ტოპ 14

14:10 | 13.06.2016 | ნანახია 2881 - ჯერ

„მონპელიე“ და „რასინგი“ ნახევარფინალში

შაბათ-კვირას საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის პლეი ოფის შეხვედრები გაიმართა. ნახევარფინალში ქართველების „კლერმონსა“ და „ტულონს“, ასევე ქართველების „მონპელიე“ და „რასინგი“ შეუერთდა და საფრანგეთს წელსაც ეყოლება ქართველი ჩემპიონი.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე მოულოდნელობა არ დაფიქსირდა და ჩემპიონობისთვის ის ოთხეული აგრძელებს ბრძოლას, რომლებმაც რეგულარული გათამაშება პირველ-მეოთხე ადგილებზე დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ორ მოწინავეს - „კლერმონს“ და „ტულონს“ ნახევარფინალის საგზური დაბევებული ჰქონდათ და ამ უქმეებზე ისვენებდნენ.

პარიზში ქართული დერბი არ შედგა - „რასინგის“ შემადგენლობაში ბოლო დროს აღარ ჩანს დავით ხინჩაგიშვილი და ამ ჯერზე არც „ტულუზმა“ ათამაშა ვასილ კაკოვინი. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი სტუმართა უდისციპლინობამ და დენ კარტერის ფეხჩუბინობამ განაპირობა. ზელანდიელმა სადებიუტო 20 წუთში 4 ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც სებასტიენ ბეზიმ მე-10 და 25-ე წუთებზე ორი ჯარიმით უპასუხა, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა - 9:12.

48-ე წუთზე კარტერისგან დარტყმის უფლება გუსენმა გადაიბარა და 3 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, ხოლო 64-ეზე კვლავ კარტერმა დაკრა და ანგარიში 18:9 გახადა. „ტულუზს“ მატჩის გადასარჩენად ლელოს გარდა სხვა გზა აღარ რჩებოდა, მანამდეც მრავალფეროვნად რომ უტევდა 67-ე წუთზე გაელ ფიკუ ფლანგზე პირველ მბოჭავს გაექცა, მეორე ფეხებში წვდა, მაგრამ ბურთი ლელოს ვარდნაში მაინც მიაწვდინა და ბეზიმ გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. დაძაბულობა კარტერმა 75-ე წუთზე, ახლოდან გატანილი ჯარიმით ოდნავ გაანელა, სტუმრებს მეორე ლელოს დასადებად ძალა აღარ ეყოთ და ახლა „რასინგი“ 17 ივნისს რენში, ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილს „კლერმონს“ შეხვდება.

მეორე მატჩში მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიემ“, „კასტრს“ მხოლოდ ტაქტიკური ბრძოლით კი არა თამაშითაც აჯობა, სამი უპასუხო ლელო დაუდო და 28:9 დაამარცხა. ქართველმა ბურჯებმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, ქუბრიაშვილი 38-ე წუთზე ბოჭვისას დაშავდა და შეცვალეს, ხოლო ნარიაშვილი შეუცვლელად გაისარჯა.

მაპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და კატრაკილისმა ანგარიში ჯარიმით გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე ტუმოსი ნაგუსამ რაქიდან აიტაცა ბურთი, თანაგუნდელის დახმარებით მცველების წინააღმდეგობა გადალახა და შეხვედრის პირველი ლელო დადო. კატრაკილისის გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე მან 34-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და „მონპელიე“ 11:0 დაწინაურდა.

„კასტრმა“ პირველი ნახევრის მიწურულს და 49-ე წუთზე ორივე ჯარიმა გაქვითა, თუმცა 52-ე წუთზე მეორე ლელო მიიღო. პირველი მიძალება მცველებმა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ პოლ უილიამსის ახლოდან დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხეს და ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. 65-ე და 74-ე წუთებზე კოკოტმა და კატრაკილისმა ჯარიმები გაცვალეს და სტუმრებმა თამაში ცენტრიდან რომ განაახლეს, მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა - ენტონი ტუიტავაკემ კონტრშეტევაზე ხაზი გაჭრა და ლელოში პიერ სპისი დაგეზა. 28:9 და 18 ივნისს „მონპელიე“ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის „ტულონს“ ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:46 | 13.06.2016
qomagi (248)

კაკოვინზე ჭორის დონეზე თქვეს ჰეიგზე თუ სამწვრთნელო შტაბზე ნაწყენია მსოფლიოზე რომ არ წაიყვანესო და კონფლიქტი მოხდაო. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ თუ ასეა, ძალიან ცუდი.
ოფიციალურად არავინ არაფერს ამბობს.

0.184218