ტოპ 14

1:32 | 25.06.2016 | ნანახია 5659 - ჯერ

გორგოძის ლელო საკმარისი არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ტოპ 14-ის ფინალში ქართული, ისტორიული ლელო შეიტანა, მაგრამ მისმა „ტულონმა“ დისციპლინას ვერაფერი მოუხერხა, დენ კარტერმა და იოჰან გუსენმა უშეცდომოდ ურტყეს და „რასინგმა“ 29:21 დამსახურებულად გაიმარჯვა.

არადა, გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის გუნდის გამარჯვება რეალური ჩანდა, რადგან მე-18 წუთზე მაქსიმ მაშენო მსაჯმა ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, შუბურ ბოჭვაში დაადანაშაულა და მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა. 62 წუთი მეტობაში პატარა უპირატესობა არაა, მით უმეტეს, რომ გორგოძის ლელოს შემდეგ „ტულონი“ 14:6 დაწინაურდა, თუმცა პარიზელებმა მეტოქეს ჭკუით აჯობეს და შედეგიც დამსახურებული მიიღეს.

რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, როდესაც სამი ქართველის გუნდი ჩემპიონი ვერ ხდება, მით უმეტეს, რომ ამაში ჩვენებურების ბრალეულობა მინიმალურია, მაგრამ ასეა - ეს თამაში მწვრთნელმა წააგო. გორგოძემ მეორედ ითამაშა ფინალში, 2011 წელს „მონპელიესთან“ ერთად და ფრანგულ ოქროს ვერცერთხელ შეწვდა, ხოლო ჩილაჩავა და მიქაუტაძე პირველად თამაშობდნენ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს. ჩილაჩავას გუნდთან ერთად ერთი ფინალი მოგებული აქვს, ოღონდ ჩემპიონთა თასზე.

სამივე ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითადში დაიწყეს და აქტიურები იყვნენ, თუმცა მწვრთნელმა მიქაუტაძე 56-ე, ჩილაჩავა 64-ე და გორგოძე 65-ე წუთებზე შეცვალა. ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ 98 ათასი მაყურებლის წინაშე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ტულონელების იყო. ისინი მეტოქეს ჯაბნიდნენ შერკინებაში და ღია თამაშში, მაგრამ უჭირდათ რაქებში. სწორედ მიწაზე არასწორი თამაში აღმოჩნდა მოგვიანებით გადამწყვეტი.

პირველსავე წუთზე ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ გუნდს ჯარიმა გამოუმუშავეს და ლეიგ ჰალფპენიმ ანგარიში გახსნა, მე-6 წუთზე მას კარტერმა უპასუხა. მე-18 წუთზე მაშენო წითელი ბარათით დაისაჯა და ჰლფპენიმ გაიტანა, ხოლო 22-ე წუთზე 47 მეტრიდანაც ზუსტად დაარტყა. ორიოდე წუთში, კვლავ რაქში არასწორი თამაშის შემდეგ კარტერმა ერთი ჯარიმა გაქვითა, 29-ე წითზე კი, სრულიად საქართველომ გაიხარა. გორგოძე შეტევებში მანამდეც აქტიურობდა და ხელის კვრით იშორებდა მეტოქეებს, ახლაც ყველაფერი მისი მიძალებით დაიწყო, ორიოდე ფაზის შემდეგ მას ხუან მარტინ ფერნანდეს ლობემ უპასა, მამუკამ მცველი აიყვანა და ოფლოუდი ჯოშუა ტუისოვას ამოუგდო, ვისაც კარგად მიყვა და როდესაც ის შებოჭეს, მისგან საპასუხო პასის შემდეგ ლელოს მიწვდა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა - 14:6.

მაგრამ ეს ფინალი იყო, „რასინგი“ არ გატყდა და 32-ე წუთზე გუსენმა ჯარიმა შორიდან გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს მსაჯმა გორგოძეს მეტოქის ბლოკირებაში დასდო ბრალი და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

მეორე ტაიმში „ტულონი“ მოედანზე არეული გავიდა და კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა. არეულობა უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც გუსენმა 55 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა და 47-ე წუთზე პარიზელები დააწინაურა. მალევე ხშირ ჯარიმებს ხავიერ ჩოკის სინბინი მოყვა და გუსენი კვლავ ზუსტი იყო, ხოლო 57-ე წუთზე კარტერმა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. ორ წუთში ტულონელებს ცენტრალურ ხაზთან თერნოვერი შეემთხვათ, „რასინგმა“ იერიში სწრაფად გაშალა მარჯვენა კიდემდე, სადაც ჯოე როკოკოკო გაიქცა, მცველს ბურთი თავზე ფეხით გადაავლო და ლელოში შევიდა. კარტერს გარდასახვა გაუცუდდა - ასე მიიღო „ტულონმა“ 14-14-ზე თამაშისას 11 უპასუხო ქულა და 14:26 ჩამორჩა.

დასკვნით წუთებში „რასინგის“ მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ და ხრიკებს მიმართეს. გუსენმა შორიდან ჯარიმა, ხოლო კარტერმა არეკნი ააცილა, მაგრამ დრო გადიოდა. 70-ე წუთზე „ტულონმა“ მეტოქის ლელოდან 5 მეტრში საკუთარი დერეფანი წააგო და გაუმართლა როკოკოკომ ბურთი თავის ლელოში რომ დაამიწა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ ბრაიან ჰაბანა, რომელმაც იმ დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა სამ მცველში შეძვრა, მას წაქცევამდე ოვალი მაქსიმ მერმოზმა გამოსტაცა და ლელოში შევიდა, ხოლო ჰალფპენიმ გარდასახა და „ტულონს“ 5-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, წარმატების იმედი გაუჩნდა.

შანსიც გაჩნდა, მაგრამ დაახლოებით 50-მეტრიანი შეტევის შემდეგ, ბურთი წინ გადავარდა. ტულონელმა მორკინალებმა იმარჯვეს, „რასინგმა“ ბურთი უხეიროდ გაიტანა და 5 მეტრში დაჯარიმდა. „ტულონმა“ კვლავ შერკინება ირჩია, სათამაშოდ 3 წუთი რჩებოდა, მაგრამ „რასინგმა“ ხერხი იხმარა, პირველ ხაზელმა ტრავმა მოიმიზეზა, თამაშში ბენ ტამეიფუნა დაბრუნდა, რომელსაც ძვრა ვერ უყვეს და შემტევი თავად დაჯარიმდა. ბოლო წერტილი კარტერმა 79-ე წუთზე, 40 მეტრიდან ჯარიმით დასვა და „რასინგმა“ 29:21 იმარჯვა. ამრიგად, ფარი კვლავ პარიზში რჩება, ოღონდ „სტად ფრანსეს“ ნაცვლად „რასინგის“ ბანაკში.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:11 | 25.06.2016
Kala94 (151)

ბრავო მამუკას და საღოლ კოტეს და ლევანს ! რა დაემართა ტულონს ნორმალურად ვერც ვიაზრებ.. რასინგმა ფაქტია რომ დაიმსახურა !

14:56 | 25.06.2016
ოვალური კორბენი (276)

რა კარგი სანახავი იყო ის, რომ სამი ქართველი იწყებдა ძირითაдში თამაშს გუნдში, რომელსაც ალბათ ყველაზე ვარსკვლავური შემაдგენლობა ყავთ ევროპაში. თუმცა წაგება, თანაც კაცნაკლულ მეტოქესთან მართლაც არასასიამოვნო იყო.
გამოჩნдა, რომ რაც უფრო მეტი მოთამაშეა სპორტის კონკრეტულ სახეობაში, მით უფრო აдვილაд გაдასატანია ერთი კაცის გაძევება. ფეხბურთში მაგალითაд, მატჩის дასაწყისში ფეხბურთელის გაგдება კატასტროფაა. კალათბურთში კაცნაკლული ყოფნა უაზრობაა, ამიტომ გაძევებაა არცაა. აი რაგბში კი აშკარაд შესაძლებელი ყოფილა ბრძოლა. მით უმეტეს дროებითი სინბინები აქ ხშირია дა უამრავი სტრატეგია ექნებათ შემუშავებული, თუ როგორ ითამაშონ 14 კაცით. მართლაც ბრავო რასინგის მწვრთნელთა შტაბს.

11:14 | 25.06.2016
rugby aia (5)

ძაან სამწუხაროა ტულონის დამარცხება, კარგი იქნებოდა სამი ქართველის ჩემპიონობა საფრანგეთში, თამაშს რომ ვუყურებდი არც კი იგრძნობოდა, რომ რასინგი კაცნაკლული თამაშობდა, ძაან მაგარი დაცვა ითამაშეს, უფრო მეტად უნდოდათ მოგება და მოიგეს კიდეც. ლა პასეს კისერზეა ეს წაგება, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები რასინგის მწვრთნელები ის მწვრთნელები არიან, რომლებმაც ორი თუ სამი წლის წინ კასტრი გახადეს ჩემპიონი ანტონასთან ერთად, ასე რომ იცის იმ ხალხმა თავისი საქმე. ბოლო შერკინებას რაც შეეხება ვერ გავიგე ტამეიფუნა რატომ შემოუშვა მსაჯმა, სამივე პირველხაზელი შერკინებისთვის ემზადებოდა, ტრამვა არავის ქონია და უცებ შემოუშვეს ტამეიფუნა მწვრთნელებმა და გაიყვანეს ვართანოვი, მსაჯს უფლება არ უნდა მიეცა ჩემი აზრით საღსალამათი კაცი გაეყვანათ და დასვენებული ცხოველი შემოეშვათ. არადა შეიძლებოდა მაგ მომენტში შეტრიალებულიყო ყველაფერი. თუმცა კიდევ გავიმეორებ, რასინგმა უფრო დაიმსახურა მოგება.

10:33 | 25.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4')) მამუკა ნამდვილი მებრძოლია, ნახეთ ჩვენი კაპიტნის ლელოო

09:43 | 25.06.2016
tengocie (60)

უნდა მოვითხოვოთ ცოცხალი ლეგენდის დავით ზირაქაშვილის გაცილება ნაკრებიდან რომელიც ჩატარდება საქართველოში. არა მგონია დავითმა უარი გვითხრას და ჩვენც ლამაზი გაცილება მოვუწყვოთ რომელიც დარჩება ისტორიას.

09:38 | 25.06.2016
tengocie (60)

მეც თავიდან ბოლომდე ვუყურე. რასინგმა კია რ მოიგო არამედ ტულონმა წააგო თამაში. ძააან დამწყდა გული.

08:24 | 25.06.2016
Torres9 (48)

მთლიანად ვუყურე თამაშს,სამარცხვინოა როცა გუნდი აგებს ასეთ შეხვედრას,როცა მეტოქე შენზე ნაკლებია თითქმის ტაიმნახევრის განმავლობაში,შეგრძნება მქონდა თითქოს ტულონის მოთამაშეებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ მოედანზე მაშინ როცა მეტოქე უკვე კაცნაკლული იყო მე17 წუთიდან...100% ტულონის მწვრთნელის "დამსახურებაა" მარცხი,იმედია გორგოძილა გაისად გახდება ჩემპიონი

01:47 | 25.06.2016
buratino (480)

ბატონმა ზურა ქსოვრელმა, როგორც საქმის პროფესიონალმა, აბსოლუტურად ზუსტად აღწერა მატჩის პერიპეტიები ამიტომ ჩემს სათქმელს შედარებით მოკლედ ვიტყვი:
თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს და ძალიან დამწყდა გული ჩვენების ტულონი რომ დამარცხდა. არადა, მატჩის დებიუტში მეტოქის მოთამაშის გაძევებისა და შემდეგ გორგოძის ლელოს მერე (როცა გახარებისგან იმდენი ვიყვირე რომ მეზობლები შევაწუხე) ნამდვილად არ ველოდი ასეთ სცენარს. ჩემი შეფასება ასეთია: "ტულონმა" მეტწილად დისციპლინის ნაკლებობისა და მწვრთნელის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამოისობით წააგო

0.138947