სტატიები

13:00 | 20.06.2016 | ნანახია 2348 - ჯერ

არგენტინა საფრანგეთთან დაწინაურდა

არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა კარგად ჩაატარა, 30:19 იმარჯვა და 1:0 დაწინაურდა.

„პუმასმა“ სტუმრებს პირველ ტაიმში ორი ლელო დაუდო, თავად ერთი გაუშვა, ხოლო მატჩის მიწურულს გვიდო პეტიმ ლამაზი ლელოთი მასპინძლებს კომფორტული სხვაობით მოგება დაუბევა. მანამდე დასკვნითი 40 წუთი ნიკოლა სანჩესისა და ჟიულ პლისონის დუელს დაემსგავსა, რადგან გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ამის გამო თამაშის ტემპი მაღალი არ გამოვიდა.

გი ნოვესს შემადგენლობის შერჩევის კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნა. მან ვერ ისარგებლა იმ ოთხი კლუბის მოთამაშეებით, რომლებიც ტოპ 14-ის ნახევარფინალში გავიდნენ - „კლერმონი“, „რასინგი“, „მონპელიე“ და „ტულონი“. შედეგად, „ლე ბლემ“ ჯამში შვიდი დებიუტანტი გამოცადა, რაც სამომავლოდ გუნდს აუცილებლად წაადგება.

შეხვედრის საწყისი წუთები ფრანგების იყო, მათ ზედიზედ ოთხი დერეფანი მოიგეს და მეტოქის ნახევარზე მეტი დრო გაატარეს. შედეგად, პლისონმა მე-10 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნა და მისი გაორმაგებაც შეეძლო, მაგრამ მეორე დარტყმა გაუცუდდა. მე-17 წუთზე სანჩესმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და არგენტინამ თავდაჯერებულად შეუტია. შედეგად, თანმიმდევრული შეტევით სტუმართა დაცვა მე-20 წუთზე გატყდა, ერთ ფლანგზე რამდენიმე მიძალების შემდეგ, ბურთი სწრაფად ჩათამაშდა საპირისპირო მიმართულებით და მანუელ მონტეროს ლელოს დასადებად საკმარისი სივრცე დარჩა. პლისონმა ზუსტად გარდასახა.

პლისონს მეორე ჯარიმაც გაუფუჭდა და მალე სხვაობა 14 ქულამდე გაიზარდა, რადგან მცველებმა ხოაკინ ტუკულეტის გარღვევის შეჩერება ვერ მოახერხეს და გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. მაგრამ მასპინძლები ხშირად ჯარიმდებოდნენ, შედეგად, ფრანგებმა დერეფნიდან კარგი შესატევი პლაცდარმი მიიღეს, მოლი ააგორეს და რემი ბონფილსის ლელო პლისონმა გარდასახა. „ლე ბლე“ შერკინებაშიც მძლავრობდა და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 17:10.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში სტუმრებმა ზეწოლა გაზარდეს და არგენტინელთა უდისციპლინობა რეალურ პრობლემად იქცა. პლისონმა 44-ე წუთზე თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, მერე ხავიერ ორტეგა დესიო სინბინით დაისაჯა და პლისონმა კიდევ ორი ჯარიმით 54-ე წუთისთვის საფრანგეთი 19:17 დააწინაურა. მასპინძლები დასკვნით მეოთხედში გამოცოცხლდნენ, ახლა ჯეფერსონ პუარო დაისაჯა სინბინით და სანჩესმაც ჯარიმით „პუმებს“ ლიდერობა დაუბრუნა.

მალე სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა გაზარდა, ფრანგებს დაღლა დაეტყოთ და მეორეხაზელმა პეტიმ მათი იმედები 75-ე წუთზე დაასამარა - არცთუ კარგი ბოჭვის შემდეგ მან წონასწორობა შეინარჩუნა და ძელებსშუამდე ირბინა, სანჩესმა კი, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:19.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:16 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

არგენტინას ყოჩაღ რაააააა.

0.092485