შოტლანდიის ნაკრებმა იაპონიას ტესტ-სერიის მეორე მატჩშიც მოუგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორშაბათს საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ისტორიულად ყველაზე მაღალ, მე-11 ადგილამდე აღზევდება.
ამისათვის საჭირო იყო „ბორჯღალოსნებს“ სუვაში ფიჯი დაემარცხებინათ, ხოლო ტოკიოში იაპონია დამარცხებულიყო. პარასკვეს ქართველებმა წყნარი ოკეანის ტურნეს დასკვნით შეხვედრაში ფიჯი 14:3 დასცეს, ხოლო დღეს შოტლანდიამ ძალების სრული მობილიზებით იაპონიას 21:16 აჯობა. საგულისხმოა, საქართველოს ფიჯისთან 15 და მეტი ქულის სხვაობით რომ ემარჯვა, ორშაბათს „ბორჯღალოსნებს“ კიდევ უფრო წინ, მე-10 პოზიციაზე ვიხილავდით.
იაპონია შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მერე ის 7-მდე გაზარდა, თუმცა დასკვნით ნახევარ საათში სქოთებმა მარწუხებს მოუჭირეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს. სტუმრებმა ამჯერად ლელო ვერ დადეს და გამარჯვება სრულად ჰენრი პირგოსისა და გრეიგ ლეიდლოუს ფეხჩუბინობის შედეგია.
პირველ ტაიმში ორივე გუნდი ხელით თამაშისას ხშირად სცდებოდა, უპირატესობის მოპოვებას ფეხით ტაქტიკური დარტყმებით ცდილობდა და ბურთმაც დიდი დრო ჰაერში გაატარა. ანგარიში პირგოსმა გახსნა, მას ტამურამ უპასუხა, შოტლანდია მე-16 წუთზე კვლავ დაწინაურდა და ამჯერად იაპონიამ ლელოთი უპასუხა. მასპინძლებმა ხელდახელ საკუთარი ნახევრის სიღრმიდან შეუტიეს და რამდენიმე პასის შემდეგ ლელო კაიტო შიგენომ დაამიწა. ტამურამ გარდასახვის შემდეგ ერთი ჯარიმაც გაიტანა, ოღონდ მანამდე პირგოსმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და ტაიმი 13:9 დასრულდა.
თამაშის განახლებიდან 9 წუთში ტამურამ თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა და ამჯერად მას ლეიდლოუმ უპასუხა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. მანვე საათის თავზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დასკვნითი მეოთხედი უფრო ძლიერმა გუნდმა მეტოქეზე უკეთ ჩაატარა. ლეიდლოუმ შოტლანდიას ლიდერობა 71-ე წუთზე დაუბრუნა, ხოლო საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე შოტლანდიელთა უპირატესობა მეოთხე დარტყმით გაამყარა - 21:16.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად არ ვართ სქოთებთან უშანსოდ თუ წესიერი მსაჯობა იქნა.
მართალი გითხრათ იაპონიას ვგულშემატკივრობდი, იმის მიუხედავად, რომ მათი მოგება რეიტინგში იგივე ადგილას დაგვტოვებდა, თუმცა ვფიქრობ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არაა როგორც ის პრეცენდენტი რომ ჩვენი დონის გუნდებს შოტლანდიის დამარცხება შეუძლიათ, იაპონელებს რაც არ უნდა უცნაური იყოს დისციპლინამ უმტყუნათ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რეალური შანსი გვაქვს შემოდგომაზე იაპონიაც, სამოაც და თქვენ წარმოიდგინეთ შოტლანდიაც დავამარცხოთ, მთავარია ეჭვებისგან სრული გათავისუფლება და მჯერა ჰეიგი ამას მოახერხებს ბიჭებთან. თუ დისციპლინას გავაუმჯობესებთ და დერეფანს(რომელიც ბოლო დროს გამოსწორდა) ცოტა უფრო დავასტაბილურებთ დაწმუნებული ვარ სკოტებს საკუთარ კედლებშიც გავაკრავთ ბეჭებზე
თანდათან მართლაც რომ რეალური ხდება შოტლანდიის დამარცხება (თუნდაც გასვლაზე)
ფიჯისთან მოგება დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ ისეთ გუნდთან როგორიც ფიჯია მხოლოდ 3 ქულას უშვებ ეს დაცვის უმაგრეს თამაშზე მეტყველებს.
24-13 რომ მოგვეგო უფრო მოსალოდნელი იყო ვიდრე მხოლოდ 3 ქულის გაშვება მასპინძელ ფიჯისთან რომელთანაც არასდროს მოგვიგია აქამდე და აწინ იმედია სულ მოვახერხებთ კუნძულელების ძლევას და მითუმეტეს თუ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ ხოლმე
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბორჯღალოსნებს, ჩვენი ადგილი ათეულშია და იმედია ესეც მალე იქნება.
ძალიან მაგარი ტურნე გამოგვივიდა დედამიწის სამხრეთ მხარეში და სამიდან 2 გუნდი დავამრცხეთ
ძალიან მაგარი შედეგია და დროა უკვე უფრო ძლიერ გუნდებთანაც დაგვიგეგმონ სპარინგი, მაგრამ სამხრეთელებთან თამაშიც მოგვცემს გაზრდის საშუალებას