სტატიები

18:16 | 27.06.2016 | ნანახია 2426 - ჯერ

რაგბი ევროპის 96-ე გენერალური ასამბლეა

გასულ უქმეებზე დედაქალაქს ევროპიდან 40-მდე სარაგაბო ქვეყნის 75 დელეგატი ეწვია. რაგბი ევროპის 96-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში თბილისში იმყოფებოდა რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ, რომელიც რაგბის ევროპისა და მსოფლიო რაგბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გენერალურ ასამბლეას წარუძღვა.

"რაგბი ევროპა მოხარულია იმ ფაქტით, რომ ქართული რაგბი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპით ვითარდება. უკანაკსნელ ტესტ მატჩებში თქვენმა ნაკრებმა უბრალოდ შეუძლებელი შეძლო. არ შემიძლია არ ავღნიშნო 20-წლამდე ნაკრების წარმატება იტალიის წინააღმდეგ. ეს შეუმჩნევლად არ ჩაივლის.“ - ოქტავიან მორარიუ, რაგბი ევროპის პრეზიდენტი.

სასტუმრო ‘რედისონ ბლუ ივერიაში’ გამართულ უდიდეს სარაგბო ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. მინდა ვთქვა, რომ რაგბს აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერით და იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც ჩვენმა მორაგბეებმა გამოიჩინეს, რაგბი ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა.“ - პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან კონგრესის მსვლელობას ესწრებოდა გოჩა სვანიძე,რომელმაც 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ბორჯღალოსნების წარმატებულ ოკეანეთის ტურნეზეც ისაუბრა:

„ის, ფაქტი, რომ საქართველოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, კიდევ ერთი დამსახურებაა მთლიანად საქართველოსი, როგორც ქვეყნის და ზოგადად რაგბის. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების წარმატებას, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გულწრფელად, რომ გითხრათ ხმამაღლა თქმის გვეშინოდა, რომ გუნდი ასე დაუმარცხებლად დაბრუნდებოდა. „ - გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

კონგრესზე განსახილველი საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურნირების განრიგების დაგეგმვა იყო. დელეგატებმა ასევე მოისმინეს რაგბი ევროპის წლიური მოხსენება. ორდღიანი ასამბლეა სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაეთმო, მათ შორის:

  • რაგბი ოლიმპიური თამაშებზე;
  • რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირების ინტეგრაცია უმსხვილეს სარაგბო ტურნირებთან;
  • რაგბი 15-ის და რაგბი 7-ის ტურნირები - განვლილი სეზონის შეჯამება, მომავალი სეზონის დაგეგმვა (სტრუქტურა, კალენდარი);
  • ქვეყნების შიდა და საერთაშორისო საკლუბო ტურნირები;
  • რაგბი ევროპის წლიური ანგარიშის და ბიუჯეტის განხილვა;
  • მართვა რეგიონისა და წევრი ქვეყნების დონეზე;
  • ფინანსური საკითხები;
  • რაგბი ევროპის ინტეგრაცია მსოფლიო რაგბთან;
  • ტურნირებისა და მატჩების ტრანსლაცია;
  • რაგბის განვითარებაზე მიმართული საქმიანობა: მასობრივი რაგბი, რაგბის ადაპტირებული სახეობები, სოციალური პროექტები;
  • სადისციპლინო დებულებები, ანტიდოპინგი, სამედიცინო საკითხები, მოთამაშეთა კეთილდღეობა.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:19 | 28.06.2016
BEERTRANCE (1073)

ერთა თასზე A ნაკრების გამოყვანაზე დავითანხმოთ იქნებ რამენაირად.

0.234111