ტესტ-მატჩები

17:22 | 14.06.2016 | ნანახია 3185 - ჯერ

ტურაშვილის წყვილი ლელო ურუგვაის

„ბუქარესტის ერთა თასის“ მეორე ტურის დასკვნითი მატჩი მასპინძელ რუმინეთსა და ურუგვაის შორის ორი დღე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, თამაში გუშინ საღამოს დაიწყო და ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო ორჯერ შეწყდა - ჯერ 28-ე და საბოლოოდ 35-ე წუთზე. მანამდე მასპინძლებმა ორი ლელო დადეს, აქედან პირველი ქართველმა ოთარ ტურაშვილმა და „სტეჟარი“ 18:0 დაწინაურდა. დღეს, შუადღისას, შეხვედრა 35-ე წუთიდან განახლდა და შესვენებამდე ვლაიკუმ ჯარიმა გაიტანა - 20:0.

მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი გუნდებს გასახურებლად დაჭირდათ და ანგარიში არ შეცვლილა. რადგან რუმინეთს ოთხი ლელოს დადება და ბონუს-ქულის აღება სურდა, დასკვნით მეოთხედში მეტად მოინდომა და 61-ე წუთზე ლაზარმა მიზანს მიაღწია. 69-ე წუთზე მეოთხე, პრემიალური ლელოც დაიდო და ის ტურაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო სულ ბოლოს თავი სტრატილამ გამოიჩინა, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და მატჩი 40:0 დასრულდა.

18 ივნისს რუმინელები არგენტინის მეორე ნაკრებს ხვდებიან, რომელსაც ასევე ორი გამარჯვება აქვს, თანაც ორივე პრემიალური ქულით და თასის მფლობელი ამ შეხვედრაში გაირკვევა. ამავე დღეს ურუგვაი ესპანეთს, ხოლო ნამიბია „მზარდ იტალიას“ ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08131