ტესტ-მატჩები

15:32 | 11.06.2016 | ნანახია 3905 - ჯერ

უელსმა ტაიმი მოიგო, „ოლ ბლექსმა“ - მატჩი

ახალი ზელანდიის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველი ტესტ-მატჩი შინ უელსის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 39:21 მოიგო.

არადა, ევროპელები სათამაშო დროის ერთი საათის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ და როგორც რიგ სათამაშო ეპიზოდებში, ასევე ანგარიშში, მასპინძლებს სჯაბნიდნენ. თუმცა მსოფლიო ჩემპიონებმა ბოლო 20 წუთში ბრჭყალები გამოაჩინეს და მეტოქეს სამი გარდასახული ლელო შეაგებეს.

ოკლანდში გამართული მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა, „ოლ ბლექსს“ მსოლფიო თასის შემდეგ რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა და საინტერესო იყო მათი შემცვლელების საქმეში ხილვა. ანგარიში წელს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა მგეზავმა აარონ კრუდენმა გახსნა, მან მე-5 წუთზე მასპინძლები ჯარიმით დააწინაურა. მე-9 წუთზე უელსმა ლელოს დადება მოახერხა - ფულბეკმა ლიამ უილიამსმა ფინტების მეშვეობით წინ წაიწია, ბურთი ფლანგზე მყოფ ტობი ფალეტაუს გადააწოდა, რომელიც ჩათვლის მოედანში შეცურდა. დენ ბიგარის გარდასხვა არაზუსტია - 3:5.

შემდეგ თავი „ოლ ბლექსის“ უკანახაზელებმაც გამოიჩინეს, მე-15 წუთზე ლელო ჯერ ჯულიან სავეამ დადო, ხოლო სამ წუთში იგივეს გაკეთება ვაისაკი ნაჰოლომ მოახერხა, აარონ კრუდენმა მხოლოდ ერთი ლელო გარდასახა - 15:5.

ახალზელანდიელები დისციპლინით არ გამოირჩეოდნენ და ხშირად ჯარიმდებოდნენ, რაც დენ ბიგარმა კარგად გამოიყენა, მან 21-ე და 26-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაუტანა დამხვდურებს. 31-ე წუთზე ლიამ უილიამსმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამჯერად მან ცენტრიდან მოახერხა დაცვის ხაზის გარღვევა, ჰავბეკ რის ვებს დროულად უპასა და ამ უკანასკნელმაც უელსი წინ გაიყვანა. დენ ბიგარის გარდსახვა ამჯერად ზუსტია და „დრაკონები“ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გადიან - 18:15.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში „ოლ ბლექსის“ თავკაცმა მოედანზე არდი სავეა და ბოდენ ბარეტი შეუშვა, რომლებმაც გუნდს აშკარად დიდი ძალა შემატეს. 48-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, აარონ კრუდენმა ჯარიმა გაიტანა. თუმცა, ხუთიოდე წუთის შემდეგ უელსი კვლავ 3 ქულით გავიდა წინ, დენ ბიგარმა ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა.

უელსის ნაკრებმა „ოლ ბლექსს“ ბოლოს შორეულ 1953 წელს მოუგო, ასე, რომ ისტორიულ გამარჯვებამდე მათ 20 წუთი აშორებდათ, თუმცა აღნიშნული დრო რაგბიში ცოტა არ არის, მითუმეტეს ახალი ზელანდიისთვის, რომელმაც ბოლო მეოთხედში მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

სტუმრების რბევა ვაისაკი ნაჰოლომ დაიწყო, 62-ე წუთზე უელსის კარის წინ დანიშნული ჯარიმა აარონ სმიტმა სწრაფად გაათამაშაა და გვერდით მყოფ ვაისაკი ნაჰოლოს გადააწოდა, რომლის შეჩერებასაც დენ ბიგარი ეცადა, თუმცა ვერაფერი გააწყო. 5 წუთში რიჩი მაკქოუს წასვლის შემდეგ გაკაპიტნებულმა ქირან რიდმა დადო ლელო - ახალზელანდიელებმა უელსის დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს, მეტოქის ოცდაორის ცენტრში ნაჰოლომ რიდს უპასა, რომელმაც ლელომდე დარჩენილი მანძილი შეუჩერებლად გაიარა. ბოლო, მე-5 ლელო „ოლ ბლექსმა“ მატჩის უკანასკნელ წუთზე დადო - დებიუტანტ სეტა ტამანივალუს გარღვევის შემდეგ ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა, სადაც შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ნათან ჰარისმა დაამიწა. სამივე ლელო აარონ კრუდენმა ზუსტად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგიც მანვე დააფიქსირა - 39:21.

უჩა გოგიძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:48 | 11.06.2016
federer (17) (469)

ფორა 2 მეწერა და ლამის მიგეს ჩვენებმა ეგ თამაშიი
მარქაფას გაუჭირდა შერკინებაში თორე უეჭველი მოვუგებდით

22:06 | 11.06.2016
federer (17) (469)

როგორც პირველ ტაიმში ითამაშა ჩვენმა შერკინებამ ისე რომ გვეთამაშა მეორე ტაიმმშიც უეჭველი მოვუგებდით. მეორე ტაიმში ჩვენი შერკინებებიც წავაგეთ ძალიან ცუდ დროს და მეტოქეს მივეცით ჯარიმის გატანის საშუალება, როცა ამის გაკეთება პირიქით შეიძლებოდა

20:34 | 11.06.2016
zulu (12)

რომ არა ამდენი შეცდომა და ცოტა გამართლება სასწაულს მოახდენდნენ მაგრამ მგონია რომ რაც ქნეს ესეც სასწაულის ტოლფასია

20:34 | 11.06.2016
zulu (12)

ყოჩაღ პატარებს რა ითამაშეს არ ველოდი ზელადნდიის მერე ასეთ თამასს

22:03 | 11.06.2016
federer (17) (469)

ასეთ თამაშს არა მაგრამ დიდი ანგარიშით არ წააგებდნენ მეგონა და გუშინ ერთი მეკამათებოდა 43 ქულაზე მეტით თუ წააგეს დასაზრახი არაფერიაოო.
და სწორედ დასაზრახი იქნებოდა დიდი ანგარიშით მარცხი როდესაც მოგების პოტენციალიც გაქვს. ზელანდიასთან მაინც ფსიქოლოგიურად გატეხილები გავიდნენ თორე კიდევ რომ მოგვეცეს ზელანდიასთან თამაშის შანსი არამგონია ასეთი დიდი ანგარიშით წავაგოთ

0.087792