2008 წლიდან დღემდე, ანუ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაარსებიდან, ახალი ზერლანდიის ნაკრებმა ყველა ჯერზე შეძლო თასის ნახევარფინალში გასვლა და ჯამში ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ შეძლო ტიტულის დაუფლება.
„ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ 2008-2011 წლებში ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, შემდეგ წლებში ტიტული ჯერ სამხრეთ აფრიკას და 2-ჯერ ინგლისს დაუთმო, შარშან კი, იტალიაში კვლავ პირველი იყო. წელს ახალი ზელანდია თასის ნახევარფინალს მიღმა პირველად დარჩა და მხოლოდ მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრებისა და არგენტინელთა თამაშის შესახებ უკვე ვწერდით და ახლა დანარჩენ, ოთხ უკიდურესად დაძაბულ თამაშს გადავავლოთ თვალი. შოტლანდია და იტალია მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე შეიბნენ. „აძურამ“, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მომავალი მეტოქეა, პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლა. მისი მიზანი იყო ჯგუფში ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწია და შოტლანდიისთვის გადაესწრო.
ანგარიში სქოთებმა ლელოთი გახსნეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს და რადგან 30-ე წუთზე ლელოსთან ერთად გარდასახვაც მიიღეს, 5:7 ჩამორჩნენ. შესვენების შემდეგ შოტლანდიამ ჯარიმით დაიბრუნა უპირატესობა, მერე ნაიმიმ და თირნტონმა ლელოები დადეს და ანგარიში 20:7 გახდა. იტალიამ რიმპელის ლელოთი და მანტელის გარდასახვით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ იქვე მილერისგან ლელო მიიღო და ჰასტინგსმა გარდასახა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბრუნომ ლელო დადო, თუმცა ამჯერად გარდასახვა გაცუდდა და იტალია 19:27 დამარცხდა, რის გამოც პრემიალური ქულაც ვერ აიღო, ხოლო შოტლანდია მეორე ადგილზე დაწინაურდა.
ახალ ზელანდიას და უელსს, საუკეთესო მეორეადგილოსნად გახდომის შანსი ჰქონდათ, ოღონდ ამისათვის პრემიალური ქულით უნდა ემარჯვათ. მატჩის დებიუტი ბრიტანელების იყო და 12 წუთის შემდეგ ისინი ჯონსის ორი ჯარიმისა და ტომასის ლელოთი 11:0 დაწინაურდნენ. ბარეტის ჯარიმა ჯონსმა 33-ე წუთზე გააბათილა, მაგრამ „ოლ ბლექსს“ უპირატესობა ჰქონდა და გაწითლებულ დროზე ნოკმა ლელოთი და ბარეტიმ გარდასახვით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 10:14.
თამაში რომ განახლდა ბარეტი სინბინით დაისაჯა და ჯონსმა ჯარიმიდან უშეცდომოდ დაარტყა, მაგრამ ზელანდიელთა მონდომება ძალიან დიდი იყო და მათ კაცნაკლულად შეძლეს ლელოს გატანა. თავი სტევენსონმა გამოიჩინა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო, სათამაშოდ 20 წუთი რჩებოდა. მერე მაკბრაიდს ჯარიმა გაუცუდდა და სამხრეთელებმა ბოლო წუთზე ზედ კარის წინ ჯარიმა რომ გამოიმუშავეს, ბარეტმა ის 3 ქულად აქცია და ზელანდიას 18:17 მოაგებინა, რითაც გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა, თუმცა წინ კიდევ ორი თამაში იყო.
ავსტრალიას პირველი ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა, ოღონდ ამისთვის მასპინძელი ინგლისი დიდი სხვაობით უნდა დაემარცხებინა და პირველსავე წამებზე დაწინაურდა. მასპინძელთა უყურადღებობით მედოკსმა ისარგებლა და მასონმა გარდასახა. შესვენებამდე მელინდერმა და მასონმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და ტაიმი 6:13 დასრულდა, მეორე ნახევარი კი, სრულად ინგლისის იყო. მელინდერმა 52-ე წუთზე გატანილი ლელოს გარდასახვა ვერ შეძლო, მაგრამ 65-ე წუთზე გუნდი ჯარიმით პირველად დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა და 17:13 მოგებით ინგლისი თასის ნახევარფინალში გავიდა.
ასეთ სიტუაციაში სამხრეთ აფრიკამ და საფრანგეთმა იცოდნენ, რომ მოგება და მინიმუმ 4 ლელოს გატანა საუკეთესო მეორე ადგილს და შესაბამისად, თასის ნახევარფინალის საგზურს იძლეოდა. შესაბამისად, თამაში სახალისო გამოდგა და ორივე გუნდმა შეძლო ლელოების სიმრავლისთვის პრემიალური ქულის აღება, ოღონდ აფრიკელებმა მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს, 40:31 იმარჯვეს და თასისკენ სვლა გააგრძელეს. აღსანიშნავია, რომ ნახევარი საათის შემდეგ საფრანგეთი 24:13 იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ლელოები გაუშვა, 24:25 ჩამორჩა და ბოლო წუთზე, სანამ თავად მეოთხე ლელოს გაიტანდა, უკვე 24:40 აგებდა.
ამრიგად, მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველო იტალიას ეთამაშება, ხოლო საფრანგეთი უარესი მესამეადგილოსანი გახდა და იაპონიას შეხვდება. ახალი ზელანდიისა და უელსის დაპირისპირება 4 დღეში კიდევ ერთხელ შედგება, ამჯერად მე-5 ადგილის ნახევარფინალში, ხოლო შოტლანდია ავსტრალიას შეერკინება. თასის ნახევარფინალში მოულოდენელად გასული ირლანდია, ან არგენტინა, ფინალში გავლენ, ხოლო ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ფინალისტს გაარკვევენ.
2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
ინგლისი. მანჩესტერი. III რაუნდი
A ჯგუფი
ირლანდია - საქართველო 35:7
ახალი ზელანდია - უელსი 18:17
1. | ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 94:56 | 13 | 1 |
2. | ახალი ზელანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 97:50 | 10 | 2 |
3. | უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | 52:53 | 7 | 3 |
4. | საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 16:100 | 1 | 1 |
B ჯგუფი
შოტლანდია - იტალია 27:19
ინგლისი - ავსტრალია 17:13
1. | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 109:23 | 14 | 2 |
2. | შოტლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 42:73 | 9 | 1 |
3. | ავსტრალია | 3 | 1 | 0 | 2 | 61:42 | 7 | 3 |
4. | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 39:113 | 0 | 0 |
C ჯგუფი
არგენტინა - იაპონია 39:20
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 40:31
| ||||||||
1. | არგენტინა | 3 | 3 | 0 | 0 | 82:48 | 13 | 1 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 3 | 2 | 0 | 1 | 112:69 | 11 | 3 |
3. | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 92:78 | 6 | 2 |
4. | იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 53:144 | 0 | 0 |
20 ივნისი
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
საქართველო - იტალია
საფრანგეთი - იაპონია
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ახალი ზელანდია - უელსი
შოტლანდია - ავსტრალია
თასის ნახევარფინალები
ირლანდია - არგენტინა
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა
ფინალები. 25 ივნისი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენმა ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ბობოლებთან თამაშიც კარგად შეუძლიათ, მაკარონნიკები კი ყველაზე სუსტი ბობოლები არიან, ამიტომ ვფიქრობ რომ რთული თამაში კი იქნება, მაგრამ მოგება აშკარად შეგვიძლია, მთავარია დისციპლინა, ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე თამაში და კარგი აუტები. წარმატებები ჩვენს ლომებს!!!
აქვთ იტალიელებს მანდრაჟის საფუძვლიანი საფუძველი
დისციპლინა უნდა გამოვასწოროთ და იტალიის დამარხცება სავსებით რეალურია.
შოტლანდიას სა გაუმართლა მთელი ტაიმი მეტობაში რო იყვნენ ავსტრალიასთან