გუშინ დიდი დახვედრების დღე იყო - სამშობლოში დაბრუნდა ჯერ 20-წლამდელთა და მერე ეროვნული ნაკრები, რომლებმაც ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ წერტილებში საოცარი შედეგი აჩვენეს და ქართულ რაგბის კიდევ ერთხელ განუმტკიცეს პოზიციები.
რა თქმა უნდა ორივე დელეგაციას - ერთს გამთენიისას და მეორეს საღამოს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დახვდა. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა და მასთან წარმატებების გარდა იმ პრობლემებზეც ვისაუბრეთ, რომლის წინაშეც შესაძლოა ერთი წლის შემდეგ აღმოვჩნდეთ.
გაისად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მნიშვნელობით მეორეა, საქართველო უმასპინძლებს. პლანეტის უძლიერეს 20-წლამდელთა 12 ნაკრებს, მინიმუმ ამდენი სავარჯიშო მოედანი სჭირდება, მათი უმეტესობის მშენებლობა კი, ჯერაც არ დაწყებულა. თუმცა, სვანიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის თანადგომით ამ პრობლემის მოგვარება მოესწრება.
მანამდე მას რა თქმა უნდა მანჩესტერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დავეკითხეთ.
გოჩა სვანიძე: ეს ტურნირი, ჩვენთვის, როგორც დებიუტანტებისთვის, უდავოდ წარმატებულია. შედეგის თვალსაზრისით პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. თამაშის ხარისხი ეპიზოდურად გვქონდა საკმაოდ მაღალი. თუ ეს ფრაგმენტები გავახშირეთ და სტაბილურობას მივაღწიეთ, თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდება. გამოჩნდა ახალი სახეები და ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.
- მომავალ ჩემპიონატს საქართველო რამდენად მომზადებული ხვდება და თუ იქნება ის საუკეთესო ამ 10-წლიან ისტორიაში?
- რა თქმა უნდა ყველას სურვილია, რომ საქართველოში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. ჩვენს ქვეყანაში ამ ტურნირის მასპინძლობას სპორტულის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. უნდა შეიქმნას ბაზები და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, რათა განვითარების სხვა ეტაპზე გავიდეთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდა, ქართულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოგვარებული ექნება ინფრასტრუქტურული ბაზა.
- ამ ეტაპზე რა დონეზეა ინფრასტრუქტურული პროექტები?
- ბაზების მოწყობა გვიანდება, თუმცა გვქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და როგორც შეგვპირდნენ, თვის ბოლოს მშენებლობები უნდა დაიწყოს. ვფიქრობ, გაისად სტუმარ გუნდებს მზადყოფნაში დავხვდებით, რადგან მთავრობა გვერდში გვიდგას და ყველა პრობლემის მოგვარებას გვპირდება. „ქართუს“ დახმარებით უკვე მიმდინარეობს „ავჭალის სარაგბო სტადიონზე“ ახალი ტრიბუნის დამონტაჟება.
- ერთ ჯგუფს ქუთაისმა უნდა უმასპინძლოს და იქ მოგვარებულია ინფრასტრუქტურული საკითხები?
- პრობლემები იქაცაა. ოთხ გუნდს ოთხი ინდივიდუალური სავარჯიშო მოედანი სჭირდება და სამის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მათთან დაკავშირებით არსებობს იდეა და ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს, თუმცა ჯერჯერობით ისიც არაა გადაწყვეტილი ვინ გააკეთებს მას და როდის დაიწყება მშენებლობა. სპორტის მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ თვის ბოლომდე ყველა ეს საკითხი მოგვარდება, ის კი, სიტყვას ტყუილად არ ისვრის.
- ივნისში წყნარი ოკეანის კუნძულებზე წარმატებული ტურნე ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
- ეს წარმოუდგენელი იყო. როგორც ჩანს, ჩვენ ბოლომდე არ გვჯეროდა საკუთარი ძალების. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. მადლობა მწვრთნელებს და ბიჭებს იმ შედეგისთვის, რამაც ყველას სიამაყის გრძნობა მოგვგვარა.
- 2017 წელს ეროვნულ ნაკრებს რა შეხვედრები ელის?
- ამაზე შემოდგომაზე ვისაუბროთ. ჯერ ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმებული არაა და წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა კარგი თამაშები ნამდვილად გვექნება.
- თბილისში რაგბი ევროპის კონგრესი გაიმართა და რისი მომტანი იყო ეს ქართული რაგბისთვის?
- რაგბის ოჯახმა დაინახა, რომ შეგვიძლია მსგავსი მაღალი დონის ფორუმების კარგად ორგანიზება. ისინი გაეცნენ ქართულ კულტურას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ტურიზმი განვითარდეს და ამ კონგრესზე 48 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. ადამიანთა ნაწილს მხოლოდ ისტორიული ტურიზმი არ აინტერესებს და შესაძლებელია ამ სფეროს სპორტული კუთხით განვითარებაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატიც. 11 ქვეყნის გუნდის ჩამოსვლა პატარა საქმე არაა და მათ ნაწილს ვფიქრობ, მომავალშიც გაუჩნდება სტუმრობის სურვილი. კონგრესზე წარმოდგენილი იყო ევროპული რაგბის განვითარების გეგმა, გვექნება გარკვეული შენიშვნები და ის შემოდგომაზე დამტკიცდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც და ქებათა-ქება ბიჭებს და მთლიანად სარაგბო თემს! ეს ხალხი სწორედაც რომ ერთგულია პრინციპის - საქმემან შენმან გამოგაჩინოს. რაც შეეხება მომავალ 20 წლამდელთა მსოფლიოს მასპინძლობას და სტადიონების მშენებლობას, ძალიან მიკვირს, ნუთუ მუდამ "ჩქარა-ჩქარა"-ს პრინციპით უნდა მივხედოთ საქმეს?! ან კიდევ, ნუთუ არ გვესმის რომ მომავალი მსოფლიოს აქ ჩატარება იქნება ერთგვარი "ლაკმუსის ქაღალდი" საქართველოსთვის და გამოაჩენს თუ რა დონეზე ვართ ჩვენ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით (მადლობა ღმერთს, სპორტული კუთხით უკვე დავამტკიცეთ). ასე რომ, მთავრობის ჩინოვნიკებო, დროულად მოჰკიდეთ ხელი საქმეს და მიხედეთ გადაუდებელი თემების მოგვარებას, ბოლო-ბოლო, არჩევნებში ხმები ხომ გსურთ
მადლობა ბიჭებს უპირველეს ყოვლისა, მადლობა გია ნიჟარაძეს, მადლობა გოჩა სვანიძეს. მადლობა მელ ფედერაციას-გუნდს. გამოჩნდა რო ე.წ. თიმი არსებობს და ამ თიმის ხედვა რომ სწორია ეს დრომ და შედეგებმა აჩვენეს. გენაცვალეთ ბიჭებო ეგრე გააგრძელედ. საქმემან ყველასმან დაამტკიცოს თავი მათნი )) მარტო ლაპარაკი, ყეფა და ყბედობა ყველას შეუძლია.
ახალგაზრდული ოლიმპიადის არ იყოს, მაინდამაინც ცაიტნოტში უნდა ვაშენოთ ყოველთვის? რა უბედურება გვჭირს?
წარმატებები
მაგ ხლეჩიკების იმედზე მტერი იქნა.
სერიოზულად მაწუხებს სტადიონების თემა. არჩევნების მერე მთავრობა ფეხი ფეხზე გადაიდებს და დაიკიდებს.
გიგუშ ნუ გამოდიხარ ლამის ყველა სტატიაში პოლიტიკური ნამიოკებით
ნეტა გავმტყუნდე და სულ აშმალახა მიძახოს ხლეჩIკამ ასე უქნია
ერთი წელი ცოტა დრო არაა, მაგრამ არც მაინცდამაინც ბევრი. გაისად მსოფლიო U20-ის მასპინძლობის ხარისხი, მომავალში ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება. ასე რომ დაწყებულ გვერდში დგომას, კარგ შედეგებს გაგრძელება და განვითარება სჭირდება.