ჩელენჯ კაპი

19:19 | 29.06.2016 | ნანახია 2557 - ჯერ

ჩელენჯ ქაფზე ჯგუფები დაკომპლექტდა

დღეს შვეიცარიაში 2016/2017 წლების ევროთასების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა და რანგით მეორე დონის, ჩელენჯ ქაფის ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები გაირკვა.

პირველ ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორი კლუბია - ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“, რომლის შერკინების მწვრთნელი აქვსენტი გიორგაძეა და დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“. ხინჩაგიშვილი „ბეიონში“ ახლახანს გადავიდა, იქიდან კი, ანტონ ფეიქრიშვილი გაუშვეს. მათი მეტოქეები ინგლისის „გლოსტერი“ და იტალიური „ბენეტონი“ იქნებიან.

მეორე ჯგუფშია ზაზა ნავროზაშვილის და გიორგი ჯავახიას „ლიონი“, რომლის კონკურენტები ფრანგული „გრენობლი“, ინგლისის „ნიუკასლი“ და უელსის „ოსპრეიზი“ იქნებიან.

მესამე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ერთბაშად სამი გუნდია - დავით კაჭარავას კრასნოიარსკის „ენისეი“, კარლენ ასიეშვილის „ბრივი“ და ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“. მეოთხე გუნდი უელსური „ნიუპორტია“.

მეხუთე ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ ინგლისურ „ჰარლექუინსთან“, შოტლანდიურ „ედინბურგთან“ და რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსთან“ ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპი ორ წრედ ტარდება და მეოთხედფინალებში ხუთივე ჯგუფის გამარჯვებული და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. ოთხი ტური 2016 წელსაა დაგეგმილი 13-16 და 20-23 ოქტომბერს, 8-11 და 15-18 დეკემბერს, ხოლო დასკვნითი ორი ტურის თამაშები 2017 წლის 12-15 და 19-22 იანვარს გაიმართება. ერთმატჩიანი მეოთხედფინალები 30 მარტიდან 2 აპრილამდე, ხოლო ნახევარფინალები 21-23 აპრილს შედგება. ფინალს შოტლანდია, ედინბურგი 2017 წლის 12 მაისს უმასპინძლებს.

2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი: ბეიონი (საფრანგეთი), ბენეტონი (იტალია), გლოსტერი (ინგლისი), ლა როშელი (საფრანგეთი);

II ჯგუფი: გრენობლი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), ოსპრეიზი (უელსი);

III ჯგუფი: ბრივი (საფრანგეთი), ენისეი (რუსეთი), ნიუპორტი (უელსი), ვუსტერი (ინგლისი);

IV ჯგუფი: ბათი (ინგლისი), ბრისტოლი (ინგლისი), კარდიფი (უელსი), პო (საფრანგეთი);

V ჯგუფი: ედინბურგი (შოტლანდია), ჰარლექუინსი (ინგლისი), სტად ფრანსე (საფრანგეთი), ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:55 | 01.07.2016
zangura (109)

ზალიან მაინტერესებს რა პრინციპით ხვდებიან ამ ტურნირზე გუნდები?
მაგალითად საფრანგეთიდან როგორ მოხვდნენ "ლიონი", "პო", "ბეიონი" და ა.შ ?

22:49 | 29.06.2016
krasni (587)

გაის გათამაშებაში, როგორც შეგვპირდნენ ვმონაწილეობთ.

0.084308