [54-ე და 69-ე წუთებზე]. მეორე ტაიმის დასაწყისში ენტონი უოტსონს ნერვებმა უმტყუნა და წითელი ბარათით დაისაჯა, ოღონდ ამ დროს მისი გუნდი უკვე 3:18 აგებდა.
ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერის“ 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია „ექსეტერმა“ შეწყვიტა. მასპინძლებმა ჯამში 8 ლელო გაიტანეს, ოლი ვუდბორნმა და ტომას ველდრომმა ჰეთ თრიკები გაიფორმეს. საქართველოს ნაკრების კვაჭი თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ გახურებაც ვერ მოასწრო და ერთ წუთში სინბინით დაისაჯა, მერე კი, შეუცვლელად ითამაშა.
მთლიანობაში, ჯაბა შეტევაში აქტიური იყო და 5 შეტევით 18 მეტრი მოიგო, ორ მცველს დაუსხლტა და ერთი პასი გააკეთა. დაცვაში მან ერთი ბოჭვა შეასრულა, სულ ერთადერთხელ დაჯარიმდა და მაშინაც ყვითელი ბარათით დაისაჯა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა ბურჯმა ვალ რაფავა-რუსკინმა. მან 6 შეტევით 12 მეტრით წაწია ბურთი, 4 პასი გააკეთა, 9 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, ხოლო 2-ჯერ დაჯარიმდა.
ტურის ცენტრალურ მატჩში „უოსპსმა“ „ნორთჰემპტონი“ მიიღო, სამი უპასუხო ლელო გაუტანა და შინ დამარცხებული გაუშვა - 28:6. პირველ ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და რობ მილერმა ერთი ლელო დადო - 10:3. მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ ორი ჯარიმა ვიხილეთ, მერე მილერმა დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე ლელო შეხვედრის მიწურულს დაიდო. უშუალო მეტოქის დამარცხებით „უოსპსი“ მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო „ნორთჰემპტონს“ ოთხეულისთვის ჯერ კიდევ საბრძოლო აქვს.
„ჰარლექუინსმა“ „ნიუკასლი“ პირველ ტაიმში და მეორეს დასაწყისში აიკლო, 47-ე წუთზე მეოთხე, პრემიალური ლელოც დადო და 28:6 დაწინაურდა, რის შემდეგაც მოეშვა და კინაღამ გამარჯვება დაკარგა. 11 წუთში მასპინძლებმა 3 ლელო მიიღეს და მე-60 წუთისთვის სხვაობა 3 ქულამდე დავიდა [28:25]. „ჰარლექუინსი“ დროულად გამოფხიზლდა, ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მერე კიდევ ორი ლელო გაიტანა და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა - 46:25.
„ლესტერს“ პირველი ტაიმის მიწურულს „ჩამოეძინა“, „გლოსტერისგან“ სამი ლელო 9 წუთში გაუშვა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა - 10:27. მაგრამ ხასიათი გამოავლინა, ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა, 46-ე წუთზე ტუილაგიმ თავისი მეორე ლელო დაამიწა, ხოლო დასკვნით 15 წუთში სტუმართა ჩათვლის მოედანი პეტერ ბეთამმა და ვერენიკი გონევამ აიღეს - 35:30 და „ლესტერის“ 22 223-მა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა.
ტურის კიდევ ერთ მატჩში „სეილმა“ აუტსაიდერი „ლონდონ აირიში“ სტუმრად 30:15 დაამარცხა.
ავივა პრემიერშიპი. XIX ტური
ბათი - სარასენსი 10:30
ექსეტერი - ვუსტერი 50:12
ჰარლექუინსი - ნიუკასლი 46:25
ლონდონ აირიში - სეილ შარქსი 15:30
ლესტერი - გლოსტერი 35:30
უოსპსი - ნორთჰემპტონი 28:6
1. | სარასენსი | 19 | 14 | 1 | 4 | 492:331 | 67 | 9 |
2. | ექსეტერი | 19 | 13 | 0 | 6 | 490:318 | 64 | 12 |
3. | უოსპსი | 19 | 13 | 0 | 6 | 503:326 | 62 | 10 |
4. | ლესტერი | 19 | 12 | 0 | 7 | 421:396 | 55 | 7 |
5. | ნორთჰემპტონი | 19 | 10 | 0 | 9 | 388:328 | 51 | 11 |
6. | ჰარლექუინსი | 19 | 9 | 1 | 9 | 479:474 | 50 | 12 |
7. | სეილი | 18 | 9 | 2 | 7 | 369:383 | 46 | 6 |
8. | გლოსტერი | 19 | 8 | 1 | 10 | 381:375 | 41 | 7 |
9. | ბათი | 18 | 7 | 0 | 11 | 334:363 | 37 | 9 |
10. | ვუსტერი | 19 | 7 | 0 | 12 | 349:469 | 34 | 6 |
11. | ნიუკასლი | 19 | 4 | 1 | 14 | 315:506 | 22 | 4 |
12. | ლონდონ აირიში | 19 | 4 | 0 | 15 | 285:537 | 18 | 2 |
13 აპრილი. გადადებული მატჩი
ბათი - სეილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია