საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ღირსეულად ჩაატარა და საფრანგეთთან მხოლოდ 3 ქულის სხვაობით, 24:27 დამარცხდა.
ამით „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთხელ დაამატკიცეს, რომ ექვსი ერის ქვეყნები ამ ასაკში ჩვენზე ბევრად წინ არ არიან და სპორტულად საქართველო იმსახურებს ევროპის უძლიერესი ქვეყნების წინააღმდეგ თამაშს. სიტუაცია აბსოლუტურად ნათელია - მანჩესტერში ვეთამაშეთ ექვსი ერის ოთხ წარმომადგენელს, ერთი დავამარცხეთ, ორთან მცირედით დავმარცხდით და კიდევ ერთმა 72 წუთის განმავლობაში კაცნაკლულად მოთამაშე ქართველებს მხოლოდ მატჩის მიწურულს დაუდო მეოთხე, პრემიალური ლელო.
აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ 20-წლამდელებმა პირველად ითამაშეს ამ დონეზე და თამაშიდან თამაშამდე გაიზარდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ საქართველოს ნაკრები რეგულარულად შეხვდება ძლიერ ოპონენტებს. ჩემი ზრით, ორ-სამ წელიწადში საქართველოს ნაკრები აუცილებლად იბრძოლებს 20-წლამდელთა ექვს ერზე პირველობისთვის, ამოცანა აღარ იქნება მხოლოდ ღირსეული თამაში და ერთი, რომელიმე კონკრეტული მეტოქის დამარცხება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებები ეროვნულებთან ძალიან ახლოსაა, მსოფლიოსა და ევროპული რაგბის მმართველებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.
ამ დროს ჯერჯერობით სამწუხარო, საპირისპირო შედეგებს ვხედავთ. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ეს წარმატება, პირდაპირ კავშირშია რაგბი ევროპის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, როდესაც ექვსი ერი 18-წლამდელთა დონეზე გაიხსნა და იქ იმ ბიჭებმა, რომლებიც ახლა ამ ფორმაციის ნაკრებში არიან, უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. მაგრამ ეს არ ესიამოვნათ ბრიტანელებს, რომლებმაც ირლანდია და იტალია გაიყოლეს და 18-წლამდელებს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ მეტოქედ მხოლოდ საფრანგეთი შერჩათ.
საფრანგეთი, რომელთანაც შარშან ფინალში ჩვენი 18-წლამდელები 0:57, ხოლო წელს 0:42 დამარცხდნენ, თუმცა მიღებულმა გამოცდილებამ ახლა ეს ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, ეს კი, რაგბიში პრაქტიკულად არაფერია. ნამეტანი რომ არ მოგვივიდეს ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი მატჩი მთლად ასეთი ხასიათის არ იყო და ქართველებმა 2 ლელო მიწურულს, მას შემდეგ დადეს, რაც საფრანგეთი 27:10 დაწინაურდა, ანუ უელსთან შეხვედრისგან განსხვავებით, სადაც 9:10 დავმარცხდით, ეს ვერ ჩაითვლება მოსაგებ თამაშად, რომელიც მცირედით წავაგეთ.
ფრანგები ფლობდნენ სათამაშო ინიციატივას, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით ქართველებმა უფრო თავისუფლად ითამაშეს. ამჯერად მეტოქე შერკინებაში ისე ვერ დავჯაბნეთ, როგორც სხვები, კვლავ იყო შეცდომები, მაგრამ იყო უფრო მეტი აქტიურობა შეტევაში.
ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, უკანახაზელებმა ხელდახელ შემოგვიტიეს, კიდით ხაზთან ორ მორაგბეზე ბოჭვა კი შესრულდა, მაგრამ ორივე მოედანში, ფეხზე დარჩა და სასურველი გადაცემები გააკეთა, რის შემდეგაც ნგანდებე ლელოში შევიდა. ანგარიში 24-ე წუთამდე აღარ შეცვლილა, მერე მსაჯმა შერკინებაში დაგვაჯარიმა და ბელაუმ, რომელსაც მანამდე გარდასახვა ჰქონდა გატანილი, მონაგარი 3 ქულით გაზარდა. ამას მოყვა მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა და 5 მეტრში მისი ჯარიმის ხარჯზე შეჩერება. ეპიზოდს ბექა გორგაძე შეეწირა, თუმცა ნაკლებობა არ შეგვეტყო, კოშაძემ იქით შეუტია და გელა აფრასიძემ ტაიმის მიწურულს ჯარიმა გაიტანა - 3:10.
გამოცდილების ნაკლებობის გამო, რამდენჯერმე ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს, ფრანგებმა კი აღარ გარისკეს და 49-ე წუთზე ჯარიმა კვლავ კარში დაარტყეს. 57-ე წუთზე შერკინებაში ჯარიმას დერეფანი, მოლი და ლელო მოყვა. საქართველოს ნაკრებმა კარგი იერიშით უპასუხა,მოკლე დარტყმებით 10 მეტრის დაფარვა მოხერხდა და ლელოს ხაზიც გადაიკვეთა, მაგრამ მცველებმა ბურთში ჩაჯდომა მოახერხეს. სამაგიეროდ, 5-მეტრიანი შერკინებისას, როდესაც ბურთი ფრანგებმა შეაგორეს, ჩვენმა მორკინალებმა მეტოქის რვეული მაგრად დაჩაგრეს და მსაჯმაც საჯარიმო ლელო ჩასტვინა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა.
სამწუხაროდ, ანტუან დიუპონმა 68-ე წუთზე იოლად გაჭრა ხაზი, ლელო დადო და თავადვე გარდასახა, რის შემდეგაც მატჩის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მაგრამ „ბორჯღალოსნები“ არასდროს ნებდებიან, ახლაც ბოლომდე უტიეს, 76-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ 5 მეტრში ჯარიმა გაითამაშა და ფრანგებს ლელო დაუდო, აფრასიძემ გარდასახა. მერე იყო ვასილ ლობჟანიძის ფეხით მოკლეზე გადაკიდება და მსაჯის შეცდომა, რომელმაც კოშაძეზე წინთამაში დააფიქსირა. და მაინც, დასკვნითმა წუთებმა ქართველების შეტევაში ჩაიარა, გიორგაძე გაჭირვებით შეაჩერეს, ლობჟანიძემ ფინტებით კიდევ უფრო წინ წაიწია, რაქიდან ლუკა გოგინავამ შეუტია და ფრანგებს მესამე ლელო დაუდო. აფრასიძემ გაწითლებულ დროზე გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:24.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა და შედეგთან ერთად, სარაგბო სამყაროს თავი თავგანწირული თამაშით დაამახსოვრა. ახლა წინაა ერთი წელიწადი, რომელიც მწვრთნელებმა ახალი გუნდის შენებისთვის უნდა გამოიყენონ და 2017 წელს, საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდმა კიდევ უფრო წარმატებული თამაში აჩვენოს. ბევრი რამ „მსოფლიო რაგბიზე“ იქნება დამოკიდებული და თუ ხელოვნური შეფერხებები არ იქნება, სარაგბო ელიტა სულ მალე ყველა ასაკობრივ და ეროვნული ნაკრების დონეზე ძლიერ, კონკურენტუნარიან საქართველოს მიიღებს.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
ინგლისი. მანჩესტერი. IX ადგილისთვის
საფრანგეთი - საქართველო 27:24
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე, 9. გელა აფრასიძე; 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.
3 ლელო: საჯარიმო, გიორგაძე, გოგინავა
3 გარდასახვა: აფრასიძე
1 ჯარიმა: აფრასიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))
თავაწეულები მოვდივართ ამ ტურნირიდან, გაისად აშკარად მეტის მოლოდინი გვაქვს და ნამდვილად ძალგვიძს.
თქვენ გენაცვალეთ, ჩვენო ბოკვერებო! თქვენი სახით საქართველოს არა მხოლოდ ღირსეული სარაგბო ცვლა, არამედ ღირსეული მამულიშვილები ეზრდება. მჯერა, მომავალი თქვენია და სამშობლოს არაერთხელ ასახელებთ. წარმატებებს გისურვებთ და უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი! კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენნი!
დავრეგისტრირდი,რომ რაც გულში მქონდა, ალალად ამოვთქვა და მცირედი ქება მივუძღვნა, ჩვენ ღირსეულ გმირებს და საოცარ ხალხს ! იხარეთ ლომებო ქართული ბორჯღალის და კვართის მატარებლებო,ჩვენო გმირებო და იმედდნო,მომავლის გამგრძელელებლებო და საოცარნო ხალხნო, ღმერთმა მოქცეთ ძალა და გამძლეობა, გიყურებთ და სხვას არაფერს არ ვნატრულობ თქვენი გამარჯვების გარდა, გაიზრდებით და სხვებსაც, თქვენზე დიდებსაც და დღემდე ძლიერებსაც გადაუვლით, დაჩაგრავთ სპორტულად და ჩვენს ქართულ სახელს დაამკვიდრებთ მსოფლიოში დაუმარცხებელს და უძლეველს, აჩვენეთ ძალა და სული დაუმარცხებელი თქვენი! რაგბი ჩვენი თამაშია! გვიხარია და ამით ვიხარებთ მომავალშიც თქვენი შემყურენი! რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!
ცოტა გვეშინია დიდ გუნდებთან თამაში და ეს დღესაც გამოჩნდა, სანამ თამაშმა ინტრიგა არ დაკარგა ვერ გაიხსნენ ჩვენი ბიჭები, მაგრამ მერე ფსიქოლოგიურად განთავისუფლდნენ თუარა აშკარად ყველაფერში აჯობეს ფრანგებს.
რაც მეტად მოგვეცემა შანსი დიდ გუნდებთან თამაშის მით მეტად გავიხსნებით და ხშირადაც დავამარცხებთ ხოლმე ტოპ გუნდებსაც
ყოჩაღ ბიჭებო!!! სამწუხაროდ მარტო პირველ ტაიმს და მეორე ტაიმის 10 წუტს ვუყურე და ახლა შემოვედი, რომ გამეგო რა მოხდა და ანგარიში რომ ვნახე გული შემიღონდა, მაგრამ არაუშავს 2017 წინაა და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს კარგი დღე არ ადგათ !!! ღრმად ვარ დარწმუნებული მაგაში გილოცავთ, ქედს ვიხრი თქვენი ჟინისა და მონდომების წინაშე !!!
დიდი მადლობა ბიჭებო ღირსეული თამაშისათვის, ყველაფერი წინ არის, ჩვენ გავიმარჯვებთ ! ! !
დიდება უფალს რომ საქართველოს ყავხართ იმედად და ნუგეშად!.. რა აკადემიებში, რა ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მილეთის(ინერრსაიული) ნაკრები კინაღამ ბეჭებზე გააკრეს. ათასი მადლობა მთლიანად ტურნირისთვის!
ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა განსაკუთრებით თამაშის ბოლოს. 10 წუთი რომ გვქონებოდა კიდევ დრო ფრანგებს აუცილებლად დავამარცხებდით.
მაგრამ რაც გააკეთეს ესეც ძალიან მაგარი იყოო და 17 ქულიდან მხოლოდ 3 ქულაღა დარჩათ ფრანგებს
ძალიან ტექნიკურად და რბილად აკონტროლებდა მსაჯი, ვფიქრობ ჩვენ მოგებას არ დაუშვებდა.
ცალკე უნდა ვთქვა შერკინებაზე ჩვენი მეტოქეებმა მიხვდნენ რომ შერკინებაში აშკარად ვჩაგრავთ თითქმის ყველას და პატარ პატარა ხრიკებით და მსაჯების იგნორებით ხშირად გვიუქმებენ ამ უპირატესობას და აქეთაც კი გვაჯარიმებენ აი დღესაც ასე მოხდა რამოდენიმეჯერ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და მსაჯებსაც მიაქცევინონ ხოლმე ყურადღება ჩვენმა კაპიტნებმა !
შეიძლებოდა ამ თამაშის მოგებაც ძალიან ბევრი სეცდომები რომ არ დაგვეშვა დაცვაში და დერეფნებში !
ბიჭებო დიდი მადლობა ყველაფრისთვის ! გენაცვალეთ, გაიხარეთ ! ეს ის მომენტია, როდესაც წაგების მერეც ბედნიერები ვართ, ბედნიერები იმითი, რომ საოცარი თაობა მოდის ! კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რაგბი ჩვენი თამაში იყო არის და იქნება !
წარმატებები ბიჭებს იმედია კარგ ფრანგულ კლუბებს მალე მოძებნიან სადაც უკეთ განვითარდებიან!!! საუკეთესო 10 ში მოხვედრა არაა ხუმრობა!!!