ტესტ-მატჩები

23:04 | 18.06.2016 | ნანახია 1646 - ჯერ

თრილერი იოჰანესბურგში - „სპრინგბოქსმა“ ირლანდიას შემოუტრიალა

დღეს იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის ნამდვილი სარაგბო თრილერი გაიმართა. „სპრინგბოქსმა“ ბოლო ოც წუთში 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვება მოახერხა - 32:26.

წინა ტესტ-მატჩთან შედარებით, რომელშიც „სამყურებმა“ იმარჯვეს (26:20) ჯო შმიტდმა ძირითად შემადგენლობაში ხუთი მოთამაშე შეცვალა, ხოლო ალისტერ კუციამ წაგებული შემადგენლობიდან მხოლოდ ორი დაასვენა.

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელებისა იყო, მართალია „სპრინგბოქსის“ მგეზავმა ელტონ იანტიზმა მე-3 წუთზე ანგარიში ჯარიმით გახსნა, თუმცა შემდეგ „სამყურათა“ დამრტყმელმა პედი ჯექსონმა ზედიზედ ოთხი ჯარიმა გამოიყენა და თავის გუნდს კარგი უპირატესობა მისცა. მასპინძლები ხშირად ცდებოდნენ, 33-ე წუთზე მაღალ დაკიდებულ ბურთს ლუაზი მვოვო ვერ დაეუფლა, სამაგიეროდ ენდრიუ ტრიმბლმა იყოჩაღა და ბურთი ჯარედ პეინს ამოუგდო, რომელსაც ფრთაზე მოკლე შესატევი ადგილი ჰქონდა, თუმცა მალევე მონახა მეორეხაზელი დევიდ ტონერი და ლელო, პედი ჯექსონის გარდასახვა ზუსტია და ტაიმი 3:19 დასრულდა.

მეორე ნახევარში ალისტერ კუცია მიხვდა, რომ შეცვლების დრო იყო და მოედანზე რუან კომბრინკი და უარენ ვითლი შეუშვა, რამაც აფრიკელები საკმაოდ გააძლიერა. სწორედ შეცვლაზე შესული კომბრინკის ანგარიშზეა „სპრინგბოქსის“ პირველი ლელო 55-ე წუთზე - აუტში გადავარდნილი ბურთი კომბრინკმა სწრაფად გაათამაშა და ვილი ლე რუს გადააწოდა, ფულბეკმა საოცარი სიჩქარე აკრიფა, სანამ ირლანდიელთა დაცვა დაეწყობოდა რამდენიმე მეტრი გაირა და კვლავ კომბრინკს დაუბრუნდა ბურთი, ამ უკანასკნელმა პედი ჯექსონი გადათელა და ლელოს უწია, იანტიზმა გარდასახა - 10:19.

ხუთ წუთში ირლანდიელებმა ისევ მოახერხეს 16-ქულიანი უპირატესობის დაბრუნება, მათ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ხუთმეტრიან ხაზთან აუტის შემდეგ კარგი მოლი ჩამოაყალიბეს, ბურთი მოლის კუდში მდგომ ჯეიმი ჰისლიპს ჰქონდა, რომელმაც აფრიკელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა და ჯექსონმა გარდასახა -10:26.

დარჩენილ ოც წუთში 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და მითუმეტეს წინ გასვლა არარეალური ჩანდა, თუმცა „სპრინგბოქსმა“ სიმტკიცე გამოაჩინა. 63-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე კვლავ კომბრინკი აქტიურობდა, მან ერთი მეტოქის, ამჯერად ჯარედ პეინის გადათელვა მოახერხა, შემდეგ ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარჯვნივ, სადაც უარენ ვითლიმ ცრუ მოძრაობებით შეძლო მეტოქეთა დაბნევა და ბურთი ლელოს ხაზზე დაამიწა - 15:26.

69-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო დადეს - მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი აფრიკელთა ცხრიანმა დე კლერკმა სწარაფად გამოიტანა , მეორე მიძალებისას მეორეხაზელ პიტერ-სტეფ დუ ტოიტს დაარტყმევინა, რომლის შეჩერებაც ვეღარავინ მოახერხა. იანტიზის გარდასახვა ზუსტია - 22:26.

ამ დროს ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე აფრიკელების მხარეზე იყო და ისინი გაჩერებას აღარ აპირებდნენ. მატჩამდე ხუთი წუთით ადრე, „სპრინგბოქსის“ შუამარბმა დამიან დე ალენდემ პატარა შედევრი შემოგვთავაზა, 11-ფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი მას მიუვიდა, ხელის კვრით ორი მბოჭავი მოიშორა და ლელომდე ირბინა, ეს უკვე აფრიკელების გამარჯვების მანიშნებელი იყო, იანტიზის გარდასახვა ზუსტია და - 29:26. მანვე შეხვედრის ბოლო წუთზე შორი მანძლიდან ჯარიმის გატანაც მოახერხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 32:26.

სამმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა და სერიაში გამარჯვებულის ვინაობა 25 ივნისს პორტ ელიზაბეთში, ბოლო შეხვედრაში გაირკვევა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085868