ტესტ-მატჩები

23:51 | 17.06.2016 | ნანახია 1486 - ჯერ

„საქსონსმა“ აფრიკას სერია მოუგო

ინგლისის „საქსონსმა“ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მასპინძელთა „ა“ ნაკრები მეორე მატჩშიც დაამარცხა და სერია 2:0 მოიგო.

თუ ერთი კვირის წინ აფრიკელებმა პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვეს, მეტოქეს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალება მისცეს და საბოლოოდ 24:32 დამარცხდნენ, ამჯერად მათ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და მეორე ტაიმის დებიუტში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეტოქის მოლს ვერაფერი მოუხერხეს და საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გაშვებული მეოთხე ლელოთი წააგეს - 26:29.

მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო, მაგრამ ბრუმერმა გასატანი პოზიციებიდან ორი ჯარიმა ვერ გაიტანა. მერე სკოსანის კონტრშეტევა ვან ზულმა ფეხით გააგრძელა და სერგალ პეტერსენი იყო ლელოსთან ახლოს, თუმცა აუტში გადაიყვანეს. ერთ წუთში ლელო მაინც დაიდო, ინგლისმა თავისი დერეფანი წააგო, ჟან-ლუკ დუ პრესმა რაქიდან შეუტია, 5 მეტრი დაფარა და ანგარიში გახსნა, ხოლო ბრუმერმა გასატანი პოზიციიდან ამჯერად გარდასახვიდან ვერ იხეირა და შეიძლება ითქვას, აფრიკას საბოლოოდ სწორედ მისი განიავებული ქულები დააკლდა.

სტუმრები გააქტიურდნენ და ვეიდი ფეხით თამაშის შემდეგ ლელოს აუცილებლად დადებდა, მაგრამ ჯარიმით შეაჩერეს. ამ შემთხვევაში სტუმრებმა ლელოზე ითამაშეს და მეტოქის 22 უქულოდ დატოვეს, ხოლო 29-ე წუთზე დენი სიპრიანიმ 40 მეტრიდან კარში დაჰკრა და ჩამორჩენა შეამცირა. ბრიტანელები ამით არ დაკმაყოფილდნენ, მათ მეტოქე რომ შეავიწროვეს 35-ე წუთზე მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დერეფნის მოწოდების უფლება მიიღეს, კარგი მოლი დააყენეს და ტომი ტეილორის ლელოთი დაასრულეს. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:8.

ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა ლამაზი ლელო დადეს და ტაიმი მაინც მოიგეს, ვენტერიმ პეტერსენს შებრუნებული პასი გაუკეთა და ისიც სისწრაფეში ლელოში შეიჭრა, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 12:8 დასრულდა. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი პეტერსენმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, რამდენიმე ფაზის შემდეგ სისწრაფეზე გაჭრა ხაზი, ორ მცველს გასცდა და დუბლი შეასრულა. სამიოდე წუთში პეტერსენმა კონტრშეტევა წამოიწყო და ფეხით გადაკიდებული ბურთი თავადვე აიღო, მერე კი ოვალი ფეხითვე ლელოსკენ შეაცურა და იქ მას ვენტერი შეყვა, რომელმაც ორ მცველს დაასწრო და სამხრეთ აფრიკა 26:8 დაწინაურდა.

ინგლისი ასე მარტივად არ დანებდებოდა და ორიოდე წუთში მორიგი მოლი ლელოთი კვლავ ტეილორმა დაასრულა და სიპრიანიმ გარდასახა. 56-ე წუთზე ინგლისელთა მოლი კვესიკის ლელოთი დასრულდა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა - 26:22. მართალია მეოთხე ლელო მოლით არ გასულა, თუმცა ის რამდენიმე კარგ ძალისმიერ მიძალებას მოყვა, მარცხენა ალამთან ბოლო პასი ვეიდმა მიიღო და მის წინ აღარავინ იდგა, ხოლო სიპრიანიმ რთული პოზიციიდან გარდასახა - 29:26. მასპინძლებს საპასუხო იერიშისთვის დრო კი რჩებოდა, მაგრამ ამისათვის ენერგია აღარ ჰქონდათ და „საქსონმა“ სერიის მეორე მატჩიც გამარჯვებით დაასრულა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103242