ტოპ 14

10:15 | 19.06.2016 | ნანახია 4861 - ჯერ

„ტულონი“ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს

ერთწლიანი შესვენების შემდეგ „ტულონი“ საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის ფინალში დაბრუნდა და 24 ივნისს ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ „რასინგის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ნახევარფინალურ შეხვედრას რენმა უმასპინძლა და მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონმა“ მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიე“ 27:18 დაამარცხა. საამაყოა, რომ მატჩში მონაწილეობა ხუთივე ქართველმა მიიღო. ცნობისათვის, ფრანგების გარდა მოედანზე ყველაზე მეტი, ექვსი მორაგბე სამხრეთ აფრიკიდან იყო, ხოლო ავსტრალიას და საქართველოს ხუთ-ხუთი წარმომადგენელი ყავდათ.

ხუთი ქართველიდან ოთხმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო - გორგოძემ სრულად ითამაშა, 10 შეტევით ჯამში 13 მეტრით წაიწია წინ, 4 პასი გააკეთა, ერთხელ მცველს გასცდა და ერთხელ ოფლოუდი გაახერხა, ერთხელ მეტოქის დერეფანი მოიგო, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა. ტოლონელთა პირველი ლელოს დროს მამუკამ ბოლოსწინა პასი გააკეთა; მიქაუტაძემ 58 წუთი ითამაშა, 6 შეტევით 21 მეტრი იარა, ორჯერ მცველს გასცდა, ერთი ოფლოუდი გაახერხა და სამჯერ პასი გააკეთა, მის ანგარიშზე 2 ბოჭვაა; ჩილაჩავამ 64 წუთში 3-ჯერ შეუტია და ჯამში 8 მეტრი იარა, ხოლო დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა. მისი სტატისტიკა მოკრძალებულია, თუმცა დიდი შავი სამუშაო გაწია; შერკინებებში ჩილაჩავას პირისპირ ნარიაშვილი იდგა, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა, ბურთი 4-ჯერ მიიღო და 3 მეტრით წინ წაწია, დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ დაჯარიმდა; თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო ქუბრიაშვილი და „მონპელიეს“ დიდი ძალა შემატა. 3 შეტევით მან 4 მეტრი იარა, კარგად იდგა შერკინებაში და მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა.

მთლიანობაში, „ტულონმა“ უკეთესი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაც დაიმსახურა. ის ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას და აკონტროლებდა ბურთს. ორივე გუნდმა ორ-ორი ლელო დადო, ოღონდ ლეიგ ჰალფპენიმ გუნდს დამატებით კიდევ 17 ქულა შესძინა, კატრაკილისმა მხოლოდ 8 და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველ მეოთხედში ტულონელები 3 ქულით სამჯერ დაწინაურდნენ, „მონპელიემ“ ორ შემთხვევაში საპასუხო ჯარიმის გატანა მოახერხა. 31-ე წუთზე სტეფონ ერმიტეჟმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს წარმოქმნილი რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ბურთი ჯონათან პელისეს გაატანა, ის 22-ში შევიდა და ერმიტეჟს დაუბრუნა, რომელიც 5-მეტრიანთან შეაჩერეს, ორმხრივი შეცდომის შემდეგ ბურთი სწრაფად გაიშალა მარჯვნივ, გორგოძემ მაა ნონუს უპასა, მან ტუისოვას და ალამთან შეხვედრის პირველი ლელო გავიდა.

ტაიმის 14:6 მოგების შემდეგ, „ტულონმა“ მეორე ტაიმი კიდევ უფრო უკეთ დაიწყო და კარგი, თანმიმდევრული შეტევის შემდეგ, რომელშიც ქართველებიც აქტიურად იყვნენ ჩართული, მეორე ლელო გავიდა. დასკვნით ფაზაში ჰალფპენიმ გაჭრა ხაზი, ნონუს ოფლოუდი ამოუგდო, ზელანდიელმა დარჩენილი მანძილი ბრძოლით დაფარა და ჰალფპენიმ ზუსტად გარდასახა. მერე უელსელმა ჯარიმაც გაიტანა და ანგარიში 24:6 გახდა.

ზევით ვთქვით, რომ „ტულონმა“ მოგება დაიმსახურა, „მონპელიე“ კი, ბოლომდე ბრძოლისთვის ქებას იმსახურებს. 58-ე წუთამდე, 4-წუთიან ინტერვალში მოგმა ორი ლელო დადო, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა 6 ქულამდე დავიდა - 24:18. ჰალფპენიმ 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. ერთ წუთში „მონპელიეს“ ზელანდიელი შუამარბი ტუიტავაკე ნონუს შეასკდა და გონება დააკარგვინა. ენტონიმ ეს ამბავი ძლიერ განიცადა, ნონუ გადარჩა, ოღონდ, სავარაუდოდ ტვინის შერყევის გამო ფინალს გამოტოვებს, განვლილ შეხვედრაში კი, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ტულონი“ ფინალში „რასინგს“ შეხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:29 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ნოემბერში ესენიც დაგვემატებიან სქობეთან თამაშისას.

18:20 | 19.06.2016
Kala94 (151)

მიდით აბა ლომებო ! რა ვქნა ხინჩაგიშვილს პატივს ვცემ მაგრამ არ ათამაშებენ ამ კაცს ! ამიტომ ყველანი ტულონისკენ !

18:15 | 19.06.2016
qomagi (248)

ვინც ნახა ეს თამაში, სიამაყის გრძნობით აივსებოდა, ისე მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა. სეტანტა სპორტზე ვუყურებ პირადად მე ტოპ-14 თამაშებს. მეც ძალიან მაინტერესებდა ნარიაშვილი-ჩილაჩავას დუელი შერკინებაში და მართლაც ორივე უმაგრესია თავიანთ პოზიციაზე. პირველ შერკინებაში ჩილაჩავამ აჯობა და ჯარიმა აჰკიდა მიშკას, დანარჩენ შემთხვევებში კი ორივენი მაგრად იდგნენ და ძირითადად მაგათ საპირისპირო ფლანგზე ჯარიმდებოდა ხან ერთი და ხან მეორე გუნდი, თუმცა მერე მიშკამაც აჰკიდა 1 ჯარიმა ლევანს. მოკლედ, ქართველების მხარეს შერკინებას ძვრა არ ჰქონია კოტე და მამუკაც შეუდარებელნი იყვნენ, ერთ მომენტში, მამუკამ რომ მიიღო ბურთი, კომენტატორმა თქვა ბურთი ახლა მამაცი ადამიანის ხელშიაო და მამუკას აღტაცებით მოიხსენიებდნენ, რამდენი ბურთს მიიღებდა. დუდუმაც კარგად ითამაშა, სერიოზულად გააძლიერა მონპელიეს შეტევა, ერთი მაგარი მომენტი იყო - მოლში ერთმანეთს შერკინებულ-გადაჭდობილი ხუთი ქართველი გოლიათი და წარმოვიდგინე კუნძულელებთან მსგავს სიტუაციაში რა დღე დაადგებოდა ჩვენს მოწინააღმდეგეს. მოკლედ, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს!!!

14:18 | 19.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ნარიაშვილის, ქუბრიაშვილის და კოლელიშვილის დამატება ბევრად გააძლიერებდა ჩვენს ნაკრებს და ახალი შემართებით ეკვეთებოდნენ ჩვენი ბიჭები ფიჯელებს. აი ამ შემთხვევაში კი ფიჯელების ძლევა გარდაუვალი იქნებოდა.

14:31 | 19.06.2016
rachuka (32)

კი გააძლიერებდა მაგრამ, იმხელა გზაზე ჩასვლის მერე ახალი ნათამშები აქვთ ნახევარ ფინალები ნორმალურად ძალებისაღდგენას და აკლიმატიზაციას ვერ მოასწრებენ. თან არა მგონია ფიჯელები შერკინებაში ვერ დავჩაგროთ. რაღაც კუთხით სწრაფ ფიჯელებთან სათამაშოდ ისევ ასეიშვილმ და ჟვანიამ ჯობია ითამაშონ უფრო სწრაფები და დინამიურები არიან.

12:23 | 19.06.2016
rugby aia (5)

შეიძლება ითქვას, რომ ხუთივემ კარგად ითამაშა, ჩილაჩავა რაქებში მაგრად მუშაობდა, კოტემაც მაგრად ითამაშა, მამუკა როგორც ყოველთვის კლასნი იყო, მიშა ნომერი პირველია თავის პოზიციაზე, კარგი ის იყო, რომ შერკინება იშვიათად ინიშნებოდა და საყურებლად ბევრად კარგია ღია თამაში, პრინციპში შერკინებაში დაჯარიმების დროს ქართველები ნაკლებად იყვნენ დამნაშავენი, მაგას ვაკვირდებოდი სპეციალურად, ქუბრიაშვილიც მაგრად შემოვიდა, რაც ითამაშა კარგი იყო, მართლა გააძლიერა მონპელიე. მოკლედ ფინალი ტულონმა რომ ვერ მოიგოს მაგრად გამიკვირდება, აშკარად უკეთესი გუნდია, ვიდრე რასინგი და კიდევ, ნონუ თუ არ იქნება ფინალში უკეთესია ტულონისთვის, ზედმეტად პროფესორობდა გუშინ, ლელო კი კარგი გაიტანა, მაგრამ ფეხით ურტყამდა ხშირად შტერულად.

10:55 | 19.06.2016
ზზზუუუ (9)

Netav tu shezleben chamosvlas fijshi, nariashvili da qubriashvili chveni da msoflios sauketeso pirvwelxazelebi arian da didi zala iqnwbodnen fijistan

10:51 | 19.06.2016
geogoli (367)

ქართული რაგბი ახალ დონეზეა გასული. ნაკრებმა ტონგას მოუგო თამაში იმ 5 კაცის გარეშე, რომლებმაც საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალი ითამაშეს. წინა ნახევარფინალში ზირაქა და ვიტო იყვნენ.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს

11:06 | 19.06.2016
federer (17) (469)

ზირაქამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და დანარჩენი 6 კაცი ჩვენი გუნდის წამყვანი მორაგბეები არიან და ამათ გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრები როგორ ახერხებს ასეთ დონეზე თამაშს მე ცოტა მაკვირვებს

10:45 | 19.06.2016
federer (17) (469)

ძალიან სასიხარულოა როდესაც 5 ქართველი თამაშობს ნახევარფინალში და 2-ის გასვლას 3-ის გასვლა ჯობდა და ჩვენთვისაც უკეთესი შედეგი დაფიქსირდაა.
ისე საინტერესოა ნარიაშვილს როგორ დაუდგა ჩილაჩავა. ფაქტიურად არ არსებობს კაცი რომელსაც ნარიაშვილთან პრობლემები არ ექმნება შერკინებაში და ქართველი თუ გაუწევდა კონკურენციას თანაც ზურგს უკან 2 ქართველი გოლიათი ედგებოდა

0.158112