ტესტ-მატჩები

17:32 | 25.06.2016 | ნანახია 2626 - ჯერ

ჯონსის ინგლისი დაუმარცხებელია

ბევრს ეცადა ავსტრალიის ნაკრები, რომ ინგლისი ტესტ-სერიაში ერთხელ მაინც დაემარცხებინა, მაგრამ ედი ჯონსის გუნდი სულ სხვა დონეზე გავიდა და ავსტრალიელის ხელმძღვანელობით ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

ექსვი ერის დიდი სლემით მომგებმა ინგლისმა ავსტრალია წარმატებით მოიარა, დასკვნით შეხვედრაში მეტოქე სიდნეიში, 44 ათასი მაყურებლის თვალწინ 44:40 დაამარცხა და სერიაში 3:0 იმარჯვა. „ვოლაბებმა“ მეტოქეს ლელოებით 5:4 მოუგეს, თუმცა ვერაფერი მოუხერხეს ოუენ ფარელის, რომელმაც ამ მატჩში 6 ჯარიმა და 3 გარდასახვა გაიტანა და 24 ქულა მოინაგრა. მთლიანობაში, სამმატჩიან ტურნეზე ფარელიმ 26 დარტყმა შეასრულა და აქედან 23 ზუსტი იყო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

ავსტრალიის ნაკრების ქომაგები იმედოვნებდნენ, რომ ორი მარცხის შემდეგ მათი საყვარელი გუნდი ინგლისის ძლევას შეძლებდა, თუმცა რეალურად გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც ტესტ-მატჩებში 40 ქულა მოაგროვა, მაგრამ მაინც დამარცხდა. ინგლისის ნაკრების დაცვა არ იყო ისეთი გაუვალი, როგორც 7 დღის წინ, თუმცა მათ გამარჯვებისკენ სწრაფვის დიდი წყურვილი გამოავლინეს და საბოლოოდ წადილიც აისრულეს. აღსანიშნავია, რომ დღემდე ავსტრალიელებს მშობლიურ მხარეში სერია 0:3 ბოლოჯერ 1971 წელს, სამხრეთ აფრიკასთან ჰქონდათ წაგებული.

ეს თამაში ინგლისმა ძალიან კარგად დაიწყო და აგრესიული, ფაზური შეტევები დენ კოულის ლელოთი დასრულდა. ავსტრალიამ მომენტალურად უპასუხა, მარცხენა ფრთაზე იზრაელ ფოლაუმ და მეთ ტოომუამ უპირატესობა შექმნეს და ლელოში ბერნარდ ფოლი შევიდა, რომელმაც თავადვე გარდასახა - 7:7. ტოომუას დაბრუნება „კენგურუების“ თამაშზე კარგად აისახა, ინგლისის დაცვა უფრო მეტად იწელებოდა, ვიდრე ერთი კვირის წინ და მასპინძლები გაშლილ თამაშში ხიფათს ქმნიდნენ, რაც ტაიმის შუაში მეორე ლელოთი დასრულდა. დერეფნიდან შეტევის შემდეგ ორჯერ შეიცვალა შეტევის მიმართულება, დენ ჰაილეტ-პეტიმ მოთმინება ბოლომდე შეინარჩუნა და ფლანგზე გადაცემა რომ მიიღო მის წინ აღარავინ იდგა. ჰაილეტ-პეტისთვის ეს პირველი ლელო იყო ნაკრების კვართით და რადგან ფოლის გარდასახვა გაუცუდდა, ანგარიში 12:7 გახდა.

ინგლისელთა შერკინებამ ფარელისთვის ჯარიმა გამოიმუშავა და მანაც ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ფოლიმ ჯარიმა იქვე გაქვითა. ბრიტანელები 30-ე წუთზე დაწინაურდნენ, ენტონი უოტსონმა ფეხით გადაკიდა ბურთი და მიკ ბრაუნმა დაამიწა, ხოლო ფარელიმ ფლანგიდან ინგლისი 17:15 დააწინაურა. შესვენებამდე ფოლიმ ორჯერ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, პირველად 41 მეტრიდან ააცილა, მეორედ ახლოდან გაიტანა და ავსტრალია 18:17 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი ავსტრალიამ შეცდომებით დაიწყო, თავისი ლელოდან 5 მეტრში დერეფანი რომ წააგო, ბილი ვუნიპოლამ 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და ის ორმა მბოჭავმა ვერ შეაჩერა. ამჯერად ფარელის გარდასახვა გაუფუჭდა, თუმცა მასპინძლებმა ზედიზედ მეორედ წააგეს საკუთარი დერეფანი, მოლს ჯარიმა მოჰყვა და ფარელიმ ანგარიში 25:18 გახადა.

ავსტრალიამ წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლო და მასში შეცვლაზე შესული დებიუტანტის, ადამ კოლემანის წვლილი უდიდესია. მის გარღვევას ავსტრალიელთა 5-მეტრიანი შერკინება მოჰყვა, საიდანაც შეტევის მიმართულება სწრაფად შეიცვალა და მაიკლ ჰუპერი ბოჭვის მიუხედავად ლელოს ხაზს მიწვდა, ხოლო ფოლიმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 55-ე წუთზე ფარელიმ თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა, თუმცა სამიოდე წუთში ინგლისელთა დაცვა ერთხელაც გატყდა, ტოომუამ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და ბურთი ლელოში ფოლაუს შეაყოლა. გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა, თუმცა ფარელიმ იქვე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 32:31.

ინგლისმა ტემპს უმატა და ავსტრალიელთა შეცდომების სერია ჯეიმი ჯორჯის ლელოთი დასრულდა, ხოლო ფარელიმ ზუსტ გარდასახვას 70-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ინგლისი 41:32 დააწინაურა. საპასუხო ჯარიმამ არ დააყოვნა, ავსტრალიას მატჩის მოსაგებად გარდასახული ლელო ჰყოფნიდა, მაგრამ ინგლისმა კარგად დაიცვა თავი, მერე ფარელიმ მეექვსე შანსი მიიღო და 79-ე წუთზე 35 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ინგლისს გამარჯვება დაუბევა. სულ ბოლოს ტაქელე ნაიარავორომ ინგლისს ფლანგზე მეხუთე ლელო დაუდო, მაგრამ ამით მხოლოდ ავსტრალიელთა მონაგარი გაზარდა და „ვოლაბები“ სერიის მესამე მატჩში 40:44 დამარცხდნენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:52 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

კარგად წაადგა ინგლისს მსოფლიოზე მიღებული ფიასკო.

სირცხვილი ავსტრალიას.

22:54 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ძალიან მაგარი სამუშაო ჩაატარა ედი ჯოუნსმა და ინგლისი მაგარ გუნდად აქცია. ფაქტიურად შანსი არ ქონია ავსტრალიას მა სამი თამაშის განმავლობაში. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო ზელანდიას რო ოდნავი წინააღმდეგობა გაუწიონ

21:02 | 25.06.2016
kukusa (5)

მეორე ადგილზეა და ახალ ზელანდიას წამოეწია.. კიდევ რამდენიმე მოგება გრანდებთან და შეიძლება ისტორიული პირველი ადგილიც დაიკაონ რეიტინგში...

18:10 | 25.06.2016
maxo_65 (458)

მაგარი თამაში იყო..

0.082805