მსოფლიო თასი

12:02 | 11.06.2016 | ნანახია 4239 - ჯერ

ფიჯიმ ტონგას შემოუტრიალა

დღეს დილით წყნარი ოკეანის ერთა თასის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ფიჯიმ ტონგას უმასპინძლა და ბრწყინვალე „ქამბექი“ შემოგვთავაზა, მასპინძლებმა 15- ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მატჩის მოგება მოახერხეს - 23:18.

ფიჯის დედაქალაქ სუვაში გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში მთლიანად ტონგელები დომინირებდნენ. სტუმრებმა ანგარიში მე-20 წუთზე ჰავბეკ ტანე ტაკულუას ჯარიმით გახსნეს, რასაც შვიდ წუთში გარემარბ პილა იონგის ლელოც მოჰყვა - ტონგელმა უკანახაზელებმა მარჯვენა ფრთაზე ჩაათამაშეს ბურთი, სადაც ჰალაიფონუას პასის შემდეგ იონგი აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში და პირველი ლელოც მიითვალა, გარდასახვა არაზუსტია - 0:8. არ გასულ ორი წუთი და ტაკულუამ ამჯერად ლელოც მიითვალა, ყველაფერი მგეზავ ლატიუმე ფოსიტას გარღვევას მოჰყვა, რომლის შემდეგაც ბურთი ტაკულუას მიუვიდა და მანაც ხუთი ქულა მიითვალა, გარდასახვა თავად ტაკულუამ შეასრულა და ტონგელები შესვენებაზე 15- ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ფიჯელთა თავკაც ჯონ მაკკის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი და შესვენებაზე მისმა დამოძღვრამ, როგორც ჩანს, გუნდი გააცოცხლა. 45-ე წუთზე ფიჯელთა მგეზავმა ბენ ვოლავოლამ პატარა შედევრი შემოგვთავაზა და ფინტების წყალობით მეტოქის ჩათვლის მოედანს უწია, გარდასახვა სერემაია ბაიმ შეასრულა -7:15.

50-ე წუთზე ფიჯელებმა მეორე ლელო დადეს - მარცხენა ფლანგზე სწრაფად ჩათამაშებულ ბურთს მასპინძელთა რვიანი ნემია სოქეტა დახვდა, რომელმაც ორი მეტოქე გადათელა და ლელოში დაამიწა - 12:15. ამის შემდეგ სტუმრებმაც გამოიჩნეს თავი, ტაკულუამ ჯარიმის გატანა შეძლო, თუმცა ტონგელებს ამის მეტი აღარაფერი გამოსვლიათ. ფიჯელთა 37 წლის დამრტყმელმა სერემაია ბაიმ ზედიზედ ორი ჯარიმა გაიტანა და 71-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრა - 18:18. მასპინძლების მხარეს ფსიქოლოგიური უპირატესობა იყო, რამაც დიდი როლი ითამაშა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ტონგელებისთვის გადამწყვეტი დარტმის მიყენება შეძლეს - მეორე ლელოს მსგავსად, ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა, სადაც შეცვლაზე შესული მესამეხაზელი ერემასი რედროდრო აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და გამარჯვების ლელო დაიდო, გარდასახვა გაცუდდა, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონია - 23:18.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მსაჯობდა აწ უკვე ლეგენდარული უელსელი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი, რომლისთვისაც ეს 71-ე საერთაშორისო მატჩი გამოდგა. ამით იგი ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელს დაეწია, რომელიც სამხრეთაფრიკელ ჯონათან კაპლანს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, 2016 და 2017 წლების წყნარი ოკეანის თასი, რომელშიც სამოა, ფიჯი და ტონგა მონაწილეობენ, 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი უკეთესი იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო მესამე ამავე საგზურუსთვის ევროპის მეორე გუნდთან პლეი ოფს გამართავს. ტურნირის მეორე რაუნდში ფიჯის ნაკრები სამოას შეხვდება, ტონგელებთან კი საქართველოს ნაკრებს მოუწევს შეხვედრა ამხანაგურ მატჩში.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073208