ტესტ-მატჩები

15:48 | 19.06.2016 | ნანახია 3387 - ჯერ

იტალიამ აშშ-ს მცირედით აჯობა

იტალიის ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, კონორ ოშის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. „აძურიმ“ დღეს დილით სან ხოსეში გამართულ ტესტ-მატჩში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები 24:20 დაამარცხა.

მატჩის გმირი იტალიელთა კვაჭი ორნელ გეგა გახდა, რომელმაც მასპინძლების ორჯერ დალელოვება მოახერხა. გამოსარჩევი იყო „აძურის“ მგეზავი კარლო კანაც, მან კარში დარტმებით 14 ქულა დააგროვა.

ანგარიში ამერიკელთა დარტყმელმა ეიჯი მაკგინტიმ მე-12 წუთზე ჯარიმით გახსნა, რასაც მე-16 წუთზე კარლო კანამ ჯარიმითვე უპასუხა. აქედან ხუთ წუთში სამხრეთაფრიკელმა არბიტრმა აშშ-ს ნაკრებს საჯარიმო ლელო ჩაუთვალა, რასაც მაკგრიტის გარდასახვა მოჰყვა - 10:3. 31-ე წუთზე გეგამ პირველი ლელო დადო, კანამ გარდასახვა გააცუდა, თუმცა ტაიმის დასრულებმდე რთული პოზიციიდან ჯარიმის გატანა მოახერხა და „აძური“ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა -10:11.

მეორე ტაიმი კვლავ კარლო კანას ქულებით დაიწყო, მან ამჯერად არეკნის გატანა მოახერხა. 51-ე წუთზე მასპინძელთა დამტყმელმა მაკგინტიმაც შეგვახსენა თავი და ჯარიმა გაიტანა. ცოტა ხანში მსაჯმა აშშ-ს ნაკრების რვიანი ქენ დოლანი სინბინში გაუშვა სახიფათო თამაშის გამო. რიცხობრივი უპირატესობა იტალიამ მალევე გამოიყენა და 56-ე წუთზე ორნელ გეგას მეორე ლელო ვიხილეთ - აუტის შემდეგ კარგად აგორებულ მოლს სწორედ „აძურის“ კვაჭი ჩაუდგა ბოლოში და ჩათვლის მოედანში დაამიწა, კანას გარდასახვა ზუსტია და სტუმრები რვა ქულით გადიან წინ - 13:21.

მასპინძლები არ ნებდებოდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, 70-ე წუთზე მაიკ ტეოსა და მაკგინტის ჭკვიანური მოქმედებების შემდეგ ამერიკელთა ახალზელანდიელმა ფლანკერმა ტონი ლამბორნმა დაამიწა, გარდასახვა ზუსტია და სხვაობა ერთ ქულამდე მცირდება, მაგრამ „არწივებმა“ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. პირიქით, მატჩის ბოლო წუთზე ჯარიმის გატანა კარლო კანამ კიდევ ერთხელ შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 20:24.

26 ივნისს იტალიის ნაკრები ამერიკულ ტურნეს კანადასთან მატჩით დაასრულებს, ხოლო აშშ-ს ნაკრები ერთი დღით ადრე საკრამენტოში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:40 | 20.06.2016
krasni (587)

დღეს U 20-მა უნდა მოუგრიხოს კისერი, დიდების ჯავრი პატარებზე უნდა ვიყაროთ

15:37 | 20.06.2016
krasni (587)

ეხ ამერიკა, ამერიკა, ამ შანსს კაცი გაუშვებდა ხელიდან?!

11:27 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

პირიქით კარგია. ოდესღაც მოუწევთ ჩვენთან თამაში და ეგ შიში ჩარჩება მაინც და შეშინებულები გამოვლენ, ჩვენებს კი წნეხი არ ექნებათ.

21:32 | 19.06.2016
orioni (88)

ოღონდ საქართველოს არ ათამაშონ და უკვე აღარც ამერიკას და კანადას უკადრისობენ რეიტინგის 17-18 ადგილოსნებს, მალე ალბათ ურუგვაისთან და ესპანეთთან გაუშვებენ ტესტებზე, სხვა რა უქნან აბა 6 ერის გუნდებს და კუნძულელებს გაფენილი ყავს, იაპონიას და საქართველოს არ ახვედრებენ ეშინიათ იციან აქაც წააგებენ და უშვებენ უფრო სუსტებთან, რომ რამენაირად გაამართლონ ამათი 6 ერში ყოფნა....

21:51 | 19.06.2016
zura-mesi (33)

როდემდე დაგვემალებიან? მართლა მაგარი ინტრიგა ექნება იტალიელებთან შეხვედრას...

0.075576