საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინული ტურნეს მეორე შეხვედრაში მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მნიშვნელოვნად გადახალისებული გუნდით მოთამაშე სტუმრების გამარჯვება მოულოდნელობაა, მით უმეტეს, რომ ნესტიან ამინდში არგენტინა სულაც მშრალზე დარჩა - 0:27.
„ლე ბლემ“ მაპინძლებს სამი ლელო დაუდო, თავი ბონევალმა, ლემერამ და გუჟონმა გამოიჩინეს, ხოლო ბატისტ სერინიმ სამივე გარდასახვის გარდა ორი ჯარიმაც გაიტანა და ჯამში 12 ქულა მოიხვეჭა. კლიმატური პირობების გამო ბურთის დამორჩილება ჭირდა და სტუმრებმა თავიდანვე შეძლეს ინიციატივის დაუფლება. ბურთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ფრანგებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე, სიღრმეში გადაიტანა შეძლეს. გარდა ამისა, კონტრშეტევების ყველა მცდელობა სტუმრებმა მკაცრად აღკვეთეს და საწყის 20 წუთში არცერთი ბოჭვა არ გაცუდებიათ.
თავიდან სერინის და ტრინ-დუკს ჯარიმები გაუცუდდათ და ანგარიში 26-ე წუთზე, სერინის დარტყმით გაიხსნა. პირველი ლელო ტაიმის მიწურულს დაიდო და ის ბონაველის ანგარიშზეა, მისმა შემოქმედმა სერინიმ კი, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 10:0. მეორე ტაიმში მასპინძლები სიტუაციის შეცვლას ეცადნენ, მაგრამ ფრანგების დაცვა კვლავ შეუვალი იყო და შეტევაშიც უფრო თავდაჯერებულად თამაშობდა. შედეგად, საფინალო სასტვენის შემდეგ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - 27:0. აღსანიშნავია, რომ არგენტინამ მატჩი უქულოდ ბოლოს 16 წლის წინ, „თვიქენჰემზე“ ინგლისთან დაასრულა და მაშინ 0:19 დამარცხდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია