20-წლამდელები

1:58 | 16.06.2016 | ნანახია 7299 - ჯერ

პირველი ლელო და 8 წუთში დასრულებული ინტრიგა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ჯგუფის მოულოდნელ ლიდერ ირლანდიასთან მოედანზე მოსაგებად მომართული გავიდა და დასაწყისიც შესანიშნავი იყო, მაგრამ მე-8 წუთზე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ამ დროს მეტოქისგან ლელო მივიღეთ, მაგრამ ეს არა იყო მთავარი. მთავარი მანამდე რამდენიმე წამით ადრე მოედნის ცენტრში მოხდა. ილია სპანდერაშვილმა უპატიებელი საქციელი ჩაიდინა, მეტოქეს, რომელიც მიზანმიმართულად არ ჩქარობდა წამოდგომას და მას თამაშში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა, ჯერ ხელი დაარტყა და მერე წიხლი მიაყოლა. მოწინააღმდეგისთვის წიხლის დარტყმა კი, რაგბიში ძვირად ფასობს. აქვე აუცილებლივ უნდა ითქვას, ირლანდიელები მსგავს პატარ-პატარა ეშმაკობებს ხშირად მიმართავდნენ და სხვა სიტუაციებშიც რამდენჯერმე შეაფერხეს ქართველი მორაგბეები, თუმცა მათ ზუსტად იცოდნენ რა დოზით დაერღვიათ წესები, რათა მსაჯების ყურადღება არ მიექციათ.

დარწმუნებული ვარ, სპანდერაშვილი საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუნდაც 20-წლამდელთა დონეზე, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. ასეთ დონეზე მსაჯებს შეიძლება რაღაც გამოაპარო, მაგრამ ვიდეო-რეფერის თვალს ძნელია რამე დაუმალო. ისიც მალევე ამხილეს დანაშაულში და რეფერიმ დამსახურებულად უჩვენა წითელი ბარათი. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ირლანდიასთან სენსაციაზე ვეღარც კი ვიოცნებებდით და მიზნად ერთადერთი რამ დაგვრჩა - რაც შეიძლება მცირე სხვაობით წაგება.

ილიას მხოლოდ იმ მატჩში არ დაუტოვებია გუნდი კაცნაკლული. უახლოეს დღეებში სადისციპლინო კომისია შეიკრიბება და დიდი ალბათობით, სპანდერაშვილისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი იმ მე-8 წუთზე დასრულდება და სავარაუდოდ, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იქნება. ის მეორე მორაგბეა, რომელიც უდისციპლინობის გამო საქართველოს ნაკრებს ვადაზე ადრე გამოაკლდება. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიასთან შეხვედრის შემდეგ, გურამ ქანდაურაშვილი მეტოქის დაკბენაში ამხილეს და 9 სათამაშო კვირით დასაჯეს. ეს სასჯელი მას 17 ოქტომბრამდე გაყვება.

არადა, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. პირველსავე წამებზე მეტოქეს ორი მძლავრი ბოჭვით ვაგრძნობინეთ, რომ საბრძოლველად ვიყავით განწყობილი, თანაც მეორე ჯერზე ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ბურთიც ამოაცალა, მაგრამ შეტევა რომ გავშალეთ წინ დაგვივარდა. მე-3 წუთზე დაინიშნა პირველი შერკინება და ირლანდიამ უბრალოდ ვერ გაგვიძლო, დასარტყმელი ჯარიმა კი, აუტში გადავიტანეთ და ლელოზე ვითამაშეთ. დერეფნის ბოლო კაცზე მოგების შემდეგ მორკინალებმა ახლოდან რამდენჯერმე დაარტყეს, მერე ვასილ ლობჟანიძემ გაიბრწყინა, ცრუმოძრაობით მცველებს შორის ნაპრალი გააჩინა, მასში თითქმის სუფთად გაძვრა და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.

ირლანდიამ მომენტალურად ჩართო მაქსიმალური სიჩქარეები, ქართველთა დაცვა არია და მარცხენა ფლანგზე კენანზე ბოჭვა გაფუჭდა. მისი ლელო მაკფილიფსმა გარდასახა, თუმცა უფრო სამწუხარო ზემოთ ნახსენები წითელი ბარათი იყო, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ მთელი 70 წუთი უსწრაფესი ირლანდიელების შეჩერება გაჭირდებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ საწყის 10 წუთში ჩვენი ოთხი დერეფნიდან სამი დავთმეთ და თუ გავიხსენებთ, რომ იმ ერთი მოგებულს ლელო მოყვა...

მოკლედ, განვლილ სამ თამაშს თუ შევაჯამებთ, მსოფლიოს უმაღლესი დონის მეტოქეებთან ჩვენს მინუსებს დავინახავთ - უდისციპლინობა და ძალიან სუსტი თამაში დერეფანში, რის შედეგადაც ბურთს, რომლის მოპოვება ასე ძალიან ჭირდა, ვერ გავუფრთხილდით და იძულების წესით „ვივარჯიშეთ“ მეტოქეების სწრაფი შეტევების მოგერიებაში, დროულად გადაწყობაში და ბოჭვების შესრულებაში. აი აქ გუნდი უკვე კარგად გამოიწრთო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიამ 4 ლელო დადო. ეს ოთხი ლელო სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოს ნაკრებმა 70 წუთზე მეტი კაცნაკლულმა ითამაშა და ასეთ დროს ნებისმიერი დიდი გუნდი ირლანდიისგან მინიმუმ 4 ლელოს აუცილებლად მიიღებდა.

თამაშს თუ მივყვებით, მეტოქეს კაცნაკლული საქართველოს პატივისცემა გაყვა და როდესაც შანსი გაუჩნდა, ჯარიმებით 6 ქულა აიღო. მერე ჯარიმა საქართველოსაც უნდა გაეტანა, თუმცა მოძღვრიშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. ეს ჯარიმა „ბორჯღალოსნებმა“ შრკინებით გამოიმუშავეს, სადაც რაოდენობის გასათანაბრებლად ხაზის მოთამაშეები ერთვებოდნენ, უმეტესად გიორგი კვესელაძე. რა თქმა უნდა, ის მორკინალი არაა და წესით ძალების თანაფარდობა მაინც სხვაგვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ - საქართველოს ასაკობრივ დონეზეც მსოფლიოში საუკეთესო შერკინება ყავს!

13:7-ზე ირლანდიამ ჯარიმების დარტყმაზე უარი თქვა და ლელოს დადებაზე დაიწყო ზრუნვა. მათი მოლის შეჩერება ისევე ჭირდა, როგორც გაშლილი შეტევების, თუმცა ეს მაინც შევძელით. სამწუხაროდ, პირველივე ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა ქართველთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ოთარ გიორგაძე. მეორე ტაიმში ტკივილებმა სხვა მოთამაშეებიც შეაწუხა და იმედია, დასკვნით ორ შეხვედრაში, რომლებიც მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ მიზეზით არავინ დაგვაკლდება.

კაცნაკლულმა საქართველომ დაახლოებით 20 წუთი მეტოქისგან ლელო არ გაუშვა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მაკფილიფსმა ახლოდან მიზანს მაინც უწია და ტაიმი 20:7 დასრულდა. დასვენებულზე ბიჭებმა რამდენჯერმე უკუაგდეს ირლანდიელთა თანმიმდევრული შეტევები და 54-ე წუთზე მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმა იკადრა. საქართველოს ნაკრებს შესვენების შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდა შეტევის შესაძლებლობა, მაგრამ დერეფანში შეცდომების გარდა, მიყოლაც აგვიანებდა და ბურთი მეტოქეს რჩებოდა. აღსანიშნავია, რომ ირლანდია რაქებში ძალიან კარგად თამაშობდა.

59-ე წუტზე „სამყურების“ მორიგი კარგი შეტევა კენედის ლელოთი დასრულდა. დასკვნით 20 წუთში თამაში ყოველთვის ჭირს და მოსალოდნელი იყო, რომ კაცნაკლული თამაში საქმეს კიდევ უფრო გაართულებდა, მაგრამ ბიჭების გმირულმა დაცვამ ირლანდიელებს გალაღების საშუალება არ მისცა. 65-ე წუთზე რეფერიმ დაგვინდო კვესელაძე სინბინში რომ არ გაუშვა და ოთხიოდე წუთში მის მიერ შესრულებული ბოჭვა, რომელმაც ლელოსგან გვიხსნა, ირლანდიელს დიდხანს დაამახსოვრდება. რამდენიმე წუთში მათი ლელო წინპასის გამო გაუქმდა, თუმცა, ლუკა გოგინავას სინბინის შემდეგ, მოედანზე დასკვნითი 2 წუთით 13-ნი დავრჩით, მერე ტრავმის გამო კიდევ ერთი მორაგბე გამოგვაკლდა და საბოლოოდ ირლანდიამ მეოთხე, პრემიალური ლელოს გატანა მაინც მოახერხა.

საქართველოს ნაკრები 7:35 დამარცხდა და როგორც მოსალოდნელი იყო, „სიკვდილის ჯგუფში“ ბოლო, მე-4 ადგილზე გავიდა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, უელსთან აღებული პრემიის ხარჯზე ჯერჯერობით ტურნირზე მე-10 ადგილზე ვართ და IX-XII ადგილების ნახევარფინალში 20 ივნისს იტალიას ვეთამაშებით.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:48 | 17.06.2016
qomagi (248)

ამ თამაშებში გამოჩნდა მინუსები:1. საშინელი დერეფანი, რომელიც ეროვნულის პრობლემასაც წარმოადგენს; 2. დაბალი სისწრაფეები, აშკარად მოსამატებელი გვაქვს; 3. დისციპლინა და ფსიქოლოგიური განწყობა - ფსიქოლოგიამ განსაკუთრებით ზელანდიასთან ითამაშა უარყოფითი როლი;4. რაქში თამაში - მიმყოლის დაგვიანება გადაყრაზე და რაქის დროულად გასუფთავება და ბურთის სწრაფად გამოტანა, რომ არ ჩაიხუროს და არ დავჯარიმდეთ.
პლიუსები იყო: 1. ბიჭები ზელანდიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა ფსიქოლოგიურად კარგად განაწყეს, რაც უელსთან და ირლანდიასთან გამოჩნდა; 2. საუცხოო დაცვა, რომელიც შერკინებასთან ერთად ჩვენი საფირმო ნიშანი გახდა, ირლანდიისგან მიღებული 4 ლელოს მიუხედავად; 3. შერკინებაში მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს შეგვიძლია ჩავუტაროთ მასტერ-კლასი ყველა ასაკობრივ დონეზე, უმაგრესია!!! 4. თამაშებამდე ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო მწვრთნელების მოსაზრებები ზოგიერთ პოზიციაზე, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ მივხვდი უკვე რა მოსაზრებით იხელმძღვანელეს ასე. კარგი მწვრთნელები არიან მაგრამ ალბათ ყველასთვის უმჯობესი იქნება უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა, რომელთანაც მწვრთნელებიც და მორაგბეებიც უფრო სწრაფად განვითარდებიან. სასურველია ზელანდიელი იყოს, მელიტონას შემწეობით შეიძლება ნორმალურ ხელფასზე კარგი მწვრთნელის ჩამოყვანა.
უდიდესი პლიუსი კი არის ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობა, სადაც კარგი გაკვეთილები მივიღეთ და სამომავლოდ გამოგვადგება, 20 ივნისს კი მაკარონნიკებს შევუსრულებთ!!!

00:35 | 17.06.2016
qomagi (248)

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშებისთვის, მადლობა მთელ სამწვრთნელო შტაბს, რომ მაქსიმუმი გაიღეს გუნდის მომზადებისთვის. ამ ჩემპიონატმა დაგვანახა ბევრი პლიუსიც და მინუსიც, რომელთა სწორად ანალიზის შემთხვევაში მოკლე პერიოდში უფრო დიდ პროგრესს მივაღწევთ. მე მჯერა ამ პატარა (თუმცა, რაღა პატარა) ბიჭების, რომლებიც ნამდვილად ქართული რაგბის მომავალნი არიან. რაც მოხდა სპანდერაშვილის შემთხვევაში, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, ჩვენ არ ვიცით იმ მომენტში რა მოხდა, რომ ასე მოიქცა, თუმცა ამას გამართლება არ აქვს. იმედია ბიჭები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და ეს მწარე პრაქტიკა დადებითად წაადგებათ მომავალში. გორგოძე როგორი იყო ადრე ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ უმაღლესი დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ნამიბიასთან თამაშში წარმოიდგინეთ რა ნერვების ფასად დაუჯდა თავის მოთოკვა, რომ მართლაც არ შეჭამა ის მსაჯი მოედანზევე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჩვენი ბიჭების პროვოცირებას.

20:27 | 16.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

თბილისში გასამართ ჩემპიონატისათვის აქედანვე უნდა ვემზადოთ. ერთი რაღაც ამ ცემპიონატმა ნაღდად შესძინა ჩვენს მორაგბეებს - ესაა თავისი თავის რწმენა და რომ არც ირლანდიაა და უელსი დაუმარცხებელი, მხედველობაში მაქვს ის, რომ შევძლებთ ამათ დამარცხებას. მჯერა ქართველი გულშემატკივრები გაავსებენ სტადიონებს და ესეც დიდი დახმარება იქნება ჩვენი მორაგბეებისათვის. თანაც მსაჯებიც ვერ გაგვიბედავენ აშკარად დაჩაგვრას. ყველა რესურსი უნდა ჩავრთოთ იმ დროისათვის 20 წლიანების მომზადებაში.

20:22 | 16.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ირლანდიის ნაკრების მოთამაშე ვაკხ აბდალაძეს მამა საქართველოს ნაკრებში თამაშობდა თურმე. საწყენია მისი შვილი, რომ სხვა ქვეყნის სახელით თამაშობს. კარგი მორაგბე ჩანს. ჩვენი მწვრთნელები აქედანვე უნდა შეუდგნენ ქართული ფესვების მქონე ახალგაზრდა მორაგბეების მოძიებას სხვა ქვეყნებში. შეიძლება ზირაქიშვილის, ლაბაძის და სხვა ქართველი მორაგბეების შვილები მაინც გადმოიბირონ მომავალში. როგორც ვიცი საფრანგეთში მოთამაშე ბევრი მორაგბე იქ აპირებს ცხოვრების გარგძელებას.

20:17 | 16.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ვინც კარგად ერკვევით რაგბში გთხოვთ დაწეროთ საქართველოს ნაკრების დანაკლისი (ტრამვები, წითელი ბარათები) სერიოზულია? გვყავს შემცვლელები?
დიდი ანგარიშით დამარცხება ზელანდიასთან უფრო იმის ბრალი მგონია, რომ პირველ თამაშს ატარებდნენ ჩვენი მორაგეები. დიდი იყო მღელვარება. ქონდათ მოწინააღმდეგის რიდი. აი უელსთან ქართველთა დავდადებამ და ძალამ კინაღამ სენსაცია მოახდინა. შეგვეძლო უელსის დამარცხება. ხოლო ირლანდიასთან ბიჭები უკვე გამარჯვებას თუ არა არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. მოტივირებული იყვნენ და ეს ჩანდა მათ განწყობაში თამაშის დასაწყისში. ირლანდიაც არ ელოდა მთლად ასეთ დასაწყის და პროვოკაციებიც წამოვიდა მათგან.
იტალიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჩემი აზრით საფრანგეთსა და იაპონიასთან უფრო იტალიასთან გვაქვს შანსი. აი რამდენი მორაგბე დაგვაკლდება ესაა საკითხავი.
ხანდახან ვფიქრობ, რომ იტალია და იაპონია ძალებს ზოგავდნენ 9 ადგილისათვის სათამაშოდ და შეიძლება სულ სხვა იაპონია და იტალია ვიხილოთ.

17:10 | 16.06.2016
tamasho (88)

ქუთაისელებო ოთია და აქვსენტი რა არიან ერთმანეთის?

17:08 | 16.06.2016
tamasho (88)

იტალიის დაჩმორება აქედანვე 20 იანებიდან უნდა დავიწყოთ
რაგბი ჩვენი თამაშია

15:47 | 16.06.2016
zulu (12)

რაც მთავარია ბიჭებმა დიდ გამოცდილება მიიღეს და ეს მომავალ წელს გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ დისციპლინაც და დერეფანში თამაშიც დალაგდება და ასეთი შემართებით 6-ეულის იმედი მაქვს, მომავალ წელს.
შერკინება ფანტასტიური ყვყავს და ასე უნდა გააგრძელონ ამ საკითხზე კომენტარიც ზედმეტია.

15:39 | 16.06.2016
zulu (12)

მე მგონი როგორც დიდებს ყავთ ამ ნაკრებსაც სჭირდება უცხოელი გამოცდილი და კარგი მწვრთნელი. პროგრესი აშკარაა და ფედერაციამ რამე უნდა იღონოს ამ კუთხით. არ მგონია ისე უჭირდეს ფედერაციას რომ უცხოელი მწვრთნელის მოყვანა გაუჭირდეთ. ნამდვილად კარგი მწვრთნელები არიან კილასონიაც და მაისურაძეც და უნდა დარჩნენ ნაკრებში მაგრამ მთავარ მწვრთნელად გამოცდილი უცხოელია საჭირო.

14:37 | 16.06.2016
rugby aia (5)

იტალიასთან მოგება თუ გვინდა 9ზე გელა უნდა დადგეს და 10ზე ვასკა, პირიქითაც შეიძლება, მაგრამ ასე უკეთესი იქნება. სპანდერაშვილის სახეს რომ შევხედე გაძევების მერე სკამზე რომ ჯდებოდა ეგრევე ყველანაირი აგრესია გამიქრა მისი საქციელის მიმართ, სახეზე ეწერა ყველაფერი, ასე რომ აღარ არის საჭირო მისი ჩაქოლვა და დამატებითი სანქციები, ისედაც ყველაფერს მიხვდა ეგრევე ეგ ბიჭი, მომავალ წელს გამოასწორებს ამ შეცდომას. მწვრთნელებზე ხუთივე თამაშის მერე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, მაქვს გარკვეული შეკითხვები მათ მიმართ, თუნდაც შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით. მეორე ხაზში ბაბუნაშვილმაც მგონი ტრამვა მიიღო, ხელს უხვევდნენ თამაშის ბოლოს და ცუდად გვაქვს საქმე. ჯავახიაც დაგვეტრამვა, მოკლედ ახალი სისხლია საჭირო.

14:59 | 16.06.2016
GO_GO_LELOS (81)

გეთანხმები 10 ნომრის პრობლემა გვაქ და ვასკა კარგი იქნება. საინტერესოა რატომ არ წაიყვანეს სამხრეთ აფრიკაში რომ ქართველი 10 ნომერია ის? ასევე კარგი იქნებოდა ლიონს იურინი რო გამოეშვა ძალიან წაგვადგებოდა ხაზში

14:23 | 16.06.2016
პანტელეიმონი (1218)

რაც შეეხება მწვრთნელებს; შეცდომები და სამუშაო ბევრია, მაგრამ მე ვხედავ მათ ნამუშევარს და ამიტომ მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო.

მთავარი ბრძოლა წინ არის; იტალია უნდა დავამარცხოთ ! ! !

ეხლა გვმართებს მიუხედავად შეცდომებისა, ტრამვებისა, დაღლილობისა, მობილიზირება და პრინციპული გამარჯვების მოპოვება.

აი ახლა გამოჩნდება მწვრთნელების და მოთამაშეების პროფესიონალიზმი.

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

13:40 | 16.06.2016
Kala94 (151)

რაც ცუდი მოხდა იმაზე დამიჯერეთ სამწვრთნელო შტაბი იქნება ყველაზე მკაცრი... აზრი არ აქვს სპანდერაშვილის კრიტიკას.. იმიტომ რომ ესეთი რამე უბრალოდ არ უნდა მოხდეს.. არც უნდა გაიაზროს ვინმემ რომ ეს ბიჭიი ოდესმე იგივეს გაიმეორებს.. ხოო ნუ ზოგადად დისციპლინა და დერეფანია პრობლემა.. ორივეს უნდა ეშველოს.. დისციპლინა რაც დრო გავა მით უფრო დაიხვეწება, რაც შეეხება დერეფანს, სასწრაფოდ რაღაც გეგმა უნდა შევიმუშავოთ..
რაც შეეხება დადებითს.. 7 კაცი 8 ის წინააღმდეგ შერკინებაში უბრალოდ საოცრებები ვაკეთეთ.. 70 წუთი 14 კაცი 15 ის წინააღმდეგ ზელანდიასთან მომგებ ირლანდიასთან.. ასეთი ბრძოლა რაც ბიჭებმა ანახეს არ ვიცი რა.. ვასკას კლასი კიდევ ერთხელ გამოჩნდა..
ეხლა რაც შეეხება 9-10 ნომრებს.. უელსთან ერთი ამბავი ატყდა აფრასიძე რატომ არჩიეს ვასკასო.. მემგონი დავინახეთ თუ როგორი საჭიროა გუნდისთვის ჯარიმის კარგი დამრტყმელი.. ურთულესი ბურთები გაიტანა გელამ.. ამ თამაში კიდე უმარტივესი ჯარიმა გავაფუჭეთ..
ამიტომ მივეჩვიოთ იმას, რომ მწვრთნელებმა ჩვენზე უკეთ იციან მწვრთნელობა.. და ანალიზი თამაშის მერე გავაკეთოთ.. ბიჭებს წარმატებები და მადლობა კიდევ ერთხელ !

12:20 | 16.06.2016
federer (17) (469)

მე არ დავიწყებ სპანდერაშვილის გაკრიტიკებას, მაგრამ მართლა მოკვდა ინტრიგა მისი გაძევების მერეე. როგესაც ისეთ სწრაფ გუნდს ეთამაშები როგორიც ირლანდია 1 კაცის გამოკლება განსაკუთრებით დაცვაში ქმნის სერიოზულ პრობლემებს. გუნდი რომელიც სწრაფად გიტევს ხელდახელ ისედაც ძალიან რთულია ხოლმე გადაწყობა და სივრცეების შევსება და ეს ყველაფერი განსაკუთრებით გართულდა 14 კაცით დარჩენის შემთხვევაშიი.
მაგრამ არაუშავს ჯერ ბავშვია და იმედია ჭკუის საწავლებლად გამოადგება ეს შეცდომა მომავალში
ახლა რაც შეეხება ჩვენი ნაკრების გამოსვლას ამ ტურნირზე: ჯამში მაინც დადებითად შევაფასებდი, რადგანაც პირველი თამაშის მერე აშკარად გონს მოვედით.
1. ზელანდიასთან თამაში წავაგეთ თამაშის დაწყებამდე და ჩვენს შიშს ავტორიტეტის მისამართით მოყვა ეგ ანგარიში, თორე უელსმა არაფერი დაუთმო ზელანდიას და ჩვენ არაფერი დავუთმეთ უელსს და იგივეს შანსი გვექნებოდა ჩვენც ზელანდიელებთან და ირლანდიამ საერთოდ მოუგო კიდეც ზელანდიას და რომ არა 14 კაცით დარჩენა, თუ ვერ მოვუგებდით არამგონია დიდი ანგარიშით წაგვეგოო.
2. უელსთან თამაში მართლა სიამოვნების მომგვრელი იყო ჩVენთვის და რეალური გამარჯვების შენსი გვქონდა ამ თამაშიი, მაგრამ ჩვენთვის ჭირად ქცეულმა აუტების ვერ მოგებამ და მსაჯების ბევრჯერ დახუჭულმა თვალმა უელსელების წინ თამაშებზე და არასწორად მოწოდებულ აუტებზე და კიდევ არაერთ მცირე დარღვევებზე მაინც თავისი გაიტანა.
3. ირლანდიასთან მაგარი შემართებით გამოვიდნენ ჩვენი ბიჭები და არანაირი შიშის და მოკრძალების ნაპერწკალიც არ იყოო, ეტყობოდათ ბიჭებს რომ მოგებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ სპანდერაშვილის გაგდების მერე მე მათ სახეებს რომ ვხედავდი ძალიან დიდი იმედგაცრუება ეწერათ სახეზე და ერთადერთ საფიქრალად ნაკლები ანგარიშით წაგება ექცათ.
4. ძალიან ბევრი შეიძლება დაწერო მაგრავ შევეცადე მოკლედ დამეწერაა.
არ შემიძლია ჩვენი შერკინების სიძლიერეს არ გავუსვა ხაზიი, ირლანდიამ რომელმაც უელსი და ზელანდია აშკარად დაჩაგრა შერკინებაში, ჩვენ რამდენჯერმე გადავუარეთ მათ შერკინებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დავამტკიცეთ რომ ქართველებს ამ კომპონენტში ბადალი არ გვყავს და მსოფლიომ უნდა ისწავლოს ჩვენგან შერკინების დაყენება.
ახლა რაც შეეხება მინუსებს: აუტის მოწოდების დროს ასეთი დაბნეულობა და გაუაზრებელი თამაში მე არცერთი გუნდის შესრულებით არ მინახავს და აუცილებლად საჭიროა ვინმე კარგი სპეციალისტის მოწვევა, რომელიც ამ კომპონენტს გამოგვისწორებს.
ისეთივე მნიშვნელოვანია აუტებზე კარგად თამაში როგორც შერკინებაში კარგი თამაშია მნიშვნელოვანი და აქ ჩვენ ყველაფერს ვანიავებთ.
ასევე დასახვეწია რაქში თამაშიი, ხშირად ვკარგავთ ბურთს როდესაც სახიფათოთ შეგვიძლია შევუტიოთ. ჩვენი შერკინების მორაგბეები იმდენად ძლიერები არიან ფიზიკურად, რომ ნებისმიერი მიძალების მერე ქმნიან რამდენიმე მეტრიან წინსვლას, მაგრამ ყოველთვის აგვიანებენ მიყოლას და ხშირად წყალში ეკარგებათ მთელი ნაჯაფიი.

11:25 | 16.06.2016
deqstera (86)

აბსოლიტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას რო სპანდერაშვილს ეხლა ყველაზე მეტად ჭირდება გვერდში დადგომა, კი ჩაარტყა და ცუდად მოიქცა მაგრამ თამაშია და თამაშის დროს ხანდახან ადამიანს ნერვები ღალატობს, რა შუაშია აქ ძველბიჭობა?? არანაკლები და უარესი გაუკეთებიათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, მაგრამ რა?? იგივე გორგოძეზე სწორად შენიშნა geogoli-მ არგახსოვთ რამდენჯერ გაუსიბინებით და დაუღალატებია გუნდი, და რო გაგვეგდო ნაკრებიდან რა?? გამოსავალია ნაკრებიდან იმ სპორტსმენის გაგდება რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა?? გამოსავალი კი არა უდიდესი სისულელე იქნებოდა....

ბაზარი არაა ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ რა ნაკრებიდან მოკვეთა?? ამ საქციელით მარტო სპანდერაშვილმა კი არა მთელმა ნაკრებმა უდიდესი გამოცდილება მიიღო და კარგი მაგალითი აქვთ წინ რომ ესე მოქცევის შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგის წინაშე დადგნენ, სწორედ შეცდომების ხარჯზე იზრდებიან და თუ არეთამაშე შენზე ძლიერებს, შენზე გამოცდილებს და შენზე ეშმაკებს რეგრესი გექნება!!
ამ ტურნირზე კი მთავარი არის გამოცდილების მიღება და პარალელურად იმის დამტკიცება რომ კარგი თაობა მოდის, რომლებსაც შეუძლიათ 6 ერის ნაკრებებს კონკურენცია გაუწიონ, ეს ორივე მისია კი წარმატებით სრულდება, ამიტომ მე სამივე თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ!!
_______________________________________________________________________________________

ბოლოს კი ერთს ვიტყვი, წარმატებას ვუსურვებ სპანდერაშვილს და ჩემი აზრით შეიძლება ეს გამოცდილება უკეთესიც კი იყოს მისი განვითარებისთვის, რადგან მეტი მოტივაცია ექნება განვითარებისთვის რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები და ის რომ ერთი შეცდომის გულისთვის ხაზი არავინ არუნდა გადაუსვას!!!

11:04 | 16.06.2016
buratino (480)

მოკლედ დავწერ ჩემს აზრებს:
1. მართალია სპანდერაშვილმა ცუდი ქმედება ჩაიდინა და ნაკრებს მოგების შანსი მოუსპო, მაგრამ მას ახლა გამხნევება და მითითება სჭირდება და არა გაკიცხვა. იმედია, შესაბამის დასკვნებს გააკეთებს და მომავალში ქვეყანას ასახელებს.
2. ვეთანხმები იმათ ვინც მიიჩნევს რომ სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ მაღალი დონის დერეფნის მწვრთნელი.
3. ვასკა მართლაც ლიდერია რაც მან ბრწინვალედ შესრულებული ლელოთი დაამტკიცა. აი რას ნიშნავს მთავარ გუნდში თამაშის გამოცდილება. ასევე "დაღვინებულია" ბექა გორგაძეც. სწორედ ასეთი "დაღვინება" აკლია ამ გუნდის წევრთა უმეტესობას, რაც ნათლად ჩანდა ამ მატჩშიც.
4. გუნდის მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა იმუშაონ დისციპლინის განმტკიცებაზე თავიანთ მოთამაშეებთან.
5. დაბოლოს, ჩემი მიდგომა იგივე რჩება - პროგრამა-მინიმუმი ერთი თამაშის მოგება და ბოლო, 12-ე ადგილის არიდება (თუმც კი ეს მომავალ წელს ჩვენს მონაწილეობაზე გავლენას ვერ მოახდენს, უბრალოდ, პრესტიჟის საკითხია)

10:54 | 16.06.2016
iberiana (33)

ახლა იარაზე წიხლის დაჭერა, ეს როგორ ქნა ამ ბიჭმაო, არა მგონია მართებული იყოს. იმ ირლანდიელმა მსაჯისაგან "მოტეხილში" შეიძლება ისეთი რამ გააკეთა, ტყუპ წიხლსაც კი იმსახურებდა და ნერვებია, თან მითუმეტეს ამ ასაკში. ფაქტია, რომ ილიას სახით ნაკრებს და საქართველოს კიდევ ერთი გულიანი ბიჭი ეზრდება და ახლა უნდა სწორედ გვერდში დგომა და ქომაგობა. სპანდერაშვილსაც და ქანდაურაშვილსაც სრული მორალური თანადგომა რიგითი ქართველისაგან და გულშემატკივრისაგან. უფალს ებარებოდეთ ძმებო! ნაკრებს კი იტალიის მარბიელი იერიშები და გამარჯვება. ისე, დისციპლინაც და დერეფანიც პირველ რიგში მწვრთნელის მოსაგვარებელია.

10:52 | 16.06.2016
Datodachi (18)

დერეფანზე არაფერს ვიტყვი ისედაც ნათელია ყველაფერი, დისციპლინაა ყველაზე სუსტი წერტილი მწვრთნელების მუშაობაში სპანდერაშვილის ეპიზოდიდან რამოდენიმე წამში თუ დააკვირდით იგივე გააკეთა თითქმის ჩვენმა 5 ნომერმა ,უბრალოდ სპანდერაშვილზე გაკეთდა აქცენტი და ჩვენდა საბედნიეროდ გამორჩათ ის მომენტი მსაჯებს თორემ ალბათ სულაც 13 კაცით მოგვიწევდა დამთავრება. მიუხედავად ქართველი მწვრთნელების დიდი პატივისცემისა ალბათ დროა ამ ასაკობრივ ნაკრებში მაინც უცხოელი მწვრთნელის მოყვანა, ბიჭებს დიდი მადლობა და წარმატებები იტალიასთან ყველას გვიყვახართ

10:15 | 16.06.2016
mindia (74)

სპანდერაშვილის კრიტიკაზე მეც ვიტყვი ჩემს მოსაზრებას და ესეც ცივ გონებაზე...

სპანდერაშვილმა დაუშვა ისეთი შეცდომა რომელიც არ ეკადრება, მან დააღალატა გუნდი, გულშემატკივრები, ქვეყანა, მაგრამ გარიცხვა ნაკრებიდან ზედმეტია. გარიცხვა განმეორების შემთხვევაში.

როცა საქებარი ხარ გაქებენ, როცა გასაკრიტიკებელი გაკრიტიკებენ და კრიტიკა ისეა აღსაქმელი რომ გასაკრიტიკებელი მომავალში არაფერი დატოვო, ასე უნდა ქნას სპანდერაშვილმა და დრო აქვს რომ გამოსწორდეს ამ მხრივაც.

აი კოლელიშვილია კარგი მაგალითი, შეეძლო მას ყოფილიყო ერთერთი უძლიერესი თავის პოზიციაზე მსოფლიოში, მაგრამ უდისციპლინობის გამო არ გამოსდის ეგ.

რაც შეეხება ნაკრებს, მწვრთნელები არ ვიცი რა... არ მითამაშია რაგბი, მაგრამ მგონი სამივე თამაშში ესე სუსტად რომ ითამაშებ დერეფნებში მათ არასწორ მუშაობაზე მეტყველებს ამ მიმართულებით.

ნაკრები კი მომწონს მე, კარგი 9 ნომრები გვყავს, ლობჟანიძეზე ხო ყველამ იცის და პერსპექტივაში აფრასიძეს არანაკლებია. კარგი პირველხაზელები და მეორე ხაზელები გვყავს. ბექა გორგაძე ჩვენი მომავალია, ძალიან კარგია ცუცქირიძეც.

იტალიასთან თუ მოვიგეთ გაასწორებს და იმედია ასეც იქნება.

09:58 | 16.06.2016
BEERTRANCE (1073)

1 ცალსახაა, ვინმე ასისტენტი ნამდვილად გვინდა დერეფნების კომპონენტში. ძალიან ხშირად ვაგებთ საკუთარ დერეფანს.

დასანანი იყო რო დისციპლინამ დაგვაღალატა. 15-15ზე რო ვყოფილიყავით ნამდვილად შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი.

მოედანზე ვინც იყვნენ ქება და ქება, შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს. პირიქით მეტი თავდაჯერება რო იტალიის დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.

09:34 | 16.06.2016
krasni (587)

სპანდერაშვილი გულიანი ბიჭი ჩანს, მეტი დისციპლინით კარგი მორაგბე დადგება. საერთოდ კი გადასარევი ბიჭები გვყავს და ამას დაამტკიცებენ 20-ში იტალიასთან.

09:31 | 16.06.2016
→ LELOS← (98)

აქ ხომ მაინც გდავეყარეთ იტალიას.!!! თქვენ იცით ბიჭებო თავდადებით როგორც ყველა თამაშში და შედეგიც იქნება.

08:15 | 16.06.2016
აგუერო (65)

ხო შეხედეთ კვესელაძე რო დაინდო მსაჯმა მიხვდა დანაშაულს და კიდე უფრო მაგრად დადგა დაცვაში და სერიოზული ბოჭვები შეასრულა

08:13 | 16.06.2016
აგუერო (65)

რომ არა დასანანი სინბინი შეიძლება მინიმუმ უმცირესი სხვაობით წაგვეგო შესაძლოა საერთოდაც მოგვეგო

07:56 | 16.06.2016
ogafa (407)

იტალია უნდა დავამარცხოთ

07:36 | 16.06.2016
geogoli (367)

უკვე ცივი გონებით ვწერ და ვერ დავეთანხმები ქვემოთ მოყვანილ კომეტარებს. აი რატომ:

1. სპანდერაშვილს რაც დაემართა შეიძლება ნებისმიერ ქართველ მორაგბეს დაემართოს. არავინ იცის რეალურად რა გააკეთა ირლანდილემა მორაგბემ, ჩვენ მხოლოდ ბოლო ფაზა ვნახეთ სადაც ილია ურტყავს. კარიერის საწყის ეტაპზე ხშირად ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები მამუკა გორგოძეს. ვიტო კოლელიშვილს მსგავსი პრობლემები ახლაც აქვს, ვისაც არ გახსოვსთ შეგახსენებთ, რომ მსაჯს უბიძგა ხელი საფრანგეთის ჩემპიონატში და საკმაოდ დიდ ხნიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. მიუხედავად ამ პრობლემებისა ვიტო ძალიან მაღალი დონის მორაგბეა, მამუკა კი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ასე რომ სპანდერაშვილს დღეს ჭირდება გვერდში დგომა და გამხნევება და არა ნაკრებიდან მოკვეთა, მას მშვენიერი მონაცემები აქვს და დარწმუნებული ვარ მაგარი მორაგბე დადგება. თანაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის ალბათ...

2. მწვრთნელებმა მე სასიამოვნოდ გამაკვირვეს. ზელანდიასთან კატასტროფული მარცხის მერე ბიჭები ისე განაწყვეს ფსიქოლოგიურად რომ უელსი კინაღამ გააკრეს ბეჭებზე. ასევე გაითვალისწინებს ზელანდიისა და უელსის გაკვეთილი და თუ საწყის თამაშებში პირველივე წუთებში ჩვენ ვუშვებდით ლელოს, ირლანდიასთან იგივე მეთოდი გამოვიყენეთ და სწრაფადვე დავალელოვეთ. ამ მწვრთნელებმა სცადეს და ხელდახელ ათამაშეს გუნდი ალაფაზე, ყველა გუნდი საკმაოდ მაგრად დაამარცხეს და მსოფლიოს 12 გუნდში მოახვედრეს ნაკრები (თუ დააკვირდებით ამ მსოფლიოზე ტონგა, სამოა და ფიჯი არ არიან). ერთადერთი სათამაშო კომპონენტი სადაც კატასტროფული სიტუაციაა არის დერეფანი, რომელსაც მჯერა რომ შემდეგ თამაშშივე გამოვასწორებთ და სხვა კომპონენტებში საკმაოდ კარგად ვართ, შერკინებისას კიდე გუნდი უბრალოდ ბრწყინვალეა და სამივე გრანდი დაჩაგრა. ფიზიკურადაც ძალიან კარგად არის გუნდი მზად. მე მჯერა რომ ამ მწვრთნელებს აუცილებლად უნდა ვაცადოთ მუშაობა თუნდაც მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

სხვა მხრივ შედეგი ნორმალურია, გრნადთან დავდეთ ლელო და აუცილებლად უნდა მოვიგოთ 1 თამაში რათა მე-12 ადგილს ავარიდოთ თავი. მჯერა რომ ღირსეულად დავამთავრებთ მსოფლიო ჩემპიონატს.

04:46 | 16.06.2016
გზავნილი (81)

თხოვნა მაქვს სამწვრთნელო შტაბთან: კაცებო, ძმებო ამ ჩემპიონატის დამთავრების მერე მოთხოვეთ ფედერაციას დაგიყენონ გვერდით (თუ წინ) სერიოზულად გამოცდილი მწვრთნელი... არ გამოვა ასე, სანამ თქვენ გამოცდილებას მიიღებთ რამდენი მსოფლიო თასი უნდა გამოვიაროთ?

დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის! ამას ვამბობ ყოველგვარი ცინიზმის გარეშე! თქვენთვისაც ასე ჯობია და გუნდისთვისაც, თქვენც გაიზრდებით და გუნდიც.

დარწმუნებული ვარ ბოლო ორ თამაშში თქვენს მაქსიმუმს გაიღებთ, მაგრამ ეს მაქსიმუმი არაა საკმარისი წარმატებისთვის, თქვენც ბიჭებთან ერთად უნდა გაიზარდოთ!

დარწმუნებული ვარ თქვენც გულშემატკივრების დარად ხედავთ და აცნობიერებთ რომ ბევრად მეტი შეგვეძლო მიგვეღწია ამ ჩემპიონატზე.

უფრო მეტი კრიტიკა ბოლო თამაშის შემდეგ...

04:37 | 16.06.2016
dinamo222 (692)

ჩვენ აქილევსის ქუსლს და გამოუსწორებელ ჭირს დერეფნებს რაც შეეხება ფედერაციას უნდა მოვუწოდოთ სპეციალურად დერეფნის მწვრთნელები მოიწვიონ და ბავშვობიდანვე ამუშაონ და ავარჯიშონ გუნდები დერეფნებში !

04:32 | 16.06.2016
dinamo222 (692)

იმ ბიჭებს რაც შეეხება ვინც მოედანზე დარჩა ნამდვილი გმირები არიან და ქებადიდება მათ ! კაცნაკლულები რომ დავრჩით შემეშინდა როგორც ხშირად მომხდარა ეხლაც მოიშლებოდა გუნდი და მინიმუმ 50-60 ქულით წავაგებდით მაგრამ ბიჭებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს უძლიერსე ირლანდიას კაცურად დაუდგნენ და არ შერცხვნენ ! დიდი მადლობა ამისთვის !!

04:28 | 16.06.2016
dinamo222 (692)

არადა რაკარგად დავიწყეეთ ეგ სპანდერაშვილი საერთოდ უნდა გააგდონ ნაკრებიდან ! @ თუ ძველი ბიჭი ხარ წადი და ბირჟაზე იკაჩავე რა გინდა ნაკრებში @@ საერთოდ ამ ნაკრებში დისციპლინა ნულის ტოლია რასაც ქვია ჯერ კიდევ შარშან ალაფაზე ჩანდა მეტოქეს ვინ ჩივის ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ! @@ ეხლაც მახსოვს მაშინდელმა კაპიტანმა (გვარი არ მახსოვს)ხელი რომ კრა ლობჟანიძეს და გაექაჩა ძველბიჭურად @ წელსაა და ხან კბენა ხან წიხლების ჩარტყმა @

0.0983