ზე-18

11:04 | 3.04.2016 | ნანახია 1213 - ჯერ

„ჩიფსმა“ ტრადიცია დაარღვია [+ვიდეო]

ზელანდიურ „ჩიფსს“ ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში რვა წელია გამარჯვება არ უზეიმია, წელს კი, დამიენ მაკკენზის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ეს ტრადიცია დაარღვია და ადგილობრივი „ბრამბისი“ დაუნდობლად გაანადგურა - 48:23.

მეექვსე ტურის ამ მატჩამდე, გუნდები პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ და სპეციალისტები დიდ ბრძოლას იმედოვნებდნენ, მაგრამ „ბელადებმა“ კითხვის ნიშანი მეორე ტაიმის დასკვნით მეოთხედში მოხსნეს. უფრო მეტიც, სტუმრებმა მეტოქეს ორის წილ ექვსი ლელო დაუდეს და ხელს „დაუგეგმავი“ პრემიალური ქულაც გააყოლეს.

ავსტრალიელები მცირედ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებებსა და რაქებში, სადაც დევიდ პოკოკი და სკოტ ფერდი აქტიურობდნენ. ამას სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევები დაუპირისპირეს, შეჯახებები თავიდან აირიდეს და ტაქტიკური დარტყმები გამოიყენეს. მათმა გათვლამ გაამართლა - „ჩიფსმა“ მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში აჯობა და ბურთის სწრაფმა გაშლამაც შედეგი მოიტანა. მანამდე, მთელი საათი მოედანზე დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული.

„ბრამბისის“ ორ ადრეულ ჯარიმას ტონი პულუმ თერნოვერის შედეგად ლელოთი უპასუხა, 28-ე წუთზე კი, ხელდახელ ბურთაობით ლეიმს ლოუ შევიდა ლელოში და დამიენ მაკკენზის გარდასახვის შემდეგ, „ჩიფსი“ 12:6 დაწინაურდა. სკოტ სიომ პირველი საპასუხო ლელო მოკლე დარტყმების სერიის შემდეგ გაიტანა და კრისტიან ლეალიიფანომ გარდასახვით მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა შესვენებამდე მაკკენზიმ ჯარიმამ და ტომ სანდერსის ლელომ, ზელანდიელებს ტაიმი 20:13 მოაგებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ჯარიმა უკვე მაკკენზიმ გაიტანა, რაზეც ლელოთი სკოტ ფერდიმ უპასუხა. 65-ე წუთისთვის ანგარიში 23:29 იყო, მერე კი, სტუმრებმა ორი ლელო ფეხით თამაშის შემდეგ გაიტანეს - ლოუმ დუბლი შეასრულა, მერე კონტრშეტევა წამოიწყო და ბურთი ვებერმა დაამიწა, ხოლო სულ ბოლოს მეტოქის რბევა მაკკენზიმ დაასრულა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ჯამში თამაშში 23 ქულა მოაგროვა, რითაც ერთ შეხვედრაში მოხვეჭილი ქულების რაოდენობით საკუთარი რეკორდი დაამხო.

მაკკენზი მართლაც საუცხოო ფორმაშია, 2016 წლის სეზონში უკვე მეშვიდე ლელო გაიტანა და მოპოვებული ქულებით 100-იან ზღვარს გადასცდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093632