სუპერ რაგბის მეექვსე ტურის ბოლო მატჩი დღეს დილით, სიდნეიში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ვარათასი“ თანამემამულე „რებელსს“ დაუხვდა და 17:21 დამარცხდა.
პირველ ტაიმში სრული უპირატესობა სტუმრების მხარეზე იყო. ანგარიშიც სწორედ „რებელსმა“ გახსნა, როცა მესამე წუთზე ჯეკ დებრეცინიმ ჯარიმა ზუსტად დაარტყა. მე-12 წუთზე ბენრნად ფოლიმ ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირველ ტაიმში ეს „ვარათასის“ მაქსიმუმი იყო.
ამის შემდეგ უპირატესობა „რებელსმა“ მოიპოვა, 21-ე წუთზე ჯერ დებრეცინიმ დადო ლელო, ხოლო 25-ე წუთზე ბურჯმა ტობი სმიტმაც გამაოიჩინა თავი და ლელოში შეფრინდა. დებრეცინიმ ორიდან მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა - 3:15. ცოტა ხანში მასპინძელთა გაჭირვებას ისრაელ ფოლაუს გასინბინებაც დაემატა, ამით „რებელსმა“ ისარგებლა და ტაიმის ბოლომდე ორი ჯარიმით უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა [3:21].
მეორე ტაიმში „ვარათასი“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა შეტევებს უმატეს და 52-ე წუთზე შედეგიც მიიღეს - მეოტოქემ თავის ხუთმეტრიან ხაზთან დერეფანი წააგო, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და პირველი ლელო მიითვალეს, გარდასახვა ფოლიმ გაიტანა- 10:21. 70-ე წუთზე „ვარათასმა“ კიდევ ერთი ლელო დადო - ფოლიმ მარჯვენა ფლანგზე რობინსონს ფეხით კარგი პასი დაუკიდა, ისიც სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და კარაროს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, ლელო დადო. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო, თუმცა მასპინძელი ქომაგების მოლოდინი არ გამართლდა და „ვარათასმა“ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა - 17:21.
„რებელსისთვის“ ექვს ჩატარებულ მატჩში ეს მეოთხე გამარჯვებაა, ხოლო „ვარათასს“ ხუთ მატჩში მესამე წაგება დაუგროვდა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია