ტესტ-მატჩები

17:08 | 18.06.2016 | ნანახია 2334 - ჯერ

ინგლისმა სერია მოიგო

ინგლისის ნაკრებმა მელბურნში საოცარი დაცვა ითამაშა, ერთი კვირის თავზე „ვოლაბები“ მეორედ დაამარცხა და პირველად ისტორიაში, ავსტრალიაში ტესტ-მატჩების სერია მოიგო.

ერთი კვირის წინ „ვარდებმა“ მასპინძლებს 39:28 აჯობეს, ამჯერად „კენგურუები“ ბევრად უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ ლელოს ხაზზე გადაულახავ „ბეტონის კედელს“ წააწყდნენ, რომელიც ერთადერთხელ გატყდა. ექვსი ერის „დიდი სლემით“ მომგები ინგლისისთვის ეს მეშვიდე თამაში იყო ედი ჯონსის ხელმძღვანელობით და ჩაგდებული მსოფლიო თასის შემდეგ, ის წელს ბეჭდაუდებელ გუნდად რჩება.

ავსტრალია ფლობდა უდიდეს სათამაშო უპირატესობას - 74% ტერიტორია, 71% ბურთის ფლობა, მეტოქეზე სამჯერ მეტი, 188 შეტევა, 57-ის წინააღმდეგ 213 პასი და 248 მეტრის წილ 514 გაიარა, მაგრამ შეცდა მთავარში, არჩევანში - ჯარიმებით ქულების აღებას დერეფნები და ლელოზე თამაში არჩია. ამ დროს ინგლისელთა თითოეულმა მორაგბემ საოცრად თავდადებით ითამაშა და ჰასკელმა 21 ბოჭვა შეასრულა, იტოჯემ 20, ფარელიმ 16 და შეუდარებელი იყო რობშოუ, რომელმაც 50-ე საიუბილეო კეპი მოიხვეჭა.

ერთი რამ ცხადზე ცხადია, დღეს ერთმანეთის წინაში იდგა ორი ჯიუტი გუნდი და ყველა მორაგბემ, რომელიც მოედანზე გავიდა, იქვე დატოვა მთელი თავისი ჯანი, მონდომება და ენერგია. ნერვებმა რამდენჯერმე იფეთქა და ამას დენ კოულის მაისური შეეწირა, თუმცა ეს რაგბია და ზომიერების ფარგლებში მსგავსი წაკინკლავებებიც უხდება.

ოუენ ფარელის მატჩის დებიუტში ჯარიმა გაუცუდდა, ტაიმის შუაში ინგლისი გარკვეული პერიოდით ინიციატივას დაეუფლა, ჯარიმა აუტში დაარტყა, დერეფნის მოგების შემდეგ კარგი მოლი დააყენა და დილან ჰარტლიმ მე-19 წუთზე ლელო დაამიწა. ფარელიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ფეხით ტაქტიკურ დარტყმებში მოწინააღმდეგეს აჯობა, რის შედეგადაც ავსტრალიას უკან უწევდა დახევა და ყველაფრის თავიდან დაწყება, ხოლო 30-ე წუთზე ფარელიმ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 10:0 გახადა. ამას ავსტრალიელთა აფეთქება და ხანგრძლივი შტურმი მოყვა, ჯარიმა აუტში გაიგზავნა და მოლით შეტევა ამჯერად ლელოთი მურმა დაასრულა, ხოლო ფოლიმ გარდასახა. დასკვნით წუთებში უკვე აშკარა გახდა ავსტრალიელთა უპირატესობა, თუმცა ინგლისი მაგრად დადგა და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მოედნისთვის ტაქტიკური ბრძოლა გაჩაღდა, ნერვებმა ავსტრალიელებს უმტყუნა და უბურთო ფარელის წინააღმდეგ თამაშისთვის დაჯარიმდა. დარტყმა თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და ავსტრალიელთა გაუთავებელი შეტევები დაიწყო. ყოველ წუთას მოსალოდნელი იყო, რომ ინგლისის დაცვა ბოლოს და ბოლოს გატყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მათ რამდენიმე ეპიზოდში ურთულესი იერიშის მოგერიება შეძლეს და 75-ე წუთზე სერიის მოგება გაინაღდეს. შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ჯეიმი ჯორჯმა ბურთს ფეხი წაკრა, მას ფარელი მიყვა, ლელოში ფეხითვე შეაგორა და თავადვე დაამიწა. აქ თამაში დასრულდა და ფარელის გარდასახვამ და ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 23:7 და ინგლისელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

25 ივნისს ეს გუნდები სერიის დასკვნით მატჩში სიდნეიში შეიბმებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:01 | 18.06.2016
federer (17) (469)

არ ველოდი ინგლისელების ასეთ თამაშს, თან მსოფლიოზე ართუისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს

0.100985