ერთთვიანი შესვენების შემდეგ სუპერ რაგბი მაყურებელს დაუბრუნდა. დღეს მე-15 რაუნდის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ შეხვედრაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი ახალზელანდიური გუნდი- „ჩიფსი“ და „კრუსეიდერსი“ შეხვდნენ ერთმანეთს. „ჩიფსმა“ ანაგარიშით 23:13 იმარჯვა და სუპერ რაგბის ცხრილის სათავეში მოექცა.
შეხვედრა ფიჯის დედაქალაქ სუვაში შედგა, იქ კი ამინდი მორაგბეებს ლამაზი რაგბის თამაშში ხელს უშლიდა. მატჩში სულ სამი ლელო დაიდო- ორი ნომინალურმა მასპინძლებმა დადეს, ერთი კი „კრუსეიდერსმა“.
ანგარიში „ჯვაროსანთა“ მგეზავმა რიჩი მოანგამ ჯარიმით გახსნა მე-19 წუთზე. რასაც „ჩიფსელი“ ჯეიმს ლოუს ლელო მოჰყვა- ცენტრმა სეტა ტამანივალუმ ფეხით იდეალური პასი შეუყოლა ლოუს, ეს უკანასკნელიც კარგად გაისარჯა და ლელოში დაამიწა, დამიენ მაკკენზის გარდასახვა ზუსტია. მაკკენზიმ 30-ე წუთზე ჯარიმის გატანაც შეძლო და „ჩიფსი“ შვიდი ქულით დააწინაურა- 10:3.
„ჩიფსმა“ 33-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო- დამიენ მაკკენზიმ მეტოქის უყურადღებობით ისარგებლა, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და ჰავბეკ ბრედ ვებერს ამოუგდო ბურთი, რომელმაც ლელომდე მანძილი სწრაფად დაფარა. მაკკენზის გარდასახვა კვლავ ზუსტია- 17:3. სტუმრებმა საკუთარი ლელო ტაიმის ბოლო წუთზე დადეს, თავი „ჯვაროსანთა“ გარემარბმა ჯონი მასილაიმ გამოიჩინა, მან თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა ლელოთი, მოანგას გარდასხვა ზუსტია და პირველი ტაიმი ანგარიშით 17:10 სრულდება.
მატჩის მეორე ნახევრარში „ეი ენ ზი სტედიუმზე“ შეკრებლ პუბლიკას ლელოები აღარ უნახავს. 5 ქულის მოპოვებასთან უფრო ახლოს „ჩიფსი“ იყო 46-ე წუთზე, მაგრამ არ გამოუვიდა. მაკკენზიმ 56-ე და ბოლო წუთზე ორი ჯარიმის გატანა მოახერხა, მოანგამ კი მხოლოდ ერთი გაიტანა- 23:13.
ამრიგად, „ჩიფსმა“ ამ გამარჯვებით 4 ქულა მოიპოვა და როგორც ახალი ზელანდიის კონფრენეციაში, ასევე ტურნირის საერთო ცხრილში ლიდეორბა მოიპოვა. „კრუსეიდერსს“ კი „ჩიფსზე“ ერთით ნაკლები, 45 ქულა აქვს და საერთო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.
დღის მეორე შეხვედრა კანბერაში შედგა, სადაც ავსტრალიურ დერბიში „ბრამბისმა“ „რედსს“ შანსი არ დაუტოვა- 43:24.
შეხვედრა ლელოუხვი გამოდგა, მასპინძლებმა 6, ხოლო სტუმრებმა 3 ლელოს დადება მოახერხეს. „რედსმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველ ოც წუთში მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცეს, თავად კი 10 ქულა მოპოვეს. თუმცა, შემდეგ უპირატესობა ხელთ „ბრამბისმა“ იგდო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მასპინძელთა ლიდერი სტეფან მური, კვაჭმა შეხვედრაში ორი ლელოს დადება მაოხერხა.
„ბრამბისმა“ მეტოქეზე სამი ლელოთი მეტის დადებისთვის ბონუს-ქულაც მიიღო და 39 ქულა გაუხდა. ახლა იგი ავსტრალიურ კონფერენციას ლიდერობს და საერთო ცხრილში მე-3 ადგილზეა. რაც შეეხება „რედსს“, ის 16 ქულით ავსტრალიის კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-5 პოზიციაზეა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია