ტესტ-მატჩები

14:48 | 25.06.2016 | ნანახია 3692 - ჯერ

უელსმა ახალზელანდიური ტურნე კრახით დაასრულა

უელსის ნაკრებმა დღეს ახალზელანდიური ტურნეს ბოლო, მეოთხე მატჩი „ოლ ბლექსთან“ გამართა და დიდი ანგარიშთ 6:46 დამარცხდა. „დრაკონები“ მსოფლიო ჩემპიონებთან წინა ორ მატჩშიც დამარცხდნენ, თუმცა ამჯერად ამხელა სხვაობის დაფიქსირებას, ალბათ, ცოტა ვინმე თუ ელოდა.

შეიძლება ითქვას, რომ დანედინში გამართულ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ევროპელებს მასტერკლასი ჩაუტარა. შეტევაში ბრწყინვალე თამაშთან ერთად მასპინძლებმა დაცვაშიც ძალიან კარგი, დისციპლინირებული თამაში აჩვენეს, მეტოქეს ლელოს დადების საშუალება არ მისცეს თავად კი 6(!) ლელოს დადება მოახერხეს.

სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, პირველი ქულები მათმა მგეზავმა დენ ბიგარმა აიღო საჯარიმო დარტყმით მე-6 წუთზე, ცოტა ხანში მან და ბოდენ ბარეტმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს და მე-20 წუთისთვის „დრაკონები“ ისევ წინ იყვნენ-6:3. თუმცა ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ ერთი გუნდი აგროვებდა, უელსელთა განადგურება ბენ სმიტმა დაიწყო- 23-ე წუთზე მასპინძელთა მორკინალებმა კარგი უპირატესობა შექმნეს, შემდეგ ააროან სმიტმა მოგვარეს გრძელი პასი მისცა ფრთაზე და ბენ სმიტსაც აღარ გასჭირვებია ლელოს დადება.

პირველი ნახევრის დასრულებამდე „ოლ ბლექსმა“ მეტოქეს კიდევ ერთი ლელო დაუდო, ამჯერად თავი ჯორჯ მოალამ გამოიჩინა, რომელიც თავის მეორე მატჩს ატარებდა ნაკრებში. ბარეტმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, ცოტა ხნით ადრე კი კი იგივე ბარეტმა ჯარიმის გატანაც მოახერა. პირველი ტაიმის ანგარიში- 18:6.

მეორე ნახევარი, აარონ კრუდენის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი, ბოდენ ბარეტის ბენეფისი გამოდგა. 44-ე წუთზე მისი პირველი ლელო ვიხილეთ, რომლის გარდასახვა თავადვე შეძლო. ცოტა ხანში შეხვედრის არბიტრმა რაქში წესების დარღვევისთვის „ოლ ბლექსის“ მესამეხაზელი სემ ქეინი სინბინში გაუშვა, თუმცა ამით უელსელებმა ხელი ვერ მოითბეს. პირიქით, ლელოს დადება კვლავ მასპინძლებმა შეძლეს- მათ მეტოქის ოცდაორმეტრიან ხაზთან ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩაათამაშეს, შეცვლაზე შემოსულმა ლიმა საპოაგამ ბოდენ ბარეტს ჭკვიანურად უპასა, ამ უკანასკნელმა მაღალი სიჩაქარე აკრიფა, ორ მბოჭველს დაუსხლტა და დუბლი შეასრულა, მისი გარდასახვა კვლავ ზუსტია-32:6.

არ გასულა ხუთი წუთი და ახალზელანდიელთა ჰუკერის, დენ კოულსის ლელოც ვიხილეთ- „ოლ ბლექსმა“ მარცხნივ ხელდახელ სწრაფი ჩათამაშებით მეტობა შექმნა, კაპიტანი ქირან რიდის პასის შემდეგ კოულსმა დაცვის ხაზი გაარღვია და მეხუთე ლელო დადო, ბარეტის გარდასახვა კვლავ ზუსტია. უელსელებს აღარაფერი აღარ გამოსდიოდათ, ყველა კომპონენტში მსოფლიო ჩემპიონები დომინირებდნენ და მატჩის ბოლო წუთზე ისრაელ დაგმა მეტოქეს მეექვსე ლელოც დაუდო, ბარეტმა კი სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა- 46:6.

ამრიგად, უელსის ნაკრებმა ახალზელანდიურ ტურნეში „ოლ ბლექსთან“ სამივე მატჩი დათმო, მათ ვერც სუპერ რაგბის კლუბ „ჩიფსის“ ძლევა მოახერხეს და სახლში მოგების გარეშე ბრუნდებიან. ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის კი ეს ზედიზედ 41-ე საშინაო გამარჯვება იყო, რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.

უჩა გოგიძე


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:53 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

ზელანდიელები არაამქვეყნიურები არიან

16:49 | 25.06.2016
kukusa (5)

იაპონიამ წააგო შოტლანდიასთან და ძალიანაც კარგი- ორშაბათს ისტორიული შედეგი დაფიქსირდება- საქართველოს ნაკრები გადადის 11 ადგილზე. გილოცავთ!

15:12 | 25.06.2016
maxo_65 (458)

შეჭამეს საწყალი უელსელები

15:02 | 25.06.2016
ოვალური კორბენი (276)

სახეებს дააკვირдით ფოტოზე რა...
თან რო სიამოვნებთ ეს ყველაფერი

15:01 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

არაამქვეყნიურ რაგბის თამაშობენ ზელანდიელები. ყველა მხრიდან შეტევას ცდილობენ, რაც გამოსდით კიდევაც და საკმაოდ ლამაზი სანახავია

0.083231