20-წლამდელები

12:08 | 28.06.2016 | ნანახია 3856 - ჯერ

U20: “ორ თვეში ამავე ტურნირზე უკეთესი შედეგი გვექნებოდა“

საქართველოს 20-წლამდელმორაგბეთა ნაკრები მანჩესტერიდან თბილისში დაბრუნდა. 30-მდე გულშემატკივარმა მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრა მოუწყო. იქვე იყო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, კავშირის თანამშრომლები და რა თქმა უნდა ბიჭების ოჯახის წევრები.

პირველი, ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მე-10 ადგილზე დაასრულეს და ამით სპორტულადაც დაამტკიცეს, რომ გაისად საქართველოში მხოლოდ მონაწილის რანგში არ ვიქნებით. გუნდის მწვრთნელები ამბობენ, რომ თამაშიდან-თამაშამდე თვითონაც გაიზარდნენ და 2017 წლის მსოფლიო თასისთვის იმ შეცდომების გამოსწორებას ეცდებიან, რაც მზადების პროცესში დაუშვეს. ისინი ასევე, ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატი თავიდან რომ იყოს სათამაშო, ამ გუნდით ბევრად უკეთეს შედეგს დადებდნენ.

ილია მაისურაძე: „ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიზანი იყო დაგვემტკიცებინა, რომ მანჩესტერში შემთხვევით არ მოვხვდით. გვინდოდა მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს ადგილი სწორედ მოწინავე 12 გუნდშია. ამოცანად თავიდანვე მინიმუმ ერთი თამაშის მოგება დავისახეთ. რადგან კონკრეტულ თამაშებზე წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ, ახლა ზოგადად ტურნირს შევაფასებ. ექვსი ერის გუნდებს სერიოზული კონკურენცია გავუწით და უელსთან და საფრანგეთთან მოგებაც შეიძლებოდა, ირლანდიასთან კი, ასეთი სხვაობა დებიუტში მომხდარი დასანანი ფაქტის გამო დაფიქსირდა.

ურთულესი ტურნირი ჩავატარეთ. 19 დღეში 5 თამაშის ჩატარება იოლი არაა, დიდი ზეწოლას განიცდი და სულ დაძაბული, კონცენტრირებული და მობილიზებული უნდა იყო. არცერთ დღეს არ გაქვს დასვენების და მოდუნების საშუალება. ამ ყველაფერს მართვა უნდა და ის დასვენებაც მომზადების გრაფიკში შედის. ვარჯიშები ისე უნდა გაანწილო, რომ ენერგია ყველა თამაშისთვის საკმარისი გქონდეს. ბოლო შეხვედრაში დაღლილობასთან ერთად თავდაჯერების ნაკლებობაც იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლოში ავთამაშდით და ვერ შევძელით შედეგის შემოტრიალება. მთლიანობაში, ეს მატჩი მაინც აქტივში უნდა შევიტანოთ.

მე-10 ადგილის დაკავებით გაისისთვის კარგი წინაპირობა შევიქმენით, თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე. თაობათა ცვლა იქნება და მწვრთნელებს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწვს, რათა ეს ადგილი შევინარჩუნოთ. ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ თამაშები დაგვაკლდა და სამომავლოდ ეს აუცილებლად გამოსასწორებელი იქნება. ძლიერ მეტოქეებთან თამაში საჭიროა, რათა გამოსწორდეს დისციპლინა, გაიზარდოს თავდაჯერებულობა, მივიღოთ გამოცდილება. ჩვენ ორ თვეში იგივე თამაშების ჩატარება რომ გვიწევდეს, ბევრად წარმატებით გამოვიდოდით.

1996 წელს დაბადებული ბიჭები გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. მე მათთან 2013 წლიდან ვმუშაობ, მათ შარშან „ალაფაზე“ მოიპოვეს გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ. ძალიან ბევრი გაიღეს ქართული რაგბისთვის, დაუღალავად იშრომეს, თავი არ დაზოგეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ამით მათი სწავლების პროცესი არ დასრულებულა, თუმცა დღეს ამ დონეზე რომ ვართ და ასეთი შედეგი ვაჩვენეთ, ამაში ამ ბიჭების წვლილი უდიდესია.

1997 წელს დაბადებულებს გაისადაც მოუწევთ გუნდში ყოფნა. აქამდე მათ ამ დონის შეხვედრები არასდროს ეთამაშათ. ფიზიკურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად, ის მიახლოვებული იყო დიდ რაგბისთან. მათ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს და ეს გამოცდილება უნდა გაუზიარონ ახალ მოსულებს. მთელი ერთი წელი სწავლების პროცესი იქნება და რაგბი სწორედ ისაა, რომ თამაშიდან თამაშამდე მეტი ისწავლო და გაიზარდო“.

ლადო კილასონია: „შედეგით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ. გვიხარია, მე-10 ადგილი რომ ავიღეთ. ბიჭებთან ერთად თამაშიდან თამაშამდე ჩვენც გავიზარდეთ, დავხვეწეთ სათამაშო რგოლები. გვქონდა გარკვეული პრობლემები და ყველაზე დიდი პრობლემა დერეფანი და ფეხით დარტყმა იყო. სამწუხაროა, რომ ორჯერ გვქონდა შესაძლებლობა ძალიან დიდი სენსაცია მოგვეხდინა და ორივე ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა პროფესიონალურ დონეზე იმუშავეს და ეს 19-20 წლის ბიჭებისთვის პირველი საფეხური იქნება დიდ რაგბთან ზიარებისა. მათ უკვე იციან რაზე უნდა თქვან უარი, რა დონეზე უნდა იმუშაონ, რომ ჩამოყალობდნენ ნამდვილ პროფესიონალებად.

ახლა ცოტას დავისვენებთ, მერე გადავხედავთ განვლილ პერიოდს, ვნახავთ რა იყო კარგი და რა ცუდი, შევეცდებით აღმოვაჩინოთ ის წერტილები, რაც აუცილებელ გამოსწორებას საჭიროებს და დავიწყებთ მზადებას შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ტარდება საქართველოში. ეს იქნება საპასუხისმგებლო და ამ ტურნირზე ბევრად უფრო რთული, რადგან არის რაღაცეები, რაც საჭიროებს გამოსწორებას“.

ზურა ამონაშვილი: „ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ამ გუნდთან ერთად აღარ მომიწევს მუშაობა. ამ ტურნირის შემდე მწვრთნელებიც და მორაგბეებიც ძალიან გავიზარდეთ. იგივე ტურნირს, ხვალ-ზეგ ჩვენ უფრო უკეთ ჩავატარებდით. მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ვიმუშავე, მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. პირველად ვიყავი ამ დონის ტურნირზე და უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ასევე, პირველად ვიყავი ტურნირზე, სადაც უმეტესად თამაშები წავაგეთ. ახლა უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ შემდეგისთვის ასეთ ტურნირზე გამგზავრებამდე აუცილებელია მსგავს დიდ გუნდებს ეთამაშო. ეს მოგიტანს გამოცდილებას. ის დასანანი მარცხები, სწორედ გამოცდილების და საკუთარი ძალის რწმენის ნაკლებობის შედეგი იყო“.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:44 | 28.06.2016
ogafa (407)

წარმატებებს გისურვებთ

19:04 | 28.06.2016
dede (87)

მაგარი ბიჭები გვყვს მაგრამ 15 ნომრის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სასწრაფოდ ჩასანაცვლებელია. ან რა საშინელი პრიჩოსკა აქვს ვინმე მაინც ვერ ეტტვის შეიჭერიო?

17:39 | 28.06.2016
krasni (587)

გაიხარეთ, დებიუტანტის პირობაზე გადასარევი იყო. ისე გამოუცდელობამ დაგვაღალატა პირველ რიგში. აქედანვე უნდ დაიგეგმოს სპარინგები, სასურველია ბრიტანელებთან, ფრანგებთან, არგენტინას ხომ ვესტუმრეთ და იქნებ ახლა ჩვენ ვისტუმროთ. მოკლეთ, გაისად დებიუტანტები აღარ ვიქნებით და თან მასპინძლები ვართ, არც სავსე სტადიონი მოგაკლდებათ დ თქვენგანაც დიდ სიხარულებს ველით. ახალგაზრდებმა და ეროვნულმა ისეთი სიჩქარეები აიღეთ, ახლა შეჩერება არ იქნება. გაფასებთ, გვიყვარხართ, გვეიმედებით და მოგთხოვთ. რაგბი მართლაც ყოფილა ჩვენი თამაში.

14:12 | 28.06.2016
პანტელეიმონი (1218)

დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის, რაც შეეხება ნაკლოვანებებს ის თქვენ უკეთ დაინახეთ იმედია, წარმატებას გისურვებთ.

13:35 | 28.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ბევრი მინუსები გვქონდა მაგრამ ეს კარგი შედეგი ფიზიკურად უმაღლეს დონეზე მომზადების დამსახურებაა, გაისად კი იმედია ფიზიკურთან ერთად ტექნიკური წუნებიც გამოსწორებული იქნება და მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე 8 საუკეთეშიც მოვხვდებით

13:13 | 28.06.2016
buratino (480)

მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიჭებო, მით უფრო რომ პროგრამა-მინიმუმი შეასრულეთ და ღირსეული ადგილი დაიკავეთ მსოფლიო სარაგბო კოჰორტაში. ბოლოსდაბოლოს, თქვენ ხომ ამ ტურნირის დებიუტანტები იყავით და ნამდვილად დასაფასებელია ის თავდადება რაც გამოავლინეთ. წარმატებებს გისურვებთ!

13:10 | 28.06.2016
Kala94 (151)

მწვრთნელებს მადლობა და დიდი პატივისცემა ჩვენგან !

13:04 | 28.06.2016
dede (87)

მიდით ლომებო

12:53 | 28.06.2016
BEERTRANCE (1073)

გაისად უკეთესი შედეგი უნდა დავდოთ

0.147792