ტესტ-მატჩები

10:55 | 11.06.2016 | ნანახია 16117 - ჯერ

გამარჯვების ტოლფასი ფრე

ჩახვიდე შორეულ სამოაში არასრული შემადგენლობით და ტოლსწორად ეთამაშო გუნდს, რომლისთვისაც უელსის და იტალიის დამარცხება ჩვეულებრივი მოვლენაა და ავსტრალიის ნაკრებიც კი ჰყავს დამარცხებული, გამარჯვების ტოლფასია.

დიახ, სამოა არ დაგვიხვდა საუკეთესი შემადგენლობით და გვეთამაშა განახლებული გუნდით, მაგრამ „ბორჯღალოსნებმაც“ მოისაკლისეს ლიდერები. ტოპ 14-ის მოწინავე კლუბებში მოთამაშეთა გარდა, მეორე ნაწილი კუნძულზე თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა, არ გაუვლია გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი და ფაქტობრივად, ვერ მოასწრო აკლიმატიზაცია, ეს კი, ამ შედეგს კიდევ უფრო ფასეულს ხდის. 19:19 გამარჯვება არაა, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული პატივისცემა განიმტკიცა და „მსოფლიო რაგბის“ დაანახა, რომ მისთვის ნაადრევი სულაც არაა ძლიერი ტესტ-მატჩების დაგეგმვა და არსებულზე მაღალ დონეზე გაყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დაჯაბნეს შერკინებაში და რაც სასიხარულოა, არაფრით ჩამორჩა ღია თამაშში. მილტონ ჰეიგის შეგირდები ფლობდნენ ინიციატივას, თამაშობდნენ თავდაჯერებულად, კარგად იდგნენ დაცვაში და რიგ ეპიზოდში მასპინძლები სისწრაფესა და ხელდახელ ბურთაობაში დაჩაგრეს, სულ ბოლოს კი, მატჩის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ლაშა მალაღურაძეს ჯარიმა, ხოლო ლაშა ხმალაძეს არეკნი არ წაუვიდა და მასპინძელ სამოას ფრე აკმარა, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შედეგია.

ყველაზე კარგად საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი ჩაატარა, ანუ ის პერიოდი, როდესაც სუნთქვა ნაკლებად ჭირდა. სამოა სისწრაფის ხარჯზე დებიუტშივე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ დაცვა ასწრებდა გადაწყობას და ხაზის დალაგებას, რის შემდეგაც მასპინძლებს სივრცეები აღარ რჩებოდათ. პარალელურად, შეძლებისთანავე ბურთი კარგად იშლებოდა და უკვე საქართველოს ნაკრები ახერხებდა სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას.

კარგად ითამაშა ღერძმა - გიორგი ბეგაძემ და ლაშა ხმალაძემ. ისინი სწორად ირჩევდნენ შეტევის მიმართულებს და ბურთიც სწრაფად იშლებოდა, ხოლო ხმალაძე და მერაბ კვირიკაშვილი ფეხით ტაქტიკურ დარტყმებსაც კარგად ასრულებდნენ. ნორმალური იყო ხაზი ხელით თამაშისას და დაცვაში, მორკინალებმა კი, ღია თამაშშიც ისახელეს თავი, ოღონდ რამდენჯერმე რაქში მეტოქემ იმძლავრა თუმცა, ეს ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ თამაშისას ჩვეულებრივი მოვლენაა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გიორგი თხილაიშვილი, რომელიც თებერვალში ესპანეთთან მატჩში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე პირველად გავიდა. თითქოს სამი თვის წინ არაფერი მომხდარა და მთელი ეს პერიოდი უმაღლეს დონეზე თამაშობდა - აი ასეთი იყო თხილაიშვილი, რომელიც კუნძულელებს ნამდვილ რისხვად ექცა. სამი წლის წინ, სამოასთან თბილისურ მატჩში, მან დაბალი ბოჭვებით კუნძულელებს გასაქანი არ მისცა, შარშან მსოფლიო თასზე შავი დღე აყარა ტონგას და ლელოც დაუდო, ახლა კი, კვლავ სამოასთან, ჩვეულ სტილში ასრულა ბოჭვები და მართალია „ტონგას სტილში“ ლელო არ გამოუვიდა, მაგრამ მერე მეტოქის ჩათვლის მოედანს მოლიდან მიწვდა.

საწყის მეოთხედში კვირიკაშვილმა 45 და 35 მეტრიდან ორი ჯარიმა გაუტანა და საქართველო 6:0 დააწინაურა, მერე კი, მატჩში პირველი სალელოვე მომენტი შეიქმნა და ისიც სტუმრების ანგარიშზეა - 40-მეტრიან წყვეტილ ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ მორკინალებმა ბურთი 22-მეტრიან ხაზამდე მიიტანეს, ხმალაძემ ის ფეხით შეაცურა და მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა მიყვნენ. მცველმა შემტევებს წამის მეასედით დაასწრო, თუმცა წნეხის ქვეშ გამოსავალი ვერ იპოვა და ოვალი საკუთარ ლელოში დაამიწა. მერე კვირიკაშვილმა და სანდრო თოდუამ წამოიწყეს კარგი კონტრშეტევა, მაგრამ გადაცემა ჩაიჭრა.

შერკინებამ კვირიკაშვილს 25-ე წუთისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოუმუშავა, თუმცა ამჯერად დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა, ხოლო 30-ე წუთზე სამოამ პირველად და ერთადერთხელ პირველ ტაიმში, სახიფათოდ შეუტია - ტეოფილო პაულოს მიძალება ხმალაძემ შეაჩერა, ბურთი სწრაფად გავიდა რაქიდან და ჯეფ ლეპა იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ კონტაქტისას ლელოდან 5 მეტრში ბურთი წინ გადაუვარდა. ტაიმის ბოლოს სუნთქვა გაჭირდა, სათამაშო სქემა აირია და 32-ე წუთზე პატრიკ ფააპალემ თამაშგარისთვის დანიშნული ჯარიმა 3 ქულად აქცია. შესვენების წინ კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან, დაახლოებით 45 მეტრიდან მეოთხე ცდიდან მესამე ჯარიმა გაიტანა და თითქოს ტაიმი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე ჯარიმა მასპინძლებმაც გამოიმუშავეს და ჩამორჩენა კვლავ 3 ქულამდე დავიდა - 9:6.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა სამოამ შემოგვიტია და ფააპალემ 40 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. განვაახლეთ ცენტრიდან თამაში და კიდევ ერთი სწრაფი შეტევა მივიღეთ, ზედიზედ ორი ბოჭვა რომ დაგვიანდა შემტევი ლელოდან ხუთიოდე მეტრში შევაჩერეთ, თითქოს დაცვამ დაბრუნება მოასწრო, მაგრამ დავიდ ლემის გაუმართლა, მისი ფეხით შეცურებული ბურთი იმდენად ძლიერი იყო, სავარაუდოდ ლელოს გაცდებოდა, თუმცა ძელმა აისხლიტა და სამოელთა კაპიტანმაც ძელებსშუა დაამიწა, რის შემდეგაც გარდასახვაც ზუსტი იყო - 9:16 45-ე წუთზე.

აქ გაჩნდა საფრთხე, რომ ფსიქოლოგიური მომენტი, კლუმატური პირობები, გულშემატკივარის ფაქტორი და დაღლილობა იჩენდა თავს, მაგრამ საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშის სასახელოდ უნდა ითქვას, ისინი არ გატყდნენ და მეტოქეს სწრაფი პასუხით ფსიქოლოგიური დარტყმა იქით მიაყენეს. კარგი სალელოვე შეტევა მეტოქემ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა, გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩამორჩენის 3 ქულით შემცირების ნაცვლად, 22 მეტრიდან ბურთის აუტში გადატანა ირჩია, დერეფნის მოგების შემდეგ თხილაიშვილმა მოკლე ფრთაზე შეუტია და დამუშავებული კომბინაციით შიგნით ირაკლი მირცხულავა შეიყვანა. მცველებმა მისი შეჩერება შეძლეს, მოკლე დარტყმებს კი ვეღარ გაუძლეს და დაჯარიმდნენ.

მორიგ დერეფანს მოლის დაყენება მოყვა, რომელმაც პირველივე დარტყმით მოარღვია სამოელთა დაცვა და ლელოს სიღრმეში თხილაიშვილმა დაამიწა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. ამას ქართველთა შეცდომა მოყვა და სამოა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით 54-ე წუთზე ისევ დაწინაურდა, თუმცა დასკვნითი მეოთხედი კვლავ ქართველების იყო. შეცვლაზე შესულმა პირველმა ხაზმა მასპინძელთა შემცვლელები პირწმინდად დაჩაგრა და თუ მანამდე სამოა ხანდახან მაინც ახერხებდა ამ კომპონენტის სათავისოდ დასრულებას, ამჯერად „ბორჯღალოსანთა“ უპირატესობა თვალსაჩინო გახდა.

62-ე წუთზე შერკინებას ჯარიმა გასატან პოზიციაზე მოყვა და კვირიკაშვილმა წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წუთში, კვლავ შერკინებით მოპოვებული ჯარიმის შემდეგ, 42 მეტრიდან ჯარიმა კარში აღარ დავარტყით და მერე დერეფანში ბურთი დავკარგეთ. და მაინც სათამაშო უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო და „ბორჯღალოსნების“ დაწინაურების შანსი ლაშა მალაღურაძეს ჰქონდა, თუმცა კარის წინ 48 მეტრიდან ჯარიმა ააცილა. დასკვნითმა წუთებმაც სტუმრების იერიშებში ჩაიარა, მეტოქემ შეძლო ქართველთა საკუთარი 22-იდან განდევნა და ხმალაძემ ბედი არეკნით სცადა, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა და ისტორიულად კუნძულელთა შორის უძლიერესი სამოა, საქართველოს ნაკრებთან მარცხს გადაურჩა.

19:19 - ასეთია ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩის შედეგი და 18-ში ფიჯიზე, სუვაში, საქართველოს ნაკრებს ტონგასთან მატჩი ელის.

სამოა. აპია. ტესტ-მატჩი

სამოა - საქართველო 19:19 (6:9)

სამოა: 15. ალბერტ ნიკორო, 14. ფაატოინა აუტაგავაია (23. მალუ ფალანიკო 76), 13. რეინოლდ ლეე-ლო, 12. ფაიალაგა აფამასაგა, 11. დავიდ ლემი, 10. პატრიკ ფააპალე (22. დ’ანჯელო ლეუილა 80), 9. დუეინ პოლატაივაო (21. დენი ტუსიტალა 80+3); 1. სემ აიონო (17. ნუული ლენე 76), 2. მოტუ მატუუ (16. სეილალა ლემი 57), 3. ჯეიმს ჯონსტონი (18. ჯეკ გრეი 59-70), 4. ფაატიგა ლემალუ, 5. ტეოფილო პაულო (19. ტალაგა ალოფიპო 71), 6. ალაფოტი ფაოსილვა, 7. ტალა ჯეიმს იოანე (20. ონეონე ფააფოუ 66), 8. ჯეფ ლეპა.

1 ლელო: ლემი

1 გარდასახვა: ფააპალე

4 ჯარიმა: ფააპალე

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (22. ლაშა მალაღურაძე 72), 14. გიორგი ფრუიძე (23. თამაზ მჭედლიძე 72), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 59); 1. კარლენ ასიეშვილი (17. ზურაბ ჟვანია 51), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 51), 3. ირაკლი მირცხულავა (18. ანტონ ფეიქრიშვილი 51), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ნოდარ ჭეიშვილი 71), 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (20. საბა შუბითიძე 71), 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

1 ლელო: თხილაიშვილი

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

4 ჯარიმა: კვირიკაშვილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 12.06.2016
buratino (480)

ისე ამ ტესტების წინ მე აღვნიშნე რომ 3-ე თამაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ, რათა წლობით მოპოვებული ავტორიტეტი არ გავფლანგოთ-თქო. კარგია რომ პროგრამა-მინიმუმი უკვე შესრულდა, თუმცა გაცილებით აჯობებს რომ ის შევასრულოთ თუნდაც 1 მოგებით. ნუ მიწყენთ და ეს კი მეეჭვება, ვინაიდან: ა) ფიჯი აშკარად ძლიერია და მოგვიგებს ბოლო მატჩში, თანაც იქ ჩვენთვის ავადსახსენებელი ინგლისელი ჯეი-პი დოილი იმსაჯებს, ხოლო ბ) ტონგა გაშმაგებული გამოვა ჩვენს დასამარცხებლად, რადგან ერთი რომ მსოფლიოზე ვაჯობეთ და მეორე რომ თუ მოგვიგებენ, რეიტინგში გაგვისწრებენ. მოკლედ, ბედნიერი ვიქნები თუ შევცდები

15:12 | 12.06.2016
buratino (480)

ზოგადად, კარგი შედეგია სამოასთან გასვლაზე ფრე. ეს ისეთი შედეგია, წლების წინ რომ ვინატრებდით. ახლაც, იმის გათვალისწინებით რა ძალა გვაკლდა მამუკას და შერკინების ლომების სახით, ამ ფრეს კარგ შედეგს ვუწოდებ მაგრამ აშკარად დამრჩა გულდაწყვეტისა და უკმაყოფილების განცდა. იმიტომ კი არა რომ ჩვენმა სახელოვანმა ლომკაცებმა რამე დააკლეს, არამედ იმიტომ რომ თამაშიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ბოლოს) ეს რკენა აშკარად მოსაგები იყო და იგი გამარჯვებით უნდა დაგვესრულებინა! თუ შევაჯამებთ, ასე ვიტყოდი რომ ჩვენივე მიზეზით ვერ მოვიგეთ რადგან ბევრი ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ი შეცდომა დავუშვით. თუნდაც ტაიმის ბოლოს როცა 6 ქულიანი უპირატესობა დავიბრუნეთ და უცბადვე, ზედ მსაჯის სასტვენის წინ სამოელებს
3 ქულა ვაჩუქეთ. ან კიდევ, ბოლოში დასარტყმელი ჯარიმა ნაღდად უნდა დაგვერტყა. ვერც 'მალაღურამ' და 'ქოქოსამ' ივარგეს სულ ბოლოს რათა აგრერიგად დამსახურებული მოგება გაგვეფორმებინა. ეს ყველაფერი მინუსებია. რაც შეეხება დადებითს, ყველაზე დიდ პლიუსად იმას მივიჩნევ რომ უკვე ჩვენს გუნდს ხასიათის სიმტკიცე გააჩნია, რაც დადასტურდა 2-ე ტაიმის დასაწყისში როცა სამოელთა სპურტის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები არ დაიბნა და მალევე მოახერხა კონცენტრაცია, რაც საპასუხო ლელოს დადებაში გამოიხატა. ამასთან, გუნდმა აჩვენბა რომ წამყვანი მორკინალებისა თუ მეორე-მესამეხაზელების გარეშეც შეუძლია ბრძოლა ძლიერ მეტოქეებთან. მოკლედ, რომ ვთქვა - "მომავალი ჩვენია!"

14:37 | 12.06.2016
გუგა80 (177)

აქ დაიწერა რეიტინგში 0.07 მოგვეტაო.
სამოა ჩვენზე ქვემოთ არის რეიტინგში და როგორ რატომ მოგვემატა?

შედეგს რაც შეეხება კარგია, ჩემი აზრით.

00:07 | 12.06.2016
qomagi (248)

მართალია ფიჯისთან თამაში ყველაზე რთული იქნება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ბოლო თამაშისთვის საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ წესით, ასე იყო ყოველთვის და იმედია ახლაც ასე იქნება.

18:07 | 11.06.2016
rachuka (32)

ბიჭებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია მოგების კარგი შანსი რომ ვერ გამოვიყენეთ. დარწმუნებული ვარ შეცდომებს გაანალიზებენ და ტონგასთან უკეთ ითამაშებენ აკლიმატიზაციაც წესით ყველას ექნება გავლილი და შეჩვეული იქნებიან ჰავას. ესენი ერთმანეთში იბრძვიან მსოფლიოს საგზურისთვის და არა მგონია ჩვენთან მაინდამაინც თავი გაიგიჟონ შეიძლება ძირითადის მორაგბეები არ დატვირთონ მაინცდამაინც როგორც სამოამ გააკეთა. ტონგასთან წაგება რეიტინგში 1 ადგილის ფასად დაგვიჯდება და გადაგვისწრებენ თუ მოგვიგებენ ასე რომ მნიშვნელოვანი მატჩია ამ კუთხითაც. თუ მოვიგებთ 1.20 გვემატება თუ 15+ მოვუგეთ 1.80 არ გვაწყენდა ეს ქულები თუმცა მთავარი მაინც გამოცდილებაა ამ ეტაპზე

16:13 | 11.06.2016
→ LELOS← (98)

ევროპელი მსაჯები რო ყოფილიყვნენ უარესი იქნებოდა ტონგასთანაც ზელანდიელი იქნება მთავარი მსაჯი მაგრამ აი ფიჯისთან ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯპ დოილია და მანდ კარგს არაფერს ველოდები არ ვიცი რა დაუშავეთ მაგ კაცს მაგრამ ძაან ცუდად მსაჯობს ყოველთვის ჩვენ თამაშს.

16:07 | 11.06.2016
qomagi (248)

დილით ემოციების ფონზე დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ჰეიგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, როგორც მწვრთნელმა და დიდი მადლობა მას ქართული რაგბის წინსვლისთვის!!!
რაც შეეხება მსაჯს, რამდენჯერმე თვალი დახუჭა სამოელების დარღვევებზე, არ დააჯარიმა და ასევე მათი პირველხაზელი შერკინების რამდენჯერმე ჩაქცევის შემდეგ არ გაასინბინა, თუმცა 1 ჩვენი მაღალი ბოჭვაც გამორჩა.
ფაქტია, რომ ძალიან გავიზარდეთ ბოლო პერიოდში, სამოაში სამოას+მსაჯი რომ არ წავაგეთ კი არა და კინაღამ მოვუგეთ კიდეც

15:08 | 11.06.2016
Kala94 (151)

მშვენიერი შედეგია გასვლაზე სამოასთან ფრე იმ ვითარებაში, როდესაც წამყვანი მოთამაშეები გვაკლდნენ და თანაც მოგება ჩვენ უფრო შეგვეძლო.. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ როგორ გაიზარდა ქართული რაგბი ბოლო 15 წლის განმავლობაში...

15:09 | 11.06.2016
Kala94 (151)

ბიჭებს მადლობა კიდევ ერთხელ !

13:49 | 11.06.2016
zangura (109)

ძალიან კარგი შედეგია მაგრამ მაინც გული მწყდება, რომ ვერ მოვიგეთ. მოსაგები თამაში იყო და ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით. მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი 2 დერეფანი წავაგეთ რომელსაც 90% ლელო უნდა მოჰყოლოდა. მეც ვეთანხმები ქვემოთ ნათქვამ მოსაზრებას რომ ბოლო წუთებზე დასარტყმელი ჯარიმა უნდა დაგვერტყა. ფრე მაინც ჯიბეში გვედო.
ასევე უნდა ავღნიშნო მსაჯის ძალიან ბევრი და უხეში შეცდომა სამოას სასარგებლოდ. თუნდაც ის რომ შერკინებისას უეჭველი გასაგდები იყო მათი პირველხაზელი მეორე ტაიმში.

მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. გუნდ ეტყობა კლასი სტაბილურობა და მწვრთნელის ხელი. თან შეთხელებული შემადგენლობითაც კი.

დარწმუნებული ვარ დარჩენილი ორი თამაშიდან ერთს მაინც მოვიგებთ.

ისე რეიტინგზე როგორ იმოქმედებს დრევანდელი თამაში ვინმემ თუ იცის?

14:00 | 11.06.2016
→ LELOS← (98)

ეგე და ბოლო შეტევის დროს რაქში რო იყო აწოლილი სამოელი ეგეც სუფთა ჯარიმა იყო.რეიტინგში ბევრი არაფერი 0.07 მოგვემატა მარტო.

13:11 | 11.06.2016
ოვალური კორბენი (276)

თქვენ გენაცვალეთ ბიჩებო ! უკვე შეიძლება თამამაд ითქვას, რომ საдაც შანსი გვაქვს, საдაც წასაგები არ არის, აღარც ვაგებთ. ეს სტაბილურობის ნიშანია. ეს კარგი ხალხი მშვიдაд, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩავარдნების გარეშე მიიწევს მიზნისკენ, რომელსაც რაგბის ელიტა ჰქვია. არც იმაზე პანიკობენ ჩვენგან ,გულშემატკივრებისგან განსხვავებით, რომ რაგბის მამები ფეხს ითრევენ. ალბათ ასეცაა საჩირო.
ეხლა дარჩენილ მატჩებში ერთიც რო მოვიგოთ მშვენიერი შორეული ტურნე გამოგვივა, მართლაც რომ ხარისხიანი. ვფიქრობ ასეც იქნება

12:04 | 11.06.2016
shalvinio (19)

მთავარია შემდეგი თამაშებიც ღირსეულად ვითამაშოთ და მსოფლიო რაგბის მამებს დავუმტკიცოთ, რომ ტურნირების თვალსაზრისით ჩვენი ადგილი იმაზე უფრო მაღლაა, ვიდრე დღეს ვართ.

14:24 | 11.06.2016
მოვიდა ბიძააა (10)

ეგრეც იქნება საბოლოოდ, ცოტა ტემპს გვინელებენ ნაბ..ები მარა არა უშავს, რავარც შავ დედალს ისე მაგათაც არ აცდებათ

11:43 | 11.06.2016
test (124)

მირცხულავა თუ სწორად მახსოვს 30 წლამდეა...

13:55 | 11.06.2016
Sab1os (2)

ირაკლი 27ისაა.. 88 იანია

11:22 | 11.06.2016
აგუერო (65)

მირცხულავაც რამხელა გაბარიტების ყოფილა.რამდენი წლის იქნება?

11:16 | 11.06.2016
qomagi (248)

გილოცავთ სრულიად საქართველოს ჩვენი ლომების ღირსეულ თამაშს!!! როგორც ყოველთვის, ახლაც მთელი სული და გული ჩადეს ამ თამაშში და კიდევ ერთხელ აჩვენეს სარაგბო სამყაროს და რაგბის მამებს, რომ უდიდესი პოტენციალის გუნდი გვყავს. ისე, ჩემი მოკრძალებული აზრით, 19:19 დროს აუტში ბურთის გადატანის ნაცვლად კარში დარტყმა შეიძლებოდა, კარგი დასარტყმელი პოზიცია იყო და იქნებ მოგვეგო კიდეც. მართალია ტესტ-მატჩი იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარში დასარტყმელი უნდა დაირტყას.

მადლობა ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს სრულიად საქართველოს გახარებისთვის!!!

0.094437