ტესტ-მატჩები

23:45 | 11.06.2016 | ნანახია 1714 - ჯერ

კაცნაკლულმა ირლანდიამ „სპრინგბოქსი“ სტუმრად დაამარცხა

ირლანდიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივი ნაკრები პირველად დაამარცხა, მიუხედავად 22-ე წუთზე წითელი ბარათით გაგდებული მოთამაშისა, „სამყურებმა“ „სპრინგბოქსის“ ძლევა მაინც მოახერხეს - 26:20.

კეიპთაუნში „სტორმერსის“ სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა ძალიან დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ. ცალკე აღსანიშნავია ირლანდიელთა შესანიშნავია დაცვა, რომელიც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლული უმკლავდებოდა აფრიკელთა შეტევებს, ხოლო 10 წუთით მოედანზე სულაც 13 კაცის ამარა იყვნენ.

მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე „სამყურებმა“ ლელოთი გახსნეს - მათ აუტის შემდეგ მოლი ააგორეს, ბურთი შუამარბ ლუკ მარშალს მიუვიდა, რომელმაც ფეხით დაბალი პასი შეუყოლა ფულბეკ ჯარედ პეინს, ამ უკანასკნელმაც იყოჩაღა და ლელოში ბურთის დამიწება შეძლო, პედი ჯექსონის გარდასახვა ზუსტია - 0:7.

მომდევნო თხუთმეტი წუთი ჯარიმების გატანის დრო დადგა, სტუმართა ერთი ჯარიმის წილ, აფრიკელებმა ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და 25-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა 4 ქულა იყო. თუმცა მანამდე, 22-ე წუთზე ირლანდიელებს დიდი დარტყმა მიადგათ, შეხვედრის ფრანგმა არბიტრმა მატიე რეინალმა მესამეხაზელ სიჯეი სტენდერის დარღვევა წითელი ბარათით შეაფასა. აფრიკელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 31-ე წუთზე გარემარბმა ლუაზი მვოვომ ლამაზი ლელო დადო, შეცვლაზე შემოსული მგეზავის ელტონ ჯენტჯიზის გარდასხვა ზუსტია. ამავე ეპიზოდში მსაჯმა ირლანდიას კიდევ ერთი მოთამაშე გაუძევა, რეინალმა ჰენშოუს მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი აკმარა. თუმცა 13-კაცა ირლანდიის ნაკრებმა მაინც შეძლო და შესვენებამდე ანაგრიში გაათანაბრა, პედი ჯექსონმა არეკნი ზუსტად დარტყაა -13:13.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში სტუმრები წინ გავიდნენ - კარგი მოლის შემდეგ უკანახაზელებმა გაითამაშეს ბურთი, ოვალი ჰავბეკ კონორ მარის მიუვიდა და ლელოში დაამიწა, ხოლო ჯექსონმა გარდასახა - 13:20.

ამ მომენტიდან 25 წუთის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. ძირითადად მასპინძლები უტევდნენ, ხოლო კაცნაკლული ირლანდიელები თავის დაცვას ცდილობდნენ და საკმაოდ შედეგიანადაც. 67-ე წუთზე პედი ჯექსონმა შანსი გამოიყენა, ჯარიმა გაიატანა და ირლანდიელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. კარგი დაცვის მიუხედავად, თამაშის განახლებისთანავე „სპრინგბოქსმა“ ლელო დადო - ამჯერად შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა მხტომელმა პიტერ-სტეფ დუ ტოიტმა გამოიჩინა თავი, გარდასახვა ჯენტჯიზმა გაიტანა - 20:23.

მდგომარეობა მაქსიმალურად დაიძაბა, აფრიკელები მთელი ძალებით უტევდნენ, მაგრამ კაცნაკლულმა „სამყურებმა“ ძლიერი დაცვა აჩვენეს და ქულა აღარ გაუშვიას, პირიქით მათ 76-ე წუთზე ჯარიმის გატანაც კი მოახერხეს და ექვსი ქულის სხვაობით იმარჯვეს. სულ ბოლოს, გაწითლებულ დროზე, მასპინძლებს ლელოს დადების შანსი ჰქონდათ, თუმცა მცველებმა უკვე ჩათვლის მოედანში შესული შემტევი აუტში გადაიყვანეს

ამ გუნდების მეორე ტესტ-მატჩი ერთი კვირის შემდეგ, იოჰანესბურგში გაიმართება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089291