ტესტ-მატჩები

17:17 | 12.06.2016 | ნანახია 3194 - ჯერ

არგენტინამ იტალიას სძლია (+ვიდეო)

არგენტინის ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია წარმატებით დაიწყო. „პიმებმა“ სანტაფეში 30 ათასი მაყურებლის თვალწინ იტალიის ნაკრებს 30:26 სძლიეს.

იტალიელები ახალი მთავარი მწრთნელის, კონორ ოშის ხელმძღვანელობით პირველად თამაშობდნენ და მათ სასახელოთ უნდა ითქვას, რომ მსოფლიო რეიტინგში ცხრა ადგილით წინ მდგომ ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

მეორე ნახევარში მასპინძლებს მარქაფაში უკეთესი მორაგბეები აღმოაჩნდათ, ასევე „პუმების“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა, რომელმაც „აძურას“ ხშირი წესების დარღვევა არ აპატია და საერთო ჯამში ექვსი ჯარიმა გაიატანა.

ანგარიში მე-12 წუთზე სწორედ ნიკოლას სანჩესმა ჯარიმით გახსნა, რასაც სამ წუთში იტალიელთა ათიან კარლო კანას ჯარიმა მოჰყვა. მე-19 წუთზე ნიკოლას სანჩესმა კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ „პუმები“. 24-ე წუთზე მეტოქის ოცდაორში მოგებული აუტის შემდეგ, არგენტინელებმა კარგი მოლი ააგორეს და რამდენიმე მეტრი წინ წაიწიეს, შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს, სადაც ხუან მარტინ ერნანდესმა ლელოში ფეხით დაბალი პასი შეუყოლა მანუელ მონტეროს, ახალგაზრდა გარემარბიც კარგად გაისარჯა და ბურთი დაამიწა, გარდასახვა არაზუსტია - 11:3.

ცოტა ხანში სანჩესმა და კანამ თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს, 33-ე წუთზე კი „აძურის“ ლელოს ჯერიც დადგა - მესამეხაზელმა სიმონე ფავარომ „პუმების“ დაცვის ხაზი გაჭრა და ცენტრიდან თითქმის მეტოქის ოცდაორამდე ირბინა, შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც 14 ნომერ ლეონარდო სარტოს ლელო ვიხილეთ, კანას გარდასახვა ზუსტია -14:13. პირველი ნახევრის დასასრულამდე გუნდების დამრტყმელებმა კიდევ ერთხელ თითო-თითო ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე არგენტინელები ერქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის ანგარიში კარლო კანას ჯარიმით გაიხსნა, თუმცა შემდეგ არგენტინელებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. მე-60 წუთზე სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა მიითვალა, ერთ წუთში კი „პუმებმა“ ლელოც დადეს - გუნდის ლიდერმა ნიკოლას სანჩესმა ცენტრში მეტოქის ხაზი გაჭრა, შემდეგ ბურთი მარცხენა ფლანგზე სწრაფად ჩაათამაშა და შუამარბმა მატიას მორონიმა მეტოქის დალელოვება შეძლო. სანჩესმა ზუსტ გარდასახვას ხუთ წუთში ჯარიმაც მიაყოლა და არგენტინას 11- ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

იტალიელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, 72-ე წუთზე ფავარომ ლელოს დადებაც მოახერხა, თუმცა „აძურამ“ მეტი ვეღარაფერი გააწყო და ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში მარცხი იწვნია.იტალიელები მეორე მატჩს 18 ივნისს სტუმრად აშშ-ს ნაკრებთან გამართავენ, ხოლო არგენტინა 19-ში საფრანგეთს მიიღებს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:01 | 12.06.2016
shotai-olimpi (89)

მოკლედ მოულოდნელობები რაგბიში ჩვეულ ამბად იქცა და ეს ძალიან კარგია, დონეები უნდა გათანაბრდეს და რაგბის არეალიც გაიზრდება რაც მეტ ფინანსებს წარმოშობს ამ სპორტში, ნომერ1 თუ არა ნომერ 2 სპორტი უნდა გახდეს!!

0.081169