საერთაშორისო

13:59 | 12.06.2016 | ნანახია 5277 - ჯერ

აბდალაძესთან ერთად - ირლანდიელთა ისტორიული გამარჯვება

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს, ქართველი ახალგაზრდების მომავალმა მეტოქე ირლანდიამ მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია მოლსა და შერკინებაში დაიბრიყვა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 33:24

ამ შედეგმა წინასწარი გათვლები თავდაყირა დააყენა. ირლანდიამ პირველ-მეორე ადგილზე გასვლის პრეტენზიის მქონე ახალი ზელანდია და უელსი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია, ხოლო ტურნირის ფავორიტებად მიჩნეული მოქმედი ჩემპიონი „ოლ ბლექსი“ და ექვსი ერის გამარჯვებული „დრაკონები“, დასკვნით ტურში ერთმანეთს ხვდებიან და რომელიმე მათგანი ან გახდება საუკეთესო მეორეადგილოსანი, ან ვერა. გარდა ამისა, ახლა მათი მომავალი საქართველოზე ჰკიდია, რომელმაც დაამტკიცა, რომ გრანდების არ ეშინია და ირლანდია ფრთხილად უნდა იყოს, რადგან 15-ში მას „ბორჯღალოსნები“ ელოდებიან.

ირლანდიელთა ისტორიულ გამარჯვებას ქართველის გარეშე არ ჩაუვლია. „სამყურების“ განაცხადში იყო ქართველი ბურჯი ვახო აბდალაძე და ის თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. ტურნირის დაარსების დღიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე, ეს „ჯუნიორ ოლ ბლექსის“ მეშვიდე მარცხი იყო და შესაძლოა ისეც მოხდეს, ზელანდიელებმა პირველად ვერ შეძლონ ჯგუფური ეტაპის გადალახვა და თასის ნახევარფინალში გასვლა.

მართალია ანგარიში ბილ ჯონსტონმა ჯარიმით გახსნა, მაგრამ საწყისმა 25-მა წუთმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. მე-6 წუთზე ჯორდი ბარეტიმ კარის წინ მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელოში შეფრინდა. მის გარდასახვას ჯონსტონმა ჯარიმით უპასუხა, მერე ირლანდიელთა კვაჭი ადამ მაკბერნი ბურთის გადაგდებისთვის სინბინით დაისაჯა და ბარეტის ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა „ოლ ბლექსმა“ მეტობა მაინც გამოიყენა, 24-ე წუთზე სტივენსონმა ფეხით გადაკიდებული ბურთი თავადვე აიღო და ლელო ბარეტიმ გარდასახა - 14:6.

ამის შემდეგ ირლანდიელთა მოლი სრულად ამუშავდა და შესვენებამდე ამ კომპონენტით ორი ლელო დაიდო. 27-ე წუთზე 5-მეტრა დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი გრეგ ჯონსმა დაასრულა, ხოლო 34-ეზე მაკბერნიმ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, 22-ის ხაზთან მოლში ირლანდიელებმა მეტოქეები მრავლად ჩააბეს, დაუცველ მოკლე ფრთაზე კვაჭი გაიქცა და შეტევა იდეალურად დაასრულა. ჯონსტონმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი ევროპელებმა 20:14 მოიგეს.

ჯონსტონი მხრის ტრავმის გამო ტაიმის მიწურულს შესაცვლელი შეიქმნა და თამაშის განახლებიდან 5 წუთში ჯარიმა მისმა შემცვლელმა ჯონი მაკფილიფსმა გაიტანა. მალო ტუიტამამ „ოლ ბლექსის“ მესამე ლელო მარცხენა ფრთაზე დადო, თუმცა სამხრეთელები მეტოქის წნეხის ქვეშ ხშირად სცდებოდნენ, 70-ე წუთზე კელტების შერკინების შემკვრელმა მაქს დიგენმა დაუცველ მარცხენა ფლანგზე ახლოდან შეუტია და მაკფილიფსის გარდასახვის შემდეგ ზელანდიელებს მატჩის მოსაგებად დარჩენილ დროში 2 ლელოს დადება ჭირდებოდათ.

ერთი მალევე გავიდა და ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ტუიტამამ დუბლი გაიფორმა. ყველა ელოდა დაძაბულ 6 წუთს, თუმცა ირლანდიამ შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, შერკინებამ ჯარიმა რომ გამოიმუშავა, მაკფილიფსმა საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე მორიგი 3 ქულა აიღო და ცხადი გახდა, გამარჯვება ირლანდიას დარჩებოდა. ზელანდიას დარჩენილ დროში ქულა რომ აეღო პრემიალური ქულა მაინც შეხვდებოდა, რაც შესაძლოა საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ირლანდიამ 33:24 იმარჯვა.

„ეს რაღაც წარმოუდგენელია, ზედიზედ დაამარცხო უელსი და ახალი ზელანდია. ჩვენს გუნდში დიდი ზეიმია, თუმცა ახლა ეს წარმატებები უნდა დავიწყოთ და კონცენტრირება მოვახერხოთ საქართველოსთან მატჩზე“ - თქვა ირლანდიელთა მესამე ლელოს ავტორმა დიგენმა.

„მეტოქემ ცხოვრება გაგვირთულა, თუმცა ეს თავად ჩვენ გავირთულეთ საქმე. ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ჯარიმის გატანაზე იყო ორიენტირებული და მათ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მივეცით. ირლანდიამ ამ დონეზე პირველად დაამარცხა ახალი ზელანდია და მათ ეს დაიმსახურეს“ - განაცხადა ნამატჩევს „ოლ ბლექსისი“ მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა.

2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი

ინგლისი. მანჩესტერი. II რაუნდი

ახალი ზელანდია - ირლანდია 24:33

უელსი - საქართველო 10:9

1.

ირლანდია

2

2

0

0

59:49

8

0

2.

ახალი ზელანდია

2

1

0

1

79:33

6

2

3.

უელსი

2

1

0

1

35:35

6

2

4.

საქართველო

2

0

0

2

9:65

1

0

15 ივნისი. 20:30 საათი [თბ. დრ.]

ირლანდია - საქართველო

ახალი ზელანდია - უელსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:53 | 12.06.2016
ogafa (407)

წარმატებები ჩვენს ნაკრებს

14:41 | 12.06.2016
ოვალური კორბენი (276)

2008 წლიдან მოყოლებული თუ "ჯუნიორ ოლ ბლექსმა" მეშვიдეд წააგო,მე ვფიქრობ ეს საკმაოд ბევრია ასეთი გუნдისთვის

0.120254