ბოლო პერიოდში ქართულ თუ უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება 6 ერის გათამაშების გაფართოების საკითხი. ექსპერტებს ტურნირში ცვლილებების მიზეზად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ბოლოდროინდელი წინსვლა მიაჩნიათ. ამ ორ აღმოსავლეთ ევროპულ ნაკრებს ხშირად ერთად განიხილავენ და ევროპის ბობოლა ნაკრებებში გარევასაც ერთად უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, არის კი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთ ქვაბში მოსახარში? ბოლო წლებში „ბორჯღალოსნებმა“ აშკარად უფრო დიდი პროგრესი განიცადეს, ვიდრე „მუხის ფოთლებმა“.
ბოლოს რუმინელებმა ქართველების დამარცხება 2010 წელს მოახერხეს, მას შემდეგ ეს ორი გუნდი ერთმანეთს შვიდჯერ შეერკინა და ექვს მატჩში (ერთი მსოფლიო თასზე) გამარჯვება „ბორჯღალოსნებს“ დარჩათ, ხოლო ერთხელ შეხვედრა ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აგერ უკვე სათამაშო დროის 6 საათი და 33 წუთია, რუმინელები ქართველებისთვის ლელოს დადებასაც კი ვეღარ ახერხებენ.
ასაკობრივ ნაკრებებს თუ გადავხედავთ, განსხვავებას აქაც დავინახავთ: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამჟამად მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორისაა და წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება რუმინელ ახალგაზრდებს, 2010 წლის შემდეგ, მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის გამართულ „მსოფლიოთასის ალაფაზეც“ კი არ მიუღიათ მონაწილეობა, მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
უფროსების მსგავსად, ქართველები „ვლახებს“ 18-წლამდელებშიც სჯობნიან: ამ ასაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ზედიზედ მეორედ მოახერხეს ფინალში გასვლა, ხოლო რუმინელები ელიტურ დივიზიონში მხოლოდ წელს ჩაებნენ. მანამდე ისინი ევროპის თასზე გამოდიოდნენ, სადაც ესპანელ და რუს ახალგაზრდებს კონკურენციას ვერ უწევდნენ.
ახალაგზრდა მორაგბეების დონეებს შორის განსხვავება ეროვნულ ნაკრებებშიც შეინიშნება. მაგალითად, მსოფლიო თასზე, როდესაც „ლელოებმა“ ტონგა დაამარცხეს, 23-დან 11 მორაგბე უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე რუმინეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, როცა მათ კანადას სძლიეს.
საქართველოს ნაკრების წევრების ნახევარი 1990 წლის შემდეგ არის დაბადებული და მათ შორის არიან ისეთები, ვინც „ბორჯღალოსნების“ ძირითადი შემადგენლობის წევრებად განიხილებიან. ვლახებში კი, ასეთი ძალიან ცოტაა და ისინიც მოედანზე არაფრით არ გამოირჩევიან.
ქართული რაგბის უპირატესობა ქომაგის დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს - ფაქტია, რომ საქართველოში რაგბი სპორტის ერთ-ერთ მთავარ სახეობად განიხილება, ხოლო რუმინულ ვებგვერდებზე რაგბის ხილვა მხოლოდ სპორტის „სხვა სახეობებში“ შეგიძლიათ. წელს თბილისში გამართულ ქართულ-რუმინულ დაპირისპირებას 52 342 მაყურებელი დაესწრო, მაშინ, როცა რუმინეთში ყველაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ 6 000 დაითვალეს.
აშკარაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ამ ორი გუნდის სამომავლო პოტენციალი განსხვავებულია. შესაძლოა რუმინელთა ქომაგებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ მათი რაგბის ფედერაციის თავკაცი ჰარი დუმიტრასი თავად აღიარებს, რომ „ამ ეტაპზე საქართველო უფრო ძლიერია, ვიდრე რუმინეთი“.
საინტერესოა, რომ აქტიურად განიხილება ექვსი ერის 20-წლამდელთა გათამაშებაში რუმინეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების დამატების იდეა და თუ ეს მოხდა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ქართველი ახალგაზრდებისა იქნება.
მოკლედ,თუ ექვსი ერის ხელძღვანელობამ მხოლოდ ერთი გუნდის დამატება გადაწყვიტა, ის აუცილებლად გადახედავს ერთა თასის ბოლოდროინდელ შედეგებს, ნახავს სად შეიძლება 50 000-ზე მეტი რაგბის მოყვარულის შეკრება, ვის აქვს სახელმწიფოსგან და სპონსორებისგან სათანადო თანადგომა და ძნელი გამოსაცნობი არ არის ვინ იქნება რჩეული...
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია