საერთაშორისო

1:02 | 21.06.2016 | ნანახია 5582 - ჯერ

ევროპული ფინალი
IX ადგილს საფრანგეთი შეგვეცილება

დღეს მანჩესტერში მიმდინარე U20 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ 9-12 ადგილისთვის გამართულ ნახევარფინალში იტალიელები 18:17 დაამარცხეს, გაირკვა ჩვენი მეტოქე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში და ის მოლოდინისამებრ, საფრანგეთის ნაკრები იქნება.

ფრანგმა ახალგაზრდებმა იაპონელი თანატოლები 41:27 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ „საკურებმა“ ძლიერ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე წინაც კი გაიჭრნენ, თუმცა ბოლო 25 წუთში ფრანგების შეტევებს ვეღარ გაუძლეს და ოთხი ლელო გაუშვეს.

პირველ ტაიმში გუნდებმა ერთმანეთის მსგავსად, სამ-სამი ლელო დადეს და თითო გარდასახვა გამოიყენეს - 17:17. 51-ე წუთზე ფულბეკ იასუდას ლელოთი აზიელები წინ გავიდნენ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის შემდეგ ფრანგებმა ოთხი ლელო დაუდეს მეტოქეს, საიდანაც ორი გარდასახეს და თამაშის ბედი გადაწყვიტეს. იაპონელებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი გარდაუსახავი ლელოს დადება მოახერხეს, მას შემდეგ, რაც მსაჯმა ფრანგების პირველი ნომერი კასტეტსი გაასინბინა. ასე, რომ ქართველ ახალგაზრდები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ თანატოლებთან შეხვედრა მოუწევთ, მატჩი 25 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:15 საათზე დაიწყება.

შედგა ნახევარფინალური მატჩები 5-8 ადგილებისთვისაც. ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ წარსდგნენ ახალზელანდიელი და უელსელი თანატოლები. წინა, ძნელად მოგებულ მატჩთან (18:17) შედარებით, რომელიც ჩვენს ჯგუფში გაიმართა, ახლა „ოლ ბლექსმა“ „დრაკონების“ დამაჯერებლად ძლევა მოახერხა - 71:12. შარშანდელმა ჩემპიონებმა მეტოქისთვის 11(!) ლელოს დადება მოახერხეს, მაშინ, როცა უელსმა მხოლო ორი დადო და იქიდან ერთი გარდასახა.

მეორე მატჩში შოტლანდია ავსტრალიას მთელი საათი ეომა, თუმცა საბოლოოდ გატყდა და 19:35 დამარცხდა. აქაც ჯგუფის ნაცნობები ხვდებოდნენ ერთმანეთს და პირველ შეხვედრაში დიდი ხნის განმავლობაში კაცნაკლულად მოთამაშე სამხრეთელები ევროპელებმა 15:10 დაამარცხეს. დაძაბულ პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს და კენგურუები ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ - 14:12. მეორე ტაიმის დებიუტში, შოტლანდია მატჩში მეორედ დაწინაურდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ეს ანგარიში 55-ე წუთამდე შენარჩუნდა, ავსტრალიამ ლელოთი წონასწორობა აღადგინა და გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო დასკვნით მეოთხედში კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა.

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფინალში ერთამანეთს ირლადნიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ ორი ნაკრებიდან ჯერ ირლანდიის მატჩი შედგა, „სამყურები“ არგენტინელებს შეხვდნენ და მოულოდნელად, დიდი სხვაობით იმარჯვეს - 37:7. „პუმები“ ევროპელებს პირველ ტაიმში გარკვეულ წინააღმდეგობას მაინც უწევდნენ, აი მეორე ნახევარში კი ირლანდიამ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა. ამაში გარკვეული როლი არგენტინელთა დამახასიათებელმა უდისციპლინობამაც ითამაშა, შეხვედრის არბიტრმა მათი პირველხაზელი პულელა წითელი ბარათით „დაასაჩუქრა“.

მასპინძელმა ინგლისმა სამხრეთ აფრიკას პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო ლელო დაუდო და 40 წუთში მოუმთავრა საქმე - 31:3. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ორი ლელო დადეს, გარდასახვებიც ზუსტად შეასრულეს და სათამაშო თითქმის ნახევარი საათი რჩებოდა, ჩამორჩენა 14 ქულამდე რომ დაიყვანეს. ინგლისმა ცვლილებებს მიმართა, ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, სულ ბოლოს ერთი ლელოც გაიტანა და 39:17 იმარჯვა.

ამრიგად, ტურნირის ისტორიაში მეორედ და 2013 წლიდან პირველად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ევროპელები გაითამაშებენ. მთლიანობაში, გუნდები ჩრდილოეთის და სამხრეთის პრინციპით დაწყვილდნენ - სამხრეთელები მხოლოდ მესამე-მეექვსე ადგილებს გაინაწილებენ. ერთ-ერთი საინტერესო იტალიისა და იაპონიის მატჩი უნდა იყოს, რადგან დამარცხებული ადგილს სამოას დაუთმობს და გაისად თბილისში ვერ ჩამოვა.

IX-XII ადგილების ნახევარფინალები

საქართველო - იტალია 18:17

საფრანგეთი - იაპონია 41:27

V-VIII ადგილების ნახევარფინალები

ახალი ზელანდია - უელსი 71:12

შოტლანდია - ავსტრალია 19:35

თასის ნახევარფინალები

ირლანდია - არგენტინა 37:7

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 39:17

IX ადგილისთვის

იტალია - იაპონია

IX ადგილისთვის

საფრანგეთი - საქართველო

VII ადგილისთვის

უელსი - შოტლანდია

V ადგილისთვის

ახალი ზელანდია - ავსტრალია

III ადგილისთვის

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა

ფინალი

ინგლისი - ირლანდია

უჩა გოგიძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:22 | 21.06.2016
federer (17) (469)

გავიჭირდება მაგრამ ფრანგებთან ჩვენი შანსები გვექნებაა.
პირველი თამაში მართლა კატასროფა იყო ზელანდიასთან და მერე ყველა თამაშში იბრძოლეს ბიჭებმა და ძალიან კარგი შთაბეჭიდილება დატოვეს.
უელსთან მოსაგები თამაში გვქონდა, მაგრამ დერეფანში ცუდმა თამაშმა და ჯარიმების ვერ გამოყენებამ არ მოგვცა წინ გასვლის საშუალებაა.
რაც შეეხება ირლანდიას აქაც მეტი შეიძლებოდა, რომ არა სპანდერაშივილის გაძევება 8 წუთზე იოლად ვერ გაგვტეხდნენ ირლანდიელები, მაგრამ არგენტინელებზე დიდი წინააღმდეგობა მაინც გავუწიეთ.
რალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია. 2-3 გუნდი თუ არის დღეს ჩვენზე გაცილებით ძლიერი, თორე დანარჩენებთან ყველასთან შეგვიძლია ბრძოლაა

13:47 | 21.06.2016
iberiana (33)

კარგია რომ ჩრდილოური რაგბის მომავალი აწომასწორებს პინებს სამხრეთულთან, ეს ისევ მსოფლიო რაგბს წაადგება... ჩვენს ბიჭებს ვულოცავ დიდ გამარჯვებას! ბანალურ თემად იქცა უკვე ეს ყბადაღებული და ჭერმორღვეული დერეფნები და მწვრთნელებმა უკეთ იციან, ვერაფერს დავამატებ. თვალშისაცემია მხოლოდ უჯინჭველაშვილობა(დიდი პატივისცემით მოძღვრიშვილს, მის გაწეულ ამაგს და მის მომავალს, მაგრამ აწმყოში ასეა). კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს და სარაგბო თემს, უფალს ებარებოდეთ!

10:22 | 21.06.2016
BEERTRANCE (1073)

დერეფანი და დარტყმები თუ გავასწორეთ არც ფრანგებთან ვიქნებით უშანსოდ.

14:24 | 21.06.2016
federer (17) (469)

დერეფნები მართლა ძალიან ცუდი გვაქვს და აუცილებლა გვჭირდება კარგი სპეციალისტი, რომელიც ამ კომპონენტს გამოასწორებს

0.135682