სტატიები

15:03 | 18.06.2016 | ნანახია 2635 - ჯერ

„ოლ ბლექსმა“ უელსს მეორედაც სძლია

ახალი ზელანდიის ნაკრებმა უელსის ნაკრების დამარცხება მეორე ტესტ-მატჩშიც მოახერხა - 36:22.

პირველი შეხვედრის მსგავსად, ევროპელები მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ პირველ ტაიმში იყვნენ. მეორე ნახევარში „ოლ ბლექსმა“ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და 14 ქულის სხვაობით იმარჯვა. წინა მატჩთან შედარებით, გუნდებს ძირითად შეამდგენლობაში ორ-ორი შეცვლა ჰქონდათ გაკეთებული.

ანგარიში მე-16 წუთზე უელსელების მგეზავმა დენ ბიგარმა ჯარიმით გახსნა, რასაც ხუთ წუთში მასპინძლებმა ლელოთი უპასუხეს - ახალზელანდიელებმა უელსის ოცდაორში დაიმკვიდრეს ადგილი და რამდენიმე კარგი მიძალება განახორციელეს, შემდეგ აარონ სმიტმა, მალაკაი ფეკიტოამ და ისრაელ დეგმა ბურთი ჭკვიანურად გაითამაშეს, რასაც ამ უკანასკნელის ლელო მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ისრაელ დეგისთვის ეს მატჩი ნაკრებში 50-ე იყო. გარდასახვა აარონ კრუდენმა გაიტანა, „ოლ ბლექსის“ ათიანმა 32-ე წუთზე ჯარიმის გატანაც შეძლო და თავისი გუნდი შვიდი ქულით გაიყვანა წინ.

პირველი ნახევრის დასრულებამდე უელსმა თავისი ლელოს დადება მოასწრო - „დრაკონების“ შუამარბმა ჯონათან დევისმა იყოჩაღა და რთულ მდგომარეობაში მყოფმა მეორეხაზელ ალან ვინ ჯონსისთვის ბურთის გადაწოდება მოახერხა, რის შემდეგაც ჯონსმა თავის 101-ე სანაკრებო შეხვედრაში მე-9 ლელოს დადება მოახერხა, დენ ბიგარმა მახვილი კუთხიდან გარდასახა და ტაიმი 10:10 დასრულდა.

მეორე ნაევარში „ოლ ბლექსმა“ 15-წუთიან მონაკვეთში ერთაბაშად ოთხი ლელოს დადება შეძლო, საიდანაც შეცვლაზე შემოსულმა ბოდენ ბარეტმა სამი გარდასახა. ლელოების დადება ბენ სმიტმა, ბოდენ ბარეტმა, ვაისაკი ნაჰოლომ და არდი სავეამ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უელსის ნაკრები გამარჯვებაზე ვეღარც იოცნებებდა.

„დრაკონებმა“ მატჩის ბოლოსკენ საკუთარი პრესტიჟი დაიცვეს, შეუტიეს და ჯერ გარემარბმა ლიამ ვილიამსმა დადო ლელო, შემდეგ შუამარბმა ჯონათან დევისმაც მოახერხა იგივეს გაკეთება, დენ ბიგარმა ერთი ლელო გარდასახა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 36:22.

ძნელი იყო „ოლ ბლექსიდან“ კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გამოყოფა, გუნდმა როგორც წესი ერთი სხეულივით ითამაშა. თუმცა ფულბეკ ისრაელ დეგის ღვაწლი გამორჩეულად დაფასდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მიენიჭა, იგი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და რამდენჯერმე ბურთის დიდი მანძილით წინ წაწევაც მოახერხა.

„ოლ ბლექსსა“ და უელსს შორის დასკვნითი ტესტ-მატჩი 25 ივნისს, დანედინში გაიმართება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:32 | 20.06.2016
BEERTRANCE (1073)

არანორმალურები არიან ეგ ჩემისები რას დარბოდენ.

16:47 | 18.06.2016
federer (17) (469)

მაგრები არიან შავებიი და ვინ უნდა მოახერხოს ამათი შეჩერება უახლეს მომავალში მე არ ვიციიი
კიდევ და კიდევ ზრდიან კლასში სხვაობას სხვა გუნდებთან შედარებით

0.074607