ტესტ-მატჩები

17:00 | 11.06.2016 | ნანახია 2745 - ჯერ

ავსტრალიელმა ავსტრალიას მოუგო

ავსტრალიელი ედი ჯონსის ხელი ინგლისის ნაკრებს არა მხოლოდ ევროპის, უკვე მსოფლიოს მასშტაბითაც ეტყობა. „ვარდებმა“ 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალისტს უწინარესად ტაქტიკური ბრძოლა მოუგეს და პირველად ისტორიაში, მეტოქე ბრისბენში დაამარცხეს - 39:28.

ტაქტიკასთან ერთად ევროპელებს მეტოქეზე მეტი მოტივაცია ეტყობოდათ, რაც ყველა შერკინებისა და ძალისმიერი ბრძოლების შემდეგ ვლინდებოდა და რამდენჯერმე ლამის დიდი რაგბისთვის უკვე მიუღებელი, გუნდური მუშტიკრივიც გაჩაღდა. უშუალოდ მოედანზე, „უოლაბებმა“ სტუმრებს სამის წილ 4 ლელო დაუდეს, მაგრამ დისციპლინა არ უვარგოდათ და ოუენ ფარელიმ თითქმის უშეცდომოდ ურტყა, მაშინ, როდესაც ისარელ ფოლაუს მნიშვნელოვანი დარტყმები გაუცუდდა.

ავსტრალია დებიუტში ძალიან კარგი იყო, სისწრაფის ხარჯზე ფლანგებზე ორჯერ შექმნა მეტობა და მაიკლ ჰუპერისა და ფოლაუს ლელოებით დაწინაურდა - 10:0. მაგრამ მასპინძლები შეცდომებს უშვებდნენ და ნელ-ნელა ინგლისელთა უპირატესობამ შერკინებებსა და ხაზის გაჭრებში მუშაობა დაიწყო, ფარელიმ ჯარიმების გატანა დაიწყო. ანგარიში 10:6 იყო, როდესაც ავსტრალიამ მესამე ლელო დადო, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ ხაზის გაჭრამდე მასპინძლებმა თამაშის წესი დაარღვიეს. ამით ისევ ფარელიმ ისარგებლა 31-ე წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო ერთ წუთში ფოლაუ გადაცემისას შეცდა, ჯონათან ჯოზეფმა ბურთს ფეხი წაკრა და ლელოში დაამიწა. ფარელი გარდასახვიდანაც ზუსტი იყო და ტაიმის ბოლოს მეოთხე ჯარიმით შესვენებისთვის 19:13 დააფიქსირა.

მართალია მატჩის განახლებიდან სამიოდე წუთში ინგლისელთა მგეზავის დარტყმა არაზუსტი იყო, მაგრამ ავსტრალიამ ხელდახელ რომ სცადა შეტევა იქვე ჩახურეს და ინგლისმა მეტოქის 22-ის ხაზთან დერეფნის უფლება მიიღო. ჯეიმს ჰასკელი მოლიდან მოწყდა და მარდად შეუტია, ჯორჯ ფორდმა გრძელი გადაცემით მარლენ იარდი მოძებნა, ისიც დაუცველ ლელოში შევიდა და რა თქმა უნდა ფარელიმ გარდასახა. მერე შერკინებაში წესების ხშირი დარღვევისთვის სკოტ სიო სინბინში გაუშვეს, ორიოდე წუთში ავსტრალია მოლშიც დაჯარიმდა და ფარელიმ ანგარიში 29:13 გახადა.

კაცნაკლულად თამაშს ავსტრალიისთვის ხელი არ შეუშლია ფლანგზე გრეგ ჰოლმსისთვის სივრცე გაეთავისუფლებინა და ჰუპერმა დუბლი შეასრულა, თუმცა ფოლის გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო. ავსტრალია ინიციატივას ფლობდა და ფარელის მეექვსე ჯარიმამ ინგლისელებს წნეხი შეუმსუბუქა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით, ტევიტა კურიდრანმა ლელო რომ დადო ფოლიმ ზუსტად გარდასახა და მანვე საფინალო სასტვენამდე სამიოდე წუთით ადრე ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 28:32. დრო ძალიან ცოტა იყო, რის გამოც ავსტრალიელებს ბურთის მოსაპოვებლად რისკზე მოუწიათ წასვლა, რითაც ფარელიმ ისარგებლა და ჯეკ ნოუელს გამარჯვების ლელო დაადებინა, ხოლო თავად გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08265