სტატიები

11:40 | 26.06.2016 | ნანახია 3468 - ჯერ

მესამედ - ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონია

ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა მანჩესტერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო, ფინალში ირლანდია 45:21 დაამარცხა და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

2008 წლიდან დღემდე, მსოფლიო ჩემპიონატი ამ ფორმატით მეცხრედ ჩატარდა, ოღონდ პირველ ორ ჯერზე მონაწილეთა რაოდენობა 16 იყო, ხოლო 2010 წლიდან 12-მდე შემცირდა. პირველი ოთხი გათამაშება ახალმა ზელანდიამ მოიგო, მერე მას ტიტული სამხრეთ აფრიკამ ჩამოართვა, მომდევნო ორ შემთხვევაში გამარჯვებული ინგლისი გახდა, „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ უძლიერესის სახელი შარშან დაიბრუნა, წელს კი, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კვლავ ინგლისმა იმარჯვა. გაისად მეათე, საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს და მასში „ბორჯღალოსნები“ არა მასპინძლის, არამედ მე-10 გუნდის სტატუსით ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების დასკვნით მატჩზე და იტალიელთა მხრიდან იაპონიის ძლევაზე უკვე ვწერდით. შედეგად, საქართველოში იაპონიის ნაცვლად სამოა ჩამოვა, რომელმაც ზიმბაბვეში „ალაფა“ მოიგო. ტრადიციულად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება და ჩვენც ქვემოდან მივყვეთ. ისე მოხდა,რომ მოწინავე რვა ადგილისთვის ევროპული და სამხრეთული ნაკრებები დაწყვილდნენ და გამარჯვებულებმა დამარცხებულებზე დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

VII ადგილი უელსს ერგო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მცირედით, ერთი ქულის სხვაობით მოუგო. ამჯერად „დრაკონებმა“ შოტლანდიას 42:19 აჯობეს. უელსი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და 20 წუთის შემდეგ ორი ლელოთი 14:0 დაწინაურდა. შესვენებამდე გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს, მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში კი, უელსმა კიდევ ორი ლელო დადო და გამარჯვებულის ვინაობაც ნაადრევად გაირკვა - 35:7. დასკვნით 20 წუთში მაყურებელმა კიდევ სამი ლელო იხილა - ორი შოტლანდიის და ერთი უელსი.

V ადგილისთვის მეზობლები, ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი ახალი ზელანდია და ავსტრალია შეიბნენ. „ოლ ბლექსი“ ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დამარცხდა და ტურნირის ფავორიტობა ვერ გაამართლა. ამ ჯერზე მაყურებელმა პირველ ტაიმში დაძაბული ბრძოლა იხილა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაცვალეს, გარდასახვებიც გაიტანეს და 21:21. შესვენების შემდეგ ავსტრალია ჯარიმით დაწინაურდა, ზელანდიელებმა ჯარიმითვე უპასუხეს, მერე კი, ქულები მხოლოდ მათ აგროვეს. „ოლ ბლექსმა“ კიდევ 5 ლელო გაიტანა, მათ შორის კაცნაკლულად თამაშის დროსაც და 55:24 იმარჯვა. ჯამში ზელანდიამ 8 ლელო დადო და მიზანს ყველა ჯერზე სხვადასხვა მოთამაშემ უწია.

III ადგილისთვის არგენტინა და სამხრეთ აფრიკა იბრძოდნენ. ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების შეხვედრა დაძაბული გამოდგა და არგენტინელებმა 19:13 იმარჯვეს. ამჯერად წნეხი ნაკლები იყო, თამაშის უფრო სახალისო გამოდგა და არგენტინელებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს - 49:19. არადა, აფრიკელებმა პირველი 40 წუთი კარგად ჩაატარეს, 12:0 დაწინაურდნენ და ტაიმი 19:17 მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ ქულაც ვერ აიღეს. სამაგიეროდ, არგენტინამ კიდევ 4 ლელო დადო, ჯამში 6, ქულების აღებას ჯარიმებითაც არ მოერიდა და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილს შეწვდა.

ფინალში მასპინძელი ინგლისი ირლანდიაზე ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. ირლანდიელები პირველად თამაშობდნენ გადამწყვეტ მატჩს და ტაიმის შემდეგ 0:21 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში მათ ინგლისის კიდევ სამ ლელოს სამი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა - 45:21. მელინდერმა და მერჩანტმა ფინალში ორ-ორი ლელო დადეს.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ინგლისელი მელინდერი გახდა, რომელმაც 68 ქულას მოუყარა თავი და 5-ით აჯობა სამხრეთ აფრიკელ ბოშს. 21 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა ქართველი გელა აფრასიძე. იაპონია ბოლო ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ატატა მოეაკიოლა 6 ლელოთი საუკეთესო მელელოვე გახდა. მას თითო ლელოთი ჩამორჩნენ ფრანგი ენტონი დუპონი და ზელანდიელები - მაკენე და სტევენსონი.

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი

ინგლისი. მანჩესტერი

XI ადგილისთვის

იტალია - იაპონია 41:17

IX ადგილისთვის

საფრანგეთი - საქართველო 27:24

VII ადგილისთვის

შოტლანდია - უელსი 19:42

V ადგილისთვის

ავსტრალია - ახალი ზელანდია 24:55

III ადგილისთვის

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 49:19

ფინალი

ინგლისი - ირლანდია 45:21

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:45 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

არგენტინა რამდენით გაიჭრა უკვე წინ

08:35 | 27.06.2016
shotai-olimpi (89)

არგენტინა ასაკობრივებშიც როგორ პროგრესირებს!! ძალიან ვგულშემატკივრობ მათ!!

12:08 | 26.06.2016
temuchin (431)

საქართველო-საფრანგეთის შედეგის გარდა ყველგან რამხელა სხვაობაა

0.083894