სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის სამმატჩიანი დაპირისპირება „სპრინგბოქსმა“ მოიგო. მესამე, გადამწყვეტი ტესტ-მატჩი დღეს პორტ ელიზაბეთში გაიმართა და მასში აფრიკელებმა 19:13 იმარჯვეს.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მატჩის ბოლომდე გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი არ იყო. რომ არა „სპრინგბოქსის“ შესანიშნავი დაცვა, ალბათ, შედეგი ევროპელების სასარგებლოდ დაფიქსრიდებოდა. გუნდებმა თითო-თითო ლელოს დადება მოახერხეს, აი ჯარიმებს კი აფრიკელები უფრო ზუსტად ურტყამდნენ.
ანგარიში მე-5 წუთზე „სპრინგბოქსის“ დამრტყმელმა ელტონ იანტისმა ჯარიმით გახსნა. ცოტა ხანში აფრიკელთა ფულბეკი ვილი ლე რუ ჰაერში სახიფათო თამაშის გამო მსაჯმა სინბინში გაუშვა, რითაც სტუმრებმა მალევე ისარგებლეს - 12-ფაზიანი შეტევის შემდეგ ისინი მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან იყვნენ, როცა მარიმ ლუკ მარშალს გამოუტანა ბურთი, მანაც დაცვის სუსტი ადგილი მონახა და დაალელოვა, ლელოს პედი ჯექსონის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და „სამყურები“ შვიდი ქულით გაიყვანა წინ - 3:10.
32-ე წუთზე იანტისმა მეორედ შეძლო ჯარიმის გატანა, ტაიმის ბოლო წუთზე კი აფრიკელთა გარემარბ ჯეიპი პიტერსენის ლელოც ვიხილეთ - კარის პირდაპირ მდგომმა ელტონ იანტიზმა მარცხენა ფლანგზე ჯეიპი პიტერსენს ფეხით მაღალი ბურთი დაუკიდა, პიტერსენმაც იყოჩაღა, ბურთი მოხსნა და კიდესთან ახლოს დაამიწა, გარდასახვა ზუსტია და შესვენებაზე ალისტერ კუციას შეგირდები სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 13:10.
მეორე ტაიმში მაყურებელს ლელო აღარ უხილავს, მატჩის ბედი შეიძლებოდა მცირე შეცდომასაც კი გადაეწყვიტა. აფრიკელებმა ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს - 59-ე წუთზე კომბრინკმა, ხოლო 69-ე წუთზე იანტისმა გაიტანეს ჯარიმები. ერთ წუთში სამი ქულის აღება ირლანდიელმა პედი ჯექსონმაც შეძლო, „სამყურებს“ გამარჯვებამდე ერთი გარდასახული ლელო აშორებდათ და მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, თუმცა „სპრინგბოქსის“ დაცვა უბრალოდ შეუვალი იყო. ბოლო წუთებში ირლანდიელები ჯერ 23, ხოლო შემდეგ 19-ფაზიანი შეტევის შემდეგ დაჯარიმდნენ და სამმატჩიანი სერია 1:2 დათმეს.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ სამხრეთაფრიკელი ჯეიპი პიტერსენი დასახელდა, მასპინძლებისგან ბევრი მოთამაშის გამოყოფა შეიძლებოდა, მაგრამ ლელოს ავტორი თავისი გამოცდილებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია