სუპერ რაგბის მეექვსე ტურში გუშინ საღამოს სამხრეთ აფრიკაში გამართული ორივე თამაში, მასპინძლების 5-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
პორტ-ელიზაბეტში „კინგზი“ იაპონურ „სანვულვზს“ დაუხვდა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა - 33:28. თავიდანვე ცხადი იყო, რომ აუტსაიდერების ჯახი უკომპრომისო იქნებოდა და სპეციალისტები პირველ გამარჯვებას იპონელებს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ისინი მესამედ დამარცხდნენ მცირედით.
„კინგზს“ ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა და სტივენ საიკესა და მალკოლმ ჯაერის ლელოების შემდეგ, მე-17 წუთისთვის 15:3 დაწინაურდა, მაგრამ ორი წუთის ინტერვალში შოთა ჰორიმ და ტუსი პისიმ ლელოები გაქვითეს და 24-ე წუთზე წონასწორობა აღდგა - 15:15. სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა შეცდომები არც ამჯერად ეპატიათ და ფუშემ ჯარიმა გაიტანა, ხოლო შეინ გაიტსმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და კონტრშეტევაზე ლელო დადო - 23:15.
„მგლებმა“ შესვენებამდე ლელო გაქვითეს, ალამთან მიზან ტიმოთი ბონდი მიწვდა, ხოლო 54-ე წუთზე პისიმ შორიდან გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. „კინგზმა“ უპირატესობა შორეული ჯარიმით დაიბრუნა, ხოლო 78-ე წუთზე აფრიკელებმა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა უოტსმა ლელო დადო და ფუშემ გარდასახა. იაპონელები არ დანებდნენ და იამადამ საპასუხო ლელო ალამთამ დაამიწა, თუმცა დრო აღარ იყო და „სანვულვზი“ ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკულ დერბიში, „ბულზმა“ „ჩიტასს“ 23:18 მოუგო. თამაში ამ ქვეყნის გუნდებისთვის დამახასიათებელ, ძალისმიერ ბრძოლაში წარიმართა. „ხარები“ იოლ გამარჯვებას ელოდნენ, მით უმეტეს, რომ დებიუტში ორი ლელო გაიტანეს და 15:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ლელო თავადაც გაუშვა. მასპინძლებმა ეს იუკაიდრისეს და 34-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანი მესამედ აიღეს [20:10], თუმცა მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ჯარიმა და ლელო რომ მიიღეს, მარცხის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, 57-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და მას შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა.
კინგზი - სანვულვზი 33:28
ბულზი - ჩიტასი 23:18
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია