საერთაშორისო

18:07 | 12.06.2016 | ნანახია 1483 - ჯერ

U20: C ჯგუფის მოულოდნელი ლიდერი

არგენტინული რაგბის წინსვლა უკვე ყველა ასაკობრივ დონეზე თვალნათელია. მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთის ძლევის შემდეგ, „პუმიტასმა“ პირველად ისტორიაში სამხრეთ აფრიკელი თანატოლები დაამარცხა - 19:13.

ახლა მათ იაპონიასთან მატჩი ელით და თუ მოიგეს, რისი შანსიც ძალიან დიდია, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ გავლენ თასის ნახევარფინალში.

სამხრეთ აფრიკასთან მატჩში არგენტინელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეტოქის უდისციპლინობა იყო. ისინი ორჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით, დომინგო მიოტიმ კი, 4 ჯარიმა გაიტანა და ჯამში გუნდს 14 ქულით შეეწია. თამაშში მრავლად იყო ორთაბრძოლები და თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მაყურებელს ბევრი ლელოს მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

აფრიკელები ორჯერ დაწინაურდნენ ჯარიმით, მაგრამ წონასწორობა ორივეჯერ აღდგა. ამასთან, 34-ე წუთზე მათი 9 ნომერი სინბინში გაუშვეს და მეტობაში მოთამაშე არგენტინელებმა ამ მონაკვეთში ლელოს გატანაც შეძლეს. ტაიმისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, როდესაც მელანოსმა ოფლოუდი შეირგო და თანაგუნდელს გარჯა დაუფასა - 13:6.

მეორე ტაიმში მიოტიმ ჯარიმა 50 მეტრიდან გაიტანა, ბოშს საპასუხო დარტმა გაუფუჭდა, ხოლო 59-ე წუთზე არგენტინელთა მგეზავი კვლავ ზუსტი იყო. სამხრეთ აფრიკამ 4 წუთში მოლით უპასუხა და ვან დენ ბერგმა ლელო დაამიწა, ხოლო ბოშმა გარდასახვით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. მატჩის გადარჩენა რა თქმა უნდა შეიძლებოდა, თუმცა ვან რიანს ნერვებმა უმტყუნა, სინბინით დაისაჯა და კაცნაკლულად მოთამაშე „ბოკე“ დასკვნით 10 წუთში ვეღარაფერს გახდა.

იაპონიამ კიდევ ერთხელ იბრძოლა, ამჯერად საფრანგეთთან და ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე ორი ლელო გაუშვა და 7:17 ჩამორჩა. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს, ბოლოს კი, ფრანგებმა გაილაღეს და ჯამში 46:14 მოიგეს.

2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი

ინგლისი. მანჩესტერი. C ჯგუფი. II რაუნდი

საფრანგეთი - იაპონია 46:14

სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 13:19

1.

არგენტინა

2

2

0

0

43:28

8

0

2.

სამხრეთ აფრიკა

2

1

0

1

72:38

6

2

3.

საფრანგეთი

2

1

0

1

61:38

5

1

4.

იაპონია

2

0

0

2

33:105

0

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084431