ერთი წლის წინ ჩემმა კოლეგამ, რაგბიზე უზომოდ შეყვარებულმა კარგმა ადამიანმა ლევან ჯობავამ ენთუზიაზმით სავსე სამი მორაგბე შემოიკრიბა და ფეხით, გეზი მთებისკენ აიღო. მათი მეგზური იყო რაგბის ბურთი და მიზანი - ოვალურ სამყაროსთან ახალგაზრდების ზიარება.
პირველი ექსპედიცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას მეორე და მესამე მოყვა, მერე სისტემატიური ხასიათი მიიღო და დაიბადა უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი - „რაგბი აქაურობას“, რომლის იდეის ავტორი ლევან ჯობავაა და მას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახორციელებს. რამდენიმე თვეში ეს პროექტი საქართველოს რვა რეგიონის ათეულობით სოფელს ეწვია და რაგბის ღირებულებებს აზიარა 1000-მდე ბავშვი.
რაგბი არაა მხოლოდ ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების წარმატება, არც შიდა ჩემპიონატი და არც უბრალოდ სპორტის რიგითი სახეობა - ესაა ცხოვრების წესი, ერთ-ერთი გზა იმისაკენ, რომ ახალგაზრდა იქცეს უბრალოდ ჯანმრთელ, კარგ ადამიანად. ოვალური ბურთის მეშვეობით, ყველა თუ არა მასზე ხელს შემხებთა 95% მაინც, სწავლობს მეგობრობას, გუნდირობას, ერთმანეთის გატანას, მეგობრების გატანას, თავდადებულ შრომას წარმატებისთვის, მაქსიმუმის გაღებას და ამავდროულად, მოწინააღმდეგის პატივისცემას, მის დაფასებას, წაქცეულისთვის ხელის შეშველებას, მოკლედ ყველაფერ იმას, როგორებიც გვინდა ჩვენ და ჩვენი შვილები იყვნენ.
და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა ამ პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაცაა. ასეთები უკვე გამოჩნდნენ, ერთ-ერთ მათგანს გაუმართლა კიდეც და „პირველი მერცხალი“ გახდა - გიორგი ჭურღულია, რომელიც უკვე თბილისშია და გორის „ჯიქის“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდში ვარჯიშობს.
ესაა „რაგბი აქაურობას“ და მისი ავტორის, ლევან ჯობავას პირადი დამსახურება. მასთან საუბარი განვლილი პერიოდით და უკვე მიღეული შედეგებით დავიწყეთ.
- დაახლოებით ერთი წელიწადია პროექტი "რაგბი აქაურობას" აამუშავეთ. ამ პერიოდში რომელი რეგიონების ათვისება მოახერხეთ?
- უკვე 8 რეგიონში ვიყავით - ფშავ-ხევსურეთი, რაჭა, ზემო და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, გურია, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. ჯამში 45 სოფელი მოვიარეთ და რაგბის 850-ბავშვზე მეტი ვაზიარეთ. ამავე პერიოდში რაგბიში აბასთუმნელი მოზარდები ჩავრთეთ, კეთილი ადამიანების ჯგუფთან ერთად, მოზარდებს ტრანსპორტირების პრობლემა მოვუგვარეთ და ოცი ახალგაზრდა პროფესიონალი მწვრთნელის, შოთა ხარშილაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ორ თვეში მათ საკმაოდ კარგი შედეგი აქვთ.
პროექტის აგნხორციელებაში ლომის წილი მიუძღვის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს რაგბის კავშირთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. სწორედ მათი და ჩვენი პროექტის დახმარებით შეიქმნა რაგბის კლუბი „უშბა“ და ენგურისპირა სოფლის, რუხის მცხოვრები პატარები ჩაერთვნენ რაგბიში, ისინი კლუბ „ოდიშის“ წევრები გახდნენ. მოზარდებთან სვანეთში ირაკლი ნარსავიძე, ხოლო სამეგრელოში დავით დგებუაძე მუშაობენ. უკვე ჩავატარეთ ორი ფესტივალი ჩხოროწყუსა და ადიგენში. პირველ შემთხვევაში ღონისძიებაში 80 მოზარდი მონაწილეობდა, მეორეში - 30 და მსგავს აქტივობებს მომავალშიც ვგეგმავთ.
- ეს კონკრეტული და ხელშესახები შედეგებია. ხომ არ ფიქრობთ აქტივობის გაფართოვებას, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სხვა რეგიონების ათვისებაც გვინდა, თუმცა იმ რეგიონებშიც, სადაც უკვე ვიყავით, მრავლადაა ისეთი სოფლები, სადაც ჯერ არ მივსულვართ და აუცილებლად მივალთ. პროექტის ფარგლებში გვაქვს გარკვეული იდეები და ამ თემებზე ვმუშაობთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ეს ყველაფერი სოციალური მიმართულებით კეთდება და მომდევნო თვეში ბევრი რამ იქნება გარკვეული. მოკლედ, გეგმები გვაქვს, მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში მათზე კონკრეტულად შემეძლება საუბარი.
- თქვენი დამსახურებით გამოჩნდა პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელიც ოსტატობის დახვეწას უკვე პროფესიულ დონეზე განაგრძობს. როგორ აღმოაჩინეთ ის რით დაიმსახურა განსაკუთრებული ყურადღება?
- ჩვენს პროექტში ბევრ ნიჭიერ მოზარდს მოკრავდით თვალს. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი ჭურღულიას, ის სამეგრელოში, სოფელ პირველ მაისში გავიცანი. თავიდანვე შევატყე ბრძოლისუნარიანობა, აშკარად ჩანდა, რომ ამ ბიჭს შიში არ ქონდა, რაც რაგბიში ერთ-ერთი დასაფასებელი თვისებაა. შეხვედრის შემდეგ მასთან აქტიურად ვკონტაქტობდი, ძალიან დიდი ინტერესი გამოამჟღავნა რაგბის მიმართ, ვუგზავნიდი ვიდეოებს და ვეუბნებოდი როგორ ევარჯიშა განვითარებისთვის.
მისი ვარჯიშების გადაღება ჩვენს ხობელ მეგობარ ირაკლი შონიას ვთხოვე და როდესაც ვიდეო გამომიგზავნეს, რაგბის კლუბ გორის „ჯიქის“ ხელმძღვანელობას შევხვდი. კარგად მახსოვს დავით გოცაძის შეფასება - „ხასიათიანი ბიჭი ჩანს“. გადაწყდა მისთვის მიეცათ შანსი, 1 წლიანი შანსი, გიორგი ჩამოვიყვანეთ მივიყვანეთ სინჯებზე. ის უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად, ძალიან ბევრი აქვს სამუშაო და მასთან „ა“ ლიგის მწვრთნელები მუშაობენ.
გარდა ამისა, სექტემბრიდან იხსნება დიდი და სერიოზული ცენტრი - „ჩემპიონთა აკადემია“, სადაც სპორტსმენებს ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესაბასა და წარმატების მიღწევაში პროფესიონალი მწვრთნელები დაეხმარებიან, როგორც ქართველები, ასევე უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები. ჩვენი პროექტის შესახებ „ჩემპიონთა აკადემიის“ წარმომადგენლებს მოვუყევი, დაინტერესდნენ და ისინიც დაგვპირდნენ დახმარებას.
ეს ყველაფერი გიორგისთვის სიურპირიზი იყო. მან არაფერი იცოდა, როდესაც გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მივედფით. „ჯიქის“ დამფუძნებელმა დავით გოცაძემ მას პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ერთი წლით აიყვანეს გუნდში და დაუნიშნეს სტიპენდია. მე მას „ჩემპიონთა აკადემიის“ დახმარების ამბავი ვუთხარი. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო - „რეალურ სივრცეში“ ერთი მაგარი ბიჭის ცხოვრება რეალურად შეიცვალა. ის უკვე ვარჯიშობს გორის „ჯიქში“ და მუშაობს „ჩემპიონთა აკადემიის“ მწვრთნელებთან. ახლა ყველაფერი გიორგიზეა დმოკიდებული. ამ ეტაპზე მწვრთნელები დადებითად აფასებენ მის მონდომებას და შრომისმოყვარეობას, დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.
- ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მას თბილისში საცხოვრებლად სტიპენდია არ ეყოფა.
- გიორგი 16 წლისაა და თბილისში მამიდასთან იცხოვრებს. ხშირ შემთხვევაში, ნიჭიერი ახალგაზრდების თბილისში ჩამოყვანას სწორედ საცხოვრებლის არარსებობა უშლის ხელს. ამ შემთხვევაში გიორგის გაუმართლა, საცხოვრებელი პრობლემა არ იყო და ამან იდეის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა.
ქვეყბის მასშტაბით ბევრი მიზარდია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და მინდა გიორგი მათთვის მაგალითად, დამატებით სტიმულად იქცეს. რაგბიში წარმატება შრომით და მონდომებით მოდის, მინდა ყველას მიეცეს შანსი გამოსცადოს საკუთარი თავი. გასაგებია, რომ დიდ რაგბის ყველა ვერ ითამაშებს, ზოგი მეხანძრე-მაშველი გამოვა, ზოგი ექიმი, ზოგი მხატვარი და ზოგი სოფლის მეურნეობას მიხედავს, მაგრამ სარაგბო ღირებულებებზე აღზრილი თაობა, ჩვენს ქვეყანას ბევრ დადებითს მოუტანს და ეს უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ იდეების, რაგბის ღირებულებების ახალგაზრდებამდე მიტანაა ჩვენი პროექტის უმთავრესი მიზანი.
გიორგი ჭურღულია: „ეს სიკეთე არასდროს დამავიწყდება“
16 წლის გიორგი ჭურღულიას ცხოვრება ლევან ჯობავამ და „რაგბი აქაურობამ“ თავდაყირა დააყენა, რა თქმა უნდა დადებითი კუთხით. შესაძლოა, ის ვერ გახდეს დიდი მორაგბე, მაგრამ ერთი რამ უკვე გარდაუვალია - აუცილებლად გაიზრდება კარგ ადამიანად, რადგან სრულიად უცხო ადამიანებისგან იგრძნო თანადგომა და ეს მის ცხოვრებაში წაუშლელ კვალს დატოვებს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაყვება.
ლევან ჯობავას და გიორგი ჭურღულიას ისტორია ჩემთვის „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟის, მურდუხაი გაცოცხლებაა, რომელმაც ბიჭს პერანგი აჩუქა, მან კი, თხას გასაყიდი ფასი დააკლო და ამით მოხუცებული ქალბატობა გაახარა. სიკეთე გადამდებია და გიორგის შემთხვევაში ეს უკვე შესრულებულია.
და მაინც, მე მაქვს იმედი, რომ რამდენიმე წელიწადში ჭურღულიას ხსენება საქართველოს ნაკრების მატჩების მიმოხილვის წერისას მომიწევს, მანამდე კი, საკუთარ შეგრძნებებზე ის თავად მოგვიყვება.
- როდის გაიგეთ პირველად რაგბის შესახებ და ლევან ჯობავასთან შეხვედრამდე თუ გქონდათ მასთან შეხება?
- რაგბის შესახებ რამდენიმე თვის წინ, მეგობრისგან გავიგე და სწორედ მის რჩევით დავიწყე ვარჯიში. სიტუაცია პირველივე დღიდან მომეწონა და ასე შემოვრჩი რაგბის. მაგრამ ეს უფრო სახალისო გართობა იყო. მერე ლევანი გვეწვია თავისი პროექტით და რაგბიმ კიდევ უფრო დამაინტერესა. სერიოზულად მივუდექი ვარჯიშს, ლევანი მიგზავნიდა ვიდეოებს და ნელ-ნელა სტიმული მემატებოდა. მოკლედ, ყველა სერიოზული ნაკრები ლევანის დახმარებით გადავდგი და მისი უაღრესად მადლიერი ვარ.
- როგორია შენი თვალით დანახული „რაგბი აქაურობას“ და რა აქვს ლევან ჯობავას ისეთი, რამაც შენს ცნობიერში რაგბის სიყვარული კიდევ უფრო აამაღლა?
- სწორი მიდგომა. ის არასდროს მაკრიტიკებდა, არაფერს ამბობდა ისეთს, რასაც შეიძლებოდა იმედგაცრუება გამოეწვია და ამავდროულად, ზუსტად მიმითითებდა კონკრეტულ შეცდომებზე, მაძლევდა რჩევებს, როგორ წავსულიყავი უკეთესობისკენ. მაიმედებდა, მეუბნებოდა, რომ მეტის მიღწევა შემეძლო და ჩემგან სულ უფრო მეტს ითხოვდა.
- როგორი იყო ლევანთან ჩატარებული პირველი ვარჯიში?
- წვიმიანი დღე იყო, მაგრამ მაინც შევიკრიბეთ. ლევანმა რაგბის წესები აგვიხსნა და გასაუბრების შემდეგ დავიწყეთ თამაში, რომლის დროსაც მითითებებს გვაძლევდა. მას ორჯერ გავუკეთე ბოჭვა, რომლებიც ძალიან მოეწონა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
- ახლა უკვე თბილისში ხართ და პროფესიულ დონეზე ემზადებით დიდი 10-ის ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდში.
- ლევანის დახმარებით ჩამოვედი თბილისში, მან მიმიყვანა გორის „ჯიქში“ სადაც გავიარე შერჩევა და დავიწყე ვარჯიში. ყოველდღიური ვარჯიშები მაქვს, როგორც გუნდთან ერთად, ასევე ტრენაჟორებზე. გუნდში ყველამ მეგობრულად მიმიღო და ძალიან კარგ ატმოსფეროში მოვხვდი. ახლა მაქავს შანსი ვითამაშო დიდი რაგბი, ყოველ შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯო. მოუთმენლად ველოდები შემოდგომას, როდესაც „ჯიქს“ „ა“ ლიგის თამაშები დაეწყება და ჩემი პირველ სერიოზული „ნათლობაც“ მაშინ შედგება.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რაგბი აქაურობამ“ მოყვარულისგან ნამდვილ პროფესიონალად გაქციათ?
- შედარებაც არაა იმვარჯიშებს და პირობებს შორის, რაც სოფელში მქონდა და სადაც ახლა ვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო დიდი რაგბი და ცდას არ დავაკლებ, თუმცა თუ არ გამოვა, არც ეგ იქნება დიდი პრობლემა. კარგად მესმის, რომ ყველა მსურველი დიდი მორაგბე ვერ გახდება, მთავარი ისაა, რომ დაკავებული ვარ სპორტის იმ სახეობით, რომელიც უზომოდ მიყვარს.
ჩემთვის ასეთი დიდი სიკეთე არასდროს არავის გაუკეთებია. მე არ ვარ განსაკუთრებული, უბრალოდ ლევანმა ჩამინერგა, რომ არავიზე ნაკლები არ ვარ, გვერდში დამიდგა, ყველანაირად დამეხმარა და ახლა აი აქ ვარ. მისი მონდომებით, მე უკვე პროფესიულ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და დღე არ გავა რამდენჯერმე არ მომიკითხოს, ჩემს გარეშე, ჩემზე ესაუბრება მწვრთნელებს. მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს, ვისი დახმარებითაც მე ასეთი დიდი შანსი მივიღე. მადლობა გორის „ჯიქს“ და „ჩემპიონთა აკადემიას“, რომლებმაც უპრობლემოდ გამიღეს კარი და განვითარების ასეთი საშუალება მომცეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა ლევან გენაცვალე შენ, ოქროს ადამიანი და ბაჯაღლო ქართველი ხარ!!! გიორგი კი, არ მინდა წნეხივით გამომივიდეს, მაგრამ მჯერა თავის სიტყვას იტყვის ქართულ რაგბში, ცოცხალი ჯანიანი ბიჭია და სწორედ იმ მუხტს შეიტანს ნაკრებში რაც ცოტა მაინც გვაკლიასავით. მოინდომე გიო შენი იმედი გვაქვს, შენს კვალზე ათასები წამოვლენ თუ მაგარ მაგალითს მისცემ. ჩვენ შენი გვჯერა!!!
ეგ 1 და სხვა მრავალი.
ერთხელ ვნახე კომენტარი, სადაც გულშემატკივარი წერდა: არ გვაქვს გენში ჩვენ სპრინტი და სისწრაფეო. აფრიკული სისხლი მაინც სხვა არისო... ქართველ კაცს, კავკასიელს, კავკასიის მდინარეებში განბანილს და მთის მოლზე გაზრდილს არავისზე ნაკლები სისწრაფე, სისხარტე და მოქნილობა არ აქვს(იგივე სუდანის ზანგები ბევრჯერაც დაუფრენიათ ჩუბინ მამლუქებს... არც ლობჟანიძე, ფრუიძე, თოდუა... არიან ვინმეზე ნელები). ზუსტადაც, ქედ-ქედ და სოფელ-სოფელ სიარული უნდა ისედაც დაცლილ მთის საქართველოში. რაგბი სწორედ ქართული გენის და ჯიშის სათამაშოა. ადვილია აქედან რჩევა-წერა, მაგრამ პანკისსაც თუ აითვისიბდნენ, მოსაზღვრე ლაზურ და ინგილოურ სოფლებს უკეთესი იქნებოდა. კარგი პროექტია. წარმატებები.
ძალიან კარგი პროექტია. გაიხარეთ. ერთი სიამოვნებაა ჩემთვის ესთი სტატიის კითხვა. პროექტის ყველა მონაწილეს უდიდესი მადლობა
წარმატებები
ამ პროექტის ეგიდით ერთი მორაგბე მაინც თუ გაეზარდა ნაკრებს ეს იქნება უდიდესი წარმატება ! მადლობა ლევანს და ბიჭებს და წარმატებები გიორგის !