ტოპ 14

2:19 | 18.06.2016 | ნანახია 3181 - ჯერ

„კლერმონმა“ ფინალი დაკარგა

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ ტოპ 14-ის ფინალამდე ორიოდე წუთი აშორებდა, მაგრამ დამატებითი დროის მიწურულს 60-მეტრიანი კონტრშეტევით ლელო მიიღო, დენ კარტერმა გარდასახა და დავით ხინჩაგიშვილის „რასინგმა“ 100-წუთიან დრამაში მინიმალურად იმარჯვა - 34:33.

დასაწყისი „კლერმონის“ იყო და კამილ ლოპესმა მე-5 წუთზე არეკნით გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც „რასინგმა“ თავისი ტაქტიკა აამუშავა, ბურთს ზურგში ფეხით კიდებდა, მცველებს უკიდურესად ავიწროვებდა და ჯარიმებს იღებდა. პირველ ჯერზე ზელანდიელის დარტყმული ძელმა აისხლიტა, მე-15 წუთზე კი, თითქმის იმავე პოზიციიდან მან წონასწორობა აღადგინა. სამიოდე წუთში მორგან პარამ ვალი დააბრუნა და ახლა მისი ჯარიმა აისხლიტა ძელმა, ხოლო ერთ წუთში შეხვედრის პირველი, არჩათვლილი ლელო გავიდა - ვესლი ფოფანა პირველ მბოჭავს ტრიალში დაუსხლტა, მეორეს გადაუარა და ბოლომდე ირბინა, მაგრამ მანამდე ვიდეო-რეფერიმ მცირედი წინპასი დააფიქსირა.

25-ე წუთამდე კარტერმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და პარიზელები 9:3 დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე „რასინგის“ ფეხით თამაშს უკვე ლელო მოყვა. ნოა ნაკაიტაკი და ხუან იმჰოფი ძიძგილაობაში ბურთს აცდნე და ის იოჰან გუსენმა მშვიდად დაამიწა, ხოლო კარტერმა 28-ე წუთზე ანგარიში 16:3 გახადა. ასეთ თამაშში ეს სერიოზული უპირატესობაა, თუმცა „კლერმონი“ არ მოეშვა, პარამ ერთი ჯარიმა გაქვითა, სკოტ სპედინგმა შორიდან ვერ გაიტანა, ამიტომ, მეორე ჯერზე, ტაიმის მიწურულს ბურთი აუტში გაგზავნა, 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ მოლმა ერთი ამოსუნთქვით დაფარა მანძილი და სამოელმა ფრიც ლიმ ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 11:16 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში „ვულკანებმა“ ლიდერობა დაიბრუნეს. სპედინგმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა, იქ მეტოქე დაჯარიმდა და კამილ ლოპესმა 3 ქულა აიღო, ხოლო 45-ე წუთზე 40 მეტრიდან გაიტანა - 17:16. ამას „რასინგი“ არ შეეგუა და 2 წუთში ლელოთი უპასუხა, ჯო როკოკოკომ დაცვის ხაზში უზუსტობა შენიშნა, მცველებს შორის სუფთად გაძვრა და დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. კარტერმა ვერ გარდასახა და 50-ე წუთზე ცენტრიდან ჯარიმის დარტყმა გუსენმა ითავა - 17:24. მომდევნო 7 წუთში ლოპესმა და კარტერმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს და 58-ე წუთზე თამაშში ზირაქაშვილი ჩაერთო.

მისი მოედანზე გამოჩენა ფეხბედნიერი აღმოჩნდა, მართალია 5-მეტრა დერეფნის შემდეგ მოლი არ დადგა, თუმცა ბურთი ხაზზე რომ გაიშალა ფოფანამ სისწრაფეში ორი მცველი კიდევ ერთხელ არ შეიმჩნია და ძელის გვერდით დადებული ლელო ლოპესმა იოლად გარდასახა. მერე ორივე გუნდს თითო ჯარიმა გაუცუდდა, 68-ე წუთიდან თამაშში ვიტო კოლელიშვილი ჩაერთო და ძირითადი 80 წუთი ფრედ 27:27 დასრულდა.

პირველი დამატებითო ტაიმა „კლერმონმა“ კარგად ჩაატარა, ბროკ ჯეიმსის არეკნმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუფრინა, 85-ე წუთზე შერკინებამ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სპედინგმა 55 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. დაიწყო მეორე დამატებითი ტაიმი და ჯეიმსმა დაახლოებით 50 მეტრიდან არეკნი დაჰკრა - 33:27. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 93-ე წუთზე კოლელიშვილმა მეტოქის ბურჯი ისე შებოჭა, ბურთს ვინღა ჩიოდა გონება დააკარგვინა. ვიდეო-გამეორებაზე ისე ჩანდა, თითქოს ბოჭვა წესების სრული დაცვით შესრულდა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს და ვიტო სინბინში გაუშვეს.

და მაინც, კაცნაკლულმა „კლერმონმა“ თავი კარგად დაიცვა და თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა. პარიზელებმა ბურთი აუტიდან სწრაფად რომ შემოაგდეს ფოფანამ გადაცემა ჩაჭრა, დროის გაყვანა შეიძლებოდა, სიჩქარეში კი, პასი უკვე კრუგერმა ჩაჭრა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ბურთი ხუან იმჰოფს გაატანა, რომელმაც ლელომდე ირბინა. ვიდეო-რეფერიმ მომენტი გადაამოწმა, დარღვევა ვერ აღმოაჩინა, ახლა ყველაფერი კარტერის გარდასახვაზე იყო დამოკიდებული, ის კი, უნერვოა და „რასინგს“ 34:33 მოაგებინა.

ხვალ მეორე ნახევარფინალური შეხვედრაა და მასში ქართული დერბი შედგება. მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე „ტულონის“ სასტარტოში არიან, „მონპელიეს“ რიგებში თამაშს იწყებს მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი თადარიგშია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:34 | 18.06.2016
zangura (109)

ტულონი მონპელიე დღეს რომელ საათზეა?

ყველაზე კარგი ხარისხით რომელ ლინკზე შეიძლება ბიჭები მაგ თამაშის ყურება ხომ ვერ მეტყვით?

0.139671