ტესტ-მატჩები

12:13 | 14.06.2016 | ნანახია 1290 - ჯერ

„ვოლაბების“ პრობლემა - პოქოქი ინგლისთან გამოირიცხა

ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დევიდ პოქოქმა შაბათს ინგლისთან წაგებულ მატჩში (28:39) თვალბუდის არეში ძვალი გაიტეხა და 4-დან 6 კვირამდე იძულებითი შესვენება მოუწევს, შესაბამისად „ვარდებთან“ დარჩენილ ორ ტესტ-მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ისეთი მოთამაშის დაკარგვით, როგორიც პოქოქია. ზუსტად არ არის განსაზღვრული რამდენი ხანი ვერ შეძლებს იგი თამაშს, მაგრამ ეს თვეზე მეტი იქნება“ - განუცხადა ჟურნალისტებს „ვოლაბების“ თავკაცმა მაიკლ ჩეიკამ.

ჩეიკას თქმით, მას ჯერ კიდევ არ გადაუწვეტია თუ ვინ დაიკავებს პოქოქის ადგილს რვა ნომრის პოზიციაზე ინგლისთან დარჩენილ ორ შეხვედრაში. ჩეიკამ მესამე ხაზში კიდევ ერთ ფლანკერი უნდა დაამატოს, ან „სუფთა რვიანით“ თამაში აირჩიოს.

პირველი შემთხვევისთვის ავსტრალიელთა სამწვრთნელო შტაბს ლიამ გილისა და შონ მაკმაჰონის გამოყენება შეუძლია, ხოლო მეორე შემთხვევისთვის უიკლიფ პალუ ჰყავს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08453